ზოგიერთი გვაშინებდა, ამ ასაკში ძნელია ბავშვის გაზრდაო... 61 წლამდე უაზროდ მიცხოვრია
2018-10-10 10:09:56
  • "გამრავლება გქონოდეთ, ქართველებო! ამბობენ, გაერომ მომაკვდავ ერთა სიაში შეგვიყვანაო და მომავალში ისე გვქონოდეს საქმე, რომ მხოლოდ მარადიული სიცოცხლის მქონე ერთა სიაში დავიმკვიდროთ ადგილი! "

    "ქალბატონი ნათელა მსოფლიოში მეექვსე, ხოლო საქართველოში პირველია, ვინც ამ ასაკში პირველი გენეტიკური შვილი გააჩინა"


    ეს მართლაც 2017 წლის საუ­კე­თესო ამბავი იყო - გიორგი­­ ლაზიშვილის დაბადებამ მთელი საქართველო გაახარა. 33-წლიანი უშვილობის შემდეგ ოჯახს ნანატრი ბიჭი მოევლინა. გიორგი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ის 59 წლის ნათელა ლაზიშვილმა საკეისრო

     

     

    კვეთით­ სრულიად ჯანმრთელი გააჩინა. რაღა თქმა უნდა, 61 წლის მამა, გურამ ლაზიშვილი, სიხარულით ცას ეწია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალბატონი ნათელა მსოფლიოში მეექვსე, ხოლო საქართველოში პირველ ადგილზე ყოფილა, ვინც ამ ასაკში პირველი გენეტიკური შვილი გააჩინა. ეს გასაოცარი ოჯახი ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში ცხოვრობს. "კვირის პალიტრა" დაინტერესდა, თუ როგორ იზრდება პატარა გიორგი და მცირე დროით ამ ოჯახის ბედნიერების თანამოზიარე გავხდით. 

    fb


    გურამ ლაზიშვილი: - გიორგი გაიზ­არდა, ცოლს ითხოვს მალე... საპატარძლო შერჩეული გვყავს (იცინის). ისე კი, მალე 11 თვის გახდება ჩვენი თეთრი ქულასავით­ ბიჭი, ისეთია, როგორც დათვის ბელი! ახლახან დიდი მანქანა ვუყიდე, ხშირად ვანებივრებთ სათამაშოებით. გიორგის 500-მდე ფოტო მაინც მექნება ტელეფონში. ვინც ჩვენთან მოდის, ყველა ფოტოს და ვიდეოს უღებს, - ამ ბიჭს რომ ვხედავთ, კარგ ხასიათზე ვდგებითო. უკვე "დედას" ამბობს, მამას ჯერ ვერა. "ბას" იტყვის, თმაში მწვდება და მეფერება. მისი დაბადება ღვთის წყალობაა! ამ ბავშვმა­ მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, ჩემს სიცოცხლეს უდიდესი აზრი და სიხალისე შემატა. უყვარს მუსიკა და ცეკვა. ფანდურს რომ დავუკრავ, უნდა ნახოთ, რას შვრება - ხმას ააყოლებს და ცეკვავს...

    - არ გაქვთ განცდა, რომ ახალგაზრდობა დაგიბრუნდათ?
    გურამ ლაზიშვილი: - როგორ არა. ზოგიერთი გვაშინებდა, ამ ასაკში ძნელია ბავშვის გაზრდაო. ახლა ჩემი მეუღლე 60 წლის არის, მე კი 62-ის, მაგრამ ძალიან მხნედ­ და ახალგაზრდულად ვგრძნობთ თავს. ნათელა ამბობს, რა უცნაურია, დაღლას­ ვერ ვგრძნობ, თავი 25 წლის გოგო მგონიაო. ბავშვს ისე კარგად უვლის, ბევრ დედას გაუჭირდება. 

    ნათელა ლაზიშვილი: - გიორგიმ პირველად "დედა" რომ დამიძახა, უბედნ­იერესი ქალი ვიყავი. დიდად არ მეხერხება საუბარი, ჩემს მეუღლეს აქვს მოქარგული ენა და ის უფრო მოგიყვებათ, რამხელა ბედნიერება სუფევს ჩვენს ოჯახში.

    გურამ ლაზიშვილი: - ნატურალური­ პროდუქტები გვაქვს წყავროკაში, სუფთა ჰაერი... ძალიან მაღალ ადგილზე ვცხოვრობთ­, დილით მზე რომ ამოდის, გვიან საღამომდე გვიყურებს. გიორგის ეტლში ჩავსვამ ხოლმე და ჰაერზე გამყავს, ერთად ვსეირნობთ და ვთამაშობთ, მოვიყვან სახლში და მშვიდად იძინებს. ზამთარში ბაკურიანშიც უნდა ვატარო. ალბათ, მნიშვნელოვანი ისიც არის, რომ მეც და ნათელაც გენეტიკურად ჯანმრთელები ვართ, ჩვენი წინაპრებიც დიდხანს ცოცხლობდნენ. ამიტომ სულ ვამბობ, კიდევ მინიმუმ 20 წელს როგორ არ მაჩუქებს ღმერთი, რომ გიორგი გავზარდო, გზაზე დავაყენო, განათლება მივცე, დავაქორწინო-მეთქი... მერე მეც წავალ იმ ქვეყნად, აბა, ცას ხომ არ გამოვეკერები?! სამაგიეროდ, ჩემი გიორგი იცოცხლებს... რადგან ამ ასაკში შვილი მოგვეცა, ე.ი. ყველაფერს შევძლებთ. ყველაფერს დავუტოვებ გიორგის, საზრუნავ-საკეთებელი ბევრი არაფერი ექნება. მანდარინის კარგ მოსავალს ვიღებთ, დავაგროვებ ფულს და ზღვის სანაპიროსთან კარგ ბინასაც ვუყიდი. ვიშრომებთ და უფლის წყალობით ყველაფერი მოგვეცემა. 

    მე და ნათელას დიდი სანათესავო გვყავს, ჩვენი დედმამიშვილები და მათი შვილები რომ მოდიან, ნათელას ხელებს უკოცნიან, ეს რა ქენი, ამ სიბერეში როგორი დიდი სიხარული მოგვივლინეო. გიორგი სულსა და გულს ურჩევნიათ.

    fb


    - თქვენი და ქალბატონი ნათელას სიყვარული როგორ დაიწყო და როგორ გამოიარეთ 33-წლიანი უშვილობის პერიოდი?
    - 27 წლის ვიყავი, როცა ნათელა გავიცანი. ის 25-ისა იყო. ძალიან ლამაზი გოგო იყო და ვფიქრობ, დღესაც ინარჩუნებეს სილამაზეს. ბავშვის გაჩენა კიდევ უფრო მოუხდა (იცინის). მაშინ ნათელა რაიონში ცნობილი დიზაინერი იყო, საოცარ ტანისამოსს კერავდა და ხალხი მასთან მოსახვედრად რიგში იდგა... ჰოდა, მეც იმ მიზეზით, რომ პერანგი მქონდა შესაკერი, რიგში ჩავდექი. რომ მივედი, ამხედა-დამხედა, გადამიზომა მხრების სიმაღლე, წელის სიგრძე, ყველაფერი. ერთი საათი მატრიალა აქეთ-იქით. ჰოდა, ასე დაიწყო მაი ჩვენი ამბავი... 

    - უფრო თქვენი პარამეტრები მოეწონა თუ მოქარგული ენა?
    - ყველაფერი ერთად... ტანადიც ვიყავი, მოხდენილიც და მოქარგული ენაც მქონდა. სიმღერაც ვიცოდი და ცეკვაც, სახლ-კარიც გამაჩნდა და გაბზიალებული მანქანაც მყავდა. ჰოდა, რა მჭირდა დასაწუნი?! ერთი წლის განმავლობაში მიმყავდა სამსახურში ნათელა და ისევ უკან მომყავდა, ცოლქმრობაზე ერთმანეთისთვის სიტყვა გვქონდა მიცემული, თუმცა ერთი წლის შემდეგ დავქორწინდით. ახლა რაც შეეხება, 33-წლიანი უშვილობის პერიოდს - გულწრფელად გეუბნებით, არც ერთი უიმედო დღე არ მქონია ამ ხნის მანძილზე, სულ ვფიქრობდი, რომ შვილი გაგვიჩნდებოდა. სხვათა შორის, რუსული გადაცემა რომ არის, "პუსტ გავარიატ", მისმა წამყვანმა ანდრეი მალახოვმა მიგვიწვია რუსეთში სწორედ იმის გამო, რომ შვილი ამ ასაკში შეგვეძინა და ეს უნიკალური შემთხვევაა მსოფლიოში. საჩუქრად გადმოგვცა 1000 დოლარი და გვითხრა, ამით გიორგის ყველაფერი უყიდეთ, რაც სჭირდებაო. მალახოვმა მკითხა, როგორც მამაკაცი მამაკაცს ისე გეკითხებით, 33 წლის მანძილზე რომ შვილი არ გყავდათ, არც ერთხელ არ გაგივლიათ გულში, ამ ქალს გავშორდები და სხვას შევირთავო. მაპატიეთ, მაგრამ ვერ გავიგე შეკითხვა-მეთქი, ვუპასუხე. სინამდვილეში კარგად გავიგე, მაგრამ არ გავეცი პასუხი. მას მერე კიდევ უფრო გავიწაფე ჟურნალისტებთან საუბარში და ახლა თქვენ გეტყვით გულახდილად: ჩვენ ისეთი დიდი სიყვარული გვქონდა, ღმერთი მაძლევდა იმედს, რომ შვილი აუცილებლად გვეყოლებოდა. ალბათ, ღმერთმა ამ დიდი ერთგულების და სიყვარულის ჯილდოდ მოგვივლინა ჩვენი გიორგი. 

    - ქართველ ხალხს რას უსურვებთ, თქვენისთანა ბედნიერი კაცისგან დალოცვა ძალიან კარგი რამ უნდა იყოს.
    - კი, ყველაზე ბედნიერი ოჯახისგან იქნება ეს დალოცვა: დაე, საქართველოში უშვილო ოჯახი არ დარჩენილიყოს! შემართებით, იმედიანად და უშიშრად გეცხოვროთ! დიდხანს სიცოცხლე, გახარება და გამრავლება გქონოდეთ, ქართველებო! ამბობენ, გაერომ მომაკვდავ ერთა სიაში შეგვიყვანაო და მომავალში ისე გვქონოდეს საქმე, რომ მხოლოდ მარადიული სიცოცხლის მქონე ერთა სიაში დავიმკვიდროთ ადგილი! 

    kvirispalitra.ge



  • loading...