შოკში ვართ, მაინც ბოლომდე გვჯეროდა, რომ ლორა სმიტზე ძალადობის ეჭვი არ დადასტურდებოდა
2018-07-22 11:50:29
Загрузка...
  • p.

    ლორა და ქელებ სმიტის ცხედრების ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, როგორც ხადას ხეობაში, ასევე მარნეულში, სადაც სმიტების ოჯახი 7 წელი ცხოვრობდა, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ დანაშაული სექსუალურ ნიადაგზე მალხაზ კობაურმა ჩაიდინა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმიტი გააუპატურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ სმიტი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

     

    ექსპერტები აცხადებენ, რომ მათი მსგავსი სახის სისასტიკე პრაქტიკაში არ ახსოვთ. მათივე განცხადებით, ეს არ არის საბოლოო დასკვნა, უახლოეს მომავალში მზად იქნება კომპლექსური დასკვნის შედეგები და გამოძიება დამატებით დეტალებს შეიტყობს.

    მალხაზ კობაურს, სავარაუდოდ, ამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდება.

    მისმა ადვოკატმა დავით გირგვლიანმა კი ექსპერტიზის პასაუხების გაცნობის შემდეგ, კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა. ამისა შესახებ ადვოკატმა სოციალურ ქსელში დაწერა.

    „საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო შემდეგი განცხადება. ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზ კობაურის ინტერესებს.

    ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის. თუმცა, რაც შეეხება ხადის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს, ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება, მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა, მივიჩნევ, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე. სხვა რაიმე კომენტარს ამ საქმეზე აღარ გავაკეთებ!”, – დაწერა მან.

    „რეზონანსი” მალხაზ კობაურის დედას მარიამ მარტიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენი კითხვის შემდეგ ტელეფონი გათიშა და ექსპერტიზის დასკვნაზე პასუხსი გაცემა არ ისურვა.

    „რეზონანსთან” ხადას ხეობის მცოხვრებლები ამბობენ, რომ მათ ქალზე ძალადობის ეჭვი მისი პოვნის თანავე გაუჩნდათ. ასევე მწყემსების საუბრის შემდეგ, რომ მას სმიტის ფოტოები ტელეფონში ჰქონდა, ეჭვი უფრო გაუღრმავდათ, რომ კობაურმა ოჯახი ლორა სმიტის გამო დახოცა.

    ისინი გაოგნებულები ჯერ კიდევ მაშინ დარჩნენ, როდესაც საკუთარი ყურით უსმენდნენ, როგორ დეტალურად ყვებოდა ის ოჯახის დახოცვის ისტორიას. თუმცა მათი აზრით, მწყემსი კიდევ ბევრ დეტალს მალავს და მათთვის ლორა სმიტის გარდაცვალების ისტორია დამაჯერებელი არ არის.

    „ჩემი აზრით, მან ჯერ ქმარი და ბავშვი მოკლა, შემდეგ ლორა სმიტზე იძალადა და არ გამოვრიცხავ, რომ ის კლდიდან თავად გადააგდო. ჩნდებოდა კითხვები, ამ გამხდარმა და სუსტმა ადამიანმა, როგორ მოახერხა რომ ჯერ ქმარი მოკლა შემდეგ კი ქალის დამორჩილება და გაუპატიურება შეძლო.

    არ გამოვრიცხავთ და ასეთი ვერსიაც გაჩნდა, რომ შესაძლოა ის ლორა სმიტს ბავშვის მოკვლით დაემუქრა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მისი დამორჩილება. რაღაც დეტალებია, რომელსაც ბოლომდე კობაური არ ყვება. გამოდის, რომ ამ ოჯახთან რაღაც პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა. ამიტომ ხეობაში გვგონია, რომ ის კიდევ ბევრს არ ყვება. როგორც ვიცით პოლიციამ სმიტების კუთვნილი ფოტოაპარატი იპოვა, სადაც ალბათ კიდევ ძალიან ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა”,-აცხადებს ერთ-ერთი მწყემსი „მთელ კვირასთან”.

    მარნეულში სმიტების ოჯახის მეგობარი ლეილა სულეიმანოვა „რეზონანსთან” ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხების შემდეგ, გარდაცვლილი ოჯახის მეზობლები შოკში არიან. სულეიმანოვის განცხადებით, რა თქმა უნდა, ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ რაიან სმიტი მალხაზ კობაურთან უბრალო რამის გამო კონფლიქტში არ შევიდოდა. მათ ბოლომდე არასდროს სჯეროდათ, რომ მწყემსს ის მხოლოდ იმის გამო აუშარდა, რომ მან ლორა სმიტს დახმარება გაუწია და კლდიდან დაგორებას გადაარჩინა. მათაც სჯერათ, რომ მწყემსი ბევრ დეტალზე კიდევ არ საუბრობს და ლორა სმიტიც მისი მოკლულია.

    „არ ვიცი რა ვთქვა. საიდან ამდენი სისასტიკე. შოკში ვართ, მაინც ბოლომდე გვჯეროდა, რომ ლორა სმიტზე ძალადობის ეჭვი არ დადასტურდებოდა. უკვე ეჭვიც აღარ გვეპარება, რომ ეს იყო სექსუალური ხასიათის მკვლელობა და მან მთელი ოჯახი ამისა გამო ამოხოცა. ბევრ რაღაცას კიდევ არ ყვება. მის მიერ შემოთავაზებული ვერსია უკვე ეჭვებს აჩენს და მეც მგონია, რომ ის ბევრ რაღაცას კიდევ მალავს. უცნაურია და არ მჯერა, რომ ლორამ ბავშვი მას დაუტოვა და გაიქცა. ეს მომენტი რაღაც სხვანაირად მგონია და ალბათ გამოძიება ამასაც დაადგენს,”- აცხადებს სულეიმანოვი „რეზონანსთან”.

    სმიტების ოჯახი ამერიკაში ნათესავებმა უკვე გადაასვენეს. ისინი საქართველოში არც ჩამოსულან და მათი სამშობლოში გადასვენება ამერიკის საელჩომ ითავა. სმიტების მშობლებს ამ თემაზე მედიასთან კონტაქტი არ სურს და შესაბამისად საელჩოც გამოძიების დასრულებამდე რაიმე შეფასებებისგან თავს იკავებს.

    ამერიკელი ოჯახის მკვლელობის გამოძიებაში ფედერალური ბიურო არის ჩართული, რომელიც ქართველ სამართალდამცველებთან ერთად სმიტების მკვლელობის ყველა ფაქტობრივ გარემოებებს სწავლობს.

    •  


  • loading...