დიდი პრობლემა დგება - საქართველო გადაიქცეს ნარკობარონების ქვეყნად
2018-09-14 07:24:51
  • p.

    თუ ხელისუფლება საქართველოში მარიხუანას კულტივირებას დაუშვებს, ეკლესია მას დაუპირისპირდება. ეს მუქარის შემცველი განცხადება პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა გუშინ საპატრიარქოს ინიციატივით მოწყობილ კონფერენციაზე გააკეთა.

    კონფერენციის მთავარი თემა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის გამო ეკლესიის უკმაყოფილება უნდა ყოფილიყო, თუმცა ძირითადი განხილვისა და პროტესტის საგანი სასულიერო პირებისათვის მთავრობის ახალი კანონპროექტი გახდა, რომლის მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარებისათვის ახალი მკაცრი რეგულაციების შემოღება უნდა მოხდეს, თუმცა, ამავე დროს, ნებადართული იქნება საქართველოში მარიხუანას წარმოება ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

    სწორედ მოყვანა-ექსპორტის თემა გახდა ეკლესიის მხრიდან ახალი დიდი აღშფოთებისა და მუქარანარევი განცხადებების მიზეზი. შს სამინისტრომ ეს ახალი კანონპროექტი მთავრობას გუშინ წარუდგინა და სულ მალე პარლამენტში განსახილველადაც შევა.

    სასულიერო პირები კი აღშფოთებას არ მალავენ და თუკი ამ შეკრებამდე თვლიდნენ, რომ მარიხუანას მოწევის ლეგალიზაცია იყო მთავარი გამოწვევა, ახლა სასულიერო პირებისთვის კიდევ ერთი ახალი და დიდი გამოწვევა გაჩნდა და ახლა მთავრობას მარიხუანას კულტივირება-ექსპორტზე გატანის სურვილის გამო უპირისპირდებიან და ჰპირდებიან, რომ "ეკლესია მათ ძალას აჩვენებს".

    აყველაზე ხისტი და ხმაურიანი განცხადებით კონფერენციაზე სწორედ პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი გამოირჩეოდა. მეუფე იაკობის განცხადებით, ეკლესია გარკვეული პროცესების დროს დუმდა, მაგრამ არ დასუსტებულა და ერის ღალატს არავის აპატიებს.

    "ეკლესია დიდი ხანი დუმდა. ალბათ, ბევრმა იფიქრა, რაღაც პროცესები რომ მიმდინარეობდა, დავსუსტდით. თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი ძალა, არავის არ ვემუქრები, ნახავენ აუცილებლად. ბოდიშს ვიხდი ასეთი საუბრისთვის, მაგრამ ჩემი ერის ღალატს არავის არ ვაპატიებ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ეგ ყველამ იცოდეს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

    მისივე თქმით, გარკვეულმა პირებმა უკვე ფულის დათვლა დაიწყეს - "ეს საქართველოს იმავეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა. ფულის დათვლა რომ იციან, ეროვნულ უსაფრთხოებაზე იფიქრონ, როგორც ხალხზე, ასევე ტერიტორიებზე! საზღვრები ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცავთ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? ახლოში მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს?"

    მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ჯერ ინიციატივა გაჟღერდა, ალბათ, მოთელვასავით არის, მაგრამ "არის რაღაცა, რასაც არ დათმობენ" და კონკრეტული ნაბიჯებიც იქნება.

     კონფერენციის შემდეგ მეუფე იაკობმა საკუთარი განცხადება განმარტა, თქვა, რომ ეს მუქარა არ ყოფილა, თუმცა ისევ იმავე აზრზეა, რომ კულტივაცია დაუშვებელია და ამას კატეგორიულად შეეწინააღმდეგება.

    "როდესაც ქვეყნის 20% წართმეული აქვს უცხო ქვეყანას და იქ დიდი ბაზები აქვს, იტყვის, რომ შენი ქვეყნიდან შეედინება იქ ნარკოტიკი და შემოიჭრება, გარეთ შეშფოთდებიან და წაგებული ხალხი დავრჩებით.

    "მუქარა არ იყო, მე ის ვთქვი, რასაც გავაკეთებთ. დემოკრატია უმრავლესობის მმართველობას ნიშნავს და მთავრობა ხალხის გარეშე მსგავს საკითხებს არ უნდა წყვეტდეს, უფლება არ აქვს", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

    საპატრიარქოს უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას შს სამინისტროს წარმომადგენლები და "ქართული ოცნების" დეპუტატების მცირე ჯგუფიც ესწრებოდნენ.

    მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით გამოსვლისას შს სამინისტროს წარმომადგენელი მღვდელმთავრებს არწმუნებდა, რომ მარიხუანას კულტივაცია და ექსპორტზე გატანა საფრთხის შემცველი არ არის და ამ ყველაფრის მკაცრი რეგულირება მოხდება, სასულიერო პირები მხოლოდ იმ აზრზზე იყვნენ, რომ კანაფის მოყვანა-ექსპორტი მიუღებელია.

    საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო აცხადებს, რომ მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა დიდ რისკებს შეიცავს, ეს ბიუჯეტზე ფიქრია და არა - ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

    "სახელმწიფო არ არის მზად, აღკვეთოს შემდგომში არალეგალური კულტივაციაც, რაც, სამწუხაროდ, მოხდა ბევრ ქვეყანაში, სადაც იყო სამედიცინო კუთხით კულტივაცია. ეს არის ეკლესიის პოზიცია და შემდგომ ჩვენი პოზიცია დაწვრილებით გამოქვეყნდება", - განაცხადა მეუფე შიომ.

    ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა ხელისუფლებას მოუწოდა, მარიხუანას კულტივაციის განზრახვაზე ხელი აიღოს, რადგან ეს "არ შეგვშვენის ქართველებს" და "ჩვენ არც ერთ დროში არ გვიცნობდნენ, ასე რომ ვთქვათ, "ბარიგებად".

    მისივე თქმით, ეკლესია ერთიან აზრს მალე დააფიქსირებს და შემდეგ საზოგადოებისათვის მათი პოზიციის გასაცნობად ყველა ეპარქიაში მრევლთან შეხვედრებს მოაწყობენ.

    "გვინდა, მსგავსი შეხვედრა ყველა ეპარქიაში ჩატარდეს, რომ საზოგადოება მოვიწვიოთ და დავანახვოთ საშიშროება, რა გველოდება. 3-4 წლით იქით მაინც უნდა გავიხედოთ და არა დღევანდელი გადასახედიდან შევხედოთ ამ საკითხს", - განაცხადა მეუფე ანტონმა.

    დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიამ ამ კონფერენციით მხოლოდ დაიწყო "ასეთი სახის შეკრებები" და მარიხუანას წინააღმდეგ შეუპოვარ ბრძოლას აქტიურად გააგრძელებენ. შეკრებები იქნება სხვადასხვა უწყებაში: უმაღლეს სასწავლებლებში, რეგიონებში, ეპარქიებში.

    "ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებენ. საღი აზრი გაიმარჯვებს... ეკლესიას რა ძალა აქვს?! ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ საზღვარს ვუდებთ ეკლესიას და იმის იქით აღარ არის.

    "ის კანონმდებლებიც ეკლესიის წევრები არიან, მრევლნი არიან, მათთანაც საუბარი და საღი აზრისკენ მოწოდებაა საჭირო. მათთან ვისაუბრებთ ამაზე და ვიტყვით, რომ ეკლესია ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

    "მიგვაჩნია, რომ ძალიან დიდი კულტურული პრობლემა დგება ქართული რეალობის წინაშე, როდესაც საქართველო, ოდითგანვე ღვინის ქვეყანა, გადაიქცეს მცირე და დიდი ნარკობარონების ქვეყნად, როდესაც ლიცენზიები გაიცემა დიდ თუ მცირე საწარმოებზე კულტივაციისთვის. ეს გაუგონარი რამაა და ძალიან ძნელია პროგნოზირება, რა მოჰყვება ამას უახლოეს მომავალში", - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

    განცხადებების გარდა კონფერენციაზე დამსწრე სასულიერო პირებმა ხელისუფლების მისამართით ოფიციალური მიმართვაც შეიმუშავეს, სადაც საუბარია, რომ ხელისუფლებამ მოიფიქროს ბერკეტი, რითაც შეჩერდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის საკითხზე და ასევე სრულიად მიუღებელია და არ უნდა მოხდეს მარიხუანას ყოველგვარი კულტივაციის დაშვება.

    resonancedaily.com



  • loading...