დარბევენ თუ არა შვილმკვდარი მამების აქციას? კალაძის მუქარა მათ პასუხი კანონის ფარგლებში გაეცემათ
2018-11-09 19:33:21
  • თბილისის მერიამ კანონის თანახმად განუმარტა ზაზა სარალიძეს, რომ აქციისთვის პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიის გამოყენება, შეუძლებელი იქნება, რადგან საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს, მათ შეუძლიათ ქალაქში სხვა ადგილი შეარჩიონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმად, ისინი მერიის თხოვნის შესრულებასა და პარლამენტის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

     

    „პარლამენტის წინ არის ცენტრალური ადგილი, სადაც იდგმება საახალწლო მთავარი ნაძვის ხე. ეს მე არ მომიფიქრებია, ტრადიციაა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას და ჰქონდათ სურვილი, დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია დავარქვათ ამას, თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენც კანონის თანახმად განვუმარტეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია ემზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის. მათ აქვთ შესაძლებლობა, ნახონ ქალაქში სხვა ადგილი, სადაც არა იქნება საახალწლო ღონისძიებები, რათა ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. ამის უფლება მიეცემათ, არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

     

    კითხვაზე, რა ზომებს მიიღებს მერია, თუ სარალიძე და მაჩალიკაშვილის აქციის ადგილს არ შეცვლიან, კალაძე აცხადებს, რომ პასუხი კანონის ფარგლებში გაეცემათ.

     

    „კანონი არის ძალიან მარტივი გამოსავალი ამისთვის. ტერიტორია თვითონაც შეუძლიათ აირჩიონ, შეზღუდული არავინ არის. დედაქალაქის მერია კანონის ფარგლებში გასცემს პასუხს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

     



  • loading...