ლონდონის ტრაგედია - 23-ე სართულზე გამოკეტილი წყვილის უკანასკნელი სულისშემძვრელი კონტაქტი მშობლებთან
2017-06-16 13:15:56
loading...
  • სიკვდილის პირისპირ, 23-ე სართულზე გამოკეტილმა წყვილმა, გლორია ტრევისანმა და მარკო გოტარდიმ, ცეცხლში გახვეული შენობიდან, მას შემდეგ რაც უიმედოდ დარჩნენ, ოჯახის უახლოეს წევრებთან დარეკეს.

    მათი ცხოვრების უკანასკნელ მომენტში, მათ მშობლებთან დასამშვიდობებლად დარეკეს, გლორია ტრევისანმა დედას უთხრა: „მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გაგიკეთებია“.

    ახლობლების ინფორმაციით, გლორიას საქმრო ცდილობდა პანიკას არ აჰყოლოდა და შიშები დაემარცხებინა, მან ახლობლებს განუცხადა, რომ კვამლი ზევით ადიოდა და ხედავდა ცეცხლის ალს, რომელიც ზედა სართულებისკენ მიიწევდა.

    მათმა უკანასკნელმა, წარმოუდგენლად ემოციურმა საუბარმა, მშობლები უიმედოდ დატოვა, რომ მათი შვილები მოახერხებდნენ გადარჩენას. ამის შესახებ წყვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს.

    გლორია და გოტარდი არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები იყვნენ, ისინი ლონდონში საცხოვრებლად სამი თვის წინ სამსახურების მოსაძებნად გადავიდნენ, მრავალსართულიანი შენობის მაღალი სართული კი იმიტომ შეარჩიეს, რომ ლონდონის ხედით დამტკბარიყვნენ.

    27 წლის ტრევისანმა მაგისტრის დიპლომი ერთი წლის წინ ვენეციის უნივერსიტეტში აიღო, მას ასევე უყვარდა ულამაზესი ხედების ფირზე აღბეჭდვა და ამ კუთხით აქტიური იყო სოციალურ ქსელში. 6 ივნისს მან Instagram-ზე მისი საცხოვრებელი სახლიდან გადაღებული ულამაზესი პანორამა განათავსა, რომელზეც ცისარტყელა იყო გადაჭიმული, წარწერით: „ეფექტური“. ერთი კვირის შემდეგ კი მათი ტკბობა ახალი საცხოვრებელი სახლით, ჯოჯოხეთად იქცა.

    ასევე 27 წლის გოტარდიმ თავის ოჯახის წევრებს პირველად დილის 3:45 საათზე დაურეკა, მეორედ კი 15 წუთის შემდეგ.

    მისი მამა, ჯიანინო იტალიურ გამომცემლობასთან საუბრისას აცხადებს: „პირველად როცა დაგვირეკა, მარკომ გვთხოვა, რომ არ ვინერვიულოთ, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო და არაფერი ასაღელვებელი არ გვქონდა, იგი ცდილობდა იმის მინიმალიზებას რაც ხდებოდა, იმისათვის, რომ ჩვენ არ ავეღელვებინეთ. მაგრამ როდესაც მეორედ დარეკა - და ამის თავიდან ამოგდებას ვერ ვახერხებ - მან თქვა, რომ კვამლი იდგა და ეს კვამლი იზრდებოდა“

    მგლოვიარე მამამ დასძინა: „ჩვენ ტელეფონით კონტაქტი გვქონდა უკანასკნელ მომენტამდე... დილის 04:07 საათზე მან გვითხრა, რომ მათი ბინა კვამლით ივსებოდა და რომ სიტუაცია საგანგაშო იყო. კომუნიკაცია მწყობრიდან გამოვიდა და მას შემდეგ აღარავითარი კონტაქტი აღარ გვქონია. ტელეფონს აღარ პასუხობდნენ“

    გლორია ტრევისანმა მშობლებს დილის 03:00 საათზე დაურეკა, განუცხადა, რომ ცეცხლი ძლიერდებოდა და ისინი დახმარებას ელოდნენ.

    მისი მამა ლორისი აცხადებს: „მათ დაბლა ჩასვლა სურდათ, მაგრამ ამბობდნენ, რომ ცეცხლის ალი კიბეებს ჰქონდა მოდებული და ზევით ადიოდა და კვამლი უფროდაუფრო ინტენსიური ხდებოდა“.

    მისტერ ტრევისანის განცხადებით, მოგვიანებით კონტაქტი გაწყდა, მან ასჯერ მაინც სცადა დარეკვა, მაგრამ უშედეგოდა.

    ოჯახების ადვოკატი მარია კრისტინა სანდრინი აცხადებს: „გავიგე გლორიას საუბარი, რომელიც დედას ელაპარაკებოდა და იმედი გადამეწურა. მან დედას უთხრა: „ნახვამდის, მადლობა დედა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გაგიკეთებია“.

    ადვოკატის განცხადებით, ოჯახს სურს მათი შვილების ცხედრების იტალიაში გადასვენება: „ჩვენ არ ვიცით რა მდგომარეობაში ვიპოვით მათ სხეულებს, საერთოდ თუ ვიპოვით“.

    14 ივნისს, გამთენიისას ლონდონში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, შენობა მთლიანად დაიწვა. ოფიციალური წყაროების ცნობით, ამ დროისათვის დასტურდება 17 ადამიანის გარდაცვალება, 100 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, ათობით ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა კატეგორიის დამწვრობებითა და დაზიანებებით არიან გადაყვანილნი. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

    newposts.ge



  • loading...





    BUM.GE