საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კოსტიტუცია დაარღვია- დადგება თუ არა იმპიჩმენტი საკითხი?
2018-10-17 19:21:25
  • "მარგველაშვილმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, თუ უნდა მისი ავტორიტეტი როგორც პრეზიდენტის, როგორც პიროვნების არ იყოს შელახული და უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით.

    ხოლო ვინაიდან საგანგებოდ სიტუაციაა შექმნილი, მარგველაშვილს ვადის ამოწურვამდე 2 თვე აქვს დარჩენილი, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იქნება სასწრაფოდ განიხილოს ეს საქმე,"- აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.

    „რეზონანსი": მამუკა ბახტაძემ უარი განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოწოდება შეასრულოს და მთავრობის სხდომაზე მარგველაშვილი დაასწროს და „ოცნების" წევრებიც აცხადებენ, რომ მთავრობას უარის თქმის უფლება აქვს. კონსტიტუციურად შესაძლებელია პრეზიდენტის მოთხოვნაზე მთავრობამ იგნორირება გააკეთოს?

    ავთანდილ დემეტრაშვილი: კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებაა მოითხოვოს მთავრობის სხდომის ჩატარება კონკრეტულ საკითხზე, მიიღოს მონაწილეობა მასში და მასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს უშიშროების საბჭოს მდივანმა და წევრებმა.

    სამწუხაროდ, კონსტიტუციაში დადგენილი არ არის ვადა, ეს უნდა დაკონკრეტებულიყო „მთავრობის შესახებ" კანონში, მაგრამ არ დაფიქსირდა. მთავრობის მეთაური ვალდებულია მოიწვიოს მთავრობის სხდომა და შესაბამისად პრეზიდენტთან ერთად იმსჯელოს იმ საკითხზე, რასაც პრეზიდენტი დააყენებს.

    „რ": თუკი პრემიერი უარს ამბობს, პრეზიდენტის მოთხოვნით მთავრობის სხდომა მოიწვიოს, რა ხდება?

    ა.დ: რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტმა უკვე მეორედ მოითხოვა მთავრობის სხდომის მოწვევა და მთავრობა მოწვეული არ იქნა. ეს კონსტიტუციის დარღვევაა. პრეზიდენტს შეუძლია ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს, ვინაიდან დარღვეულია კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია დავა სახელმწიფო ორგანოების შესახებ.

    ცოტა მოქნილი რომ ყოფილიყო მთავრობა, იტყოდა, კი ბატონო, მოვიწვევთ, მაგრამ მოიწვევდა მას შემდეგ, რაც შეიცვლებოდა მარგველაშვილი.

    „რ": ანუ, მთავრობას გამჭრიახობა არ ეყო, რომ უარი კი არ განეცხადებინათ, არამედ თანხმობა ეთქვათ პრეზიდენტისთვის, მაგრამ დროში გაეწელათ სხდომის მოწვევა?

    ა.დ: დროში გაწელვა შესაძლებელი იყო, ვინაიდან კანონმდებლობაში ხარვეზია და დაკონკრეტებული არ არის რა ვადებში უნდა განხორციელდეს პრეზიდენტის ეს უფლებამოსილება. ისე როგორც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენისათვის ვადა არ არის დადგენილი და დღესაც არ არის დასახელებული ნინო გვენეტაძის შემცვლელი.

    „რ": პრეზიდენტის მოთხოვნაზე უარის თქმა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საფუძველიც შეიძლება გახდესო, განაცხადეს იურისტებმა. ეს შესაძლებელია?

    ა.დ: რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საფუძველი დადგეს.

    „რ": თუმცა, რადგანაც დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა „ოცნების" ხელშია და ოპოზიცია ძალიან მცირე რაოდენობითაა პარლამენტში, პრემიერს იმპიჩმენტის დაყენება არ მოხდება და ალბათ, ამის გამოცაა „ოცნება" ასე თამამად.

    ა.დ: იმპიჩმენტის ინიციატორი აუცილებლად პარლამენტი უნდა იყოს. პარლამენტარების 1/3-ს აქვს უფლება საკითხი დააყენოს და ოპოზიცია საკმარის ხმებს ვერ მოაგროვებს.

    „რ": მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ განიხილავენ პრეზიდენტის მოთხოვნას, ოღონდ დოკუმენტზე მარგველაშვილის ხელმოწერა უნდა იყოს და არა საპარლამენტო მდივნის. აუცილებელია პრეზიდენტის ხელმოწერა იყოს?

    ა.დ: მე ვფიქრობ, რომ კი. ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა და შესაბამისი აქტი პრეზიდენტის მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი. ეს პროცედურული დარღვევაა. რა პრობლემაა, პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

    „რ": ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, რომელიც იურისტია, ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს კი აქვს მთავრობის სხდომის მოწვევა მოითხოვოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად უნდა შესრულდეს, შესრულება უკვე პრემიერის კეთილი ნებაა. რა ნიშნავს ეს?

    ა.დ: როგორ, პრეზიდენტის ეს უფლებამოსილება ჰაერშია გამოკიდებული?! თუ პრეზიდენტს გააჩნია უფლებამოსილება, შესაბამის მხარეს კორესპონდირებული აქვს მოვალეობა. სოფოს დაველაპარაკები მე, როცა შევხვდები. ეს უბრალოდ პოლიტიკური სიბეცეა.

    ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილების იგნორირება. აბა, სხვა პრეზიდენტი ყოფილიყო, არ განიხილავდნენ? რა თქმა უნდა, განიხილავდნენ. მეორე, მარგველაშვილმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, თუ უნდა მისი ავტორიტეტი როგორც პრეზიდენტის, როგორც პიროვნების არ იყოს შელახული.

    2-ჯერ მიმართა მთავრობას და ორივეჯერ ერთ ყურში შეუშვა და მეორე ყურში გამოუშვა მთავრობამ. ასეთი ურთიერთობა შეუძლებელია. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, ამიტომ უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლო დაავალდებულებს მთავრობას, რომ მოწვეული იყოს სხდომა. აქ ვადებზეა საუბარი, მაგრამ ვინაიდან საგანგებოდ სიტუაციაა შექმნილი, მარგველაშვილს ვადის ამოწურვამდე 2 თვე აქვს დარჩენილი, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იქნება სასწრაფოდ განიხილოს ეს საქმე.

    resonancedaily.com/



  • loading...