ვინ ვარ მე? ჩვეულებრივი გოგო, ჩვეულებრივი გრძნობებით, ჩემო საყვარელო პატარა ქალბატონო, ეს შენი უკანასკნელი საშინაო დავალებაა
2018-09-11 09:42:24
  • ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 16 წლის გოგონა სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. შემთხვევის შედეგად თეონა ტაკიძე გარდაიცვალა. გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით, სანადირო თოფიდან ტყვია გოგონას არასრულწლოვანმა ძმამ გაისროლა და მას შემთხვევით მოხვდა. მეორე ვერსიით, კი მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი თაროდან ჩამოუვარდა და ტყვია გავარდა.
     

    სოციალურ ქსელში სოფელ „ლეღვის“ N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი, თეონა ტაკიძის დამრიგებელი გოგონას შემდეგი სახის პოსტს უძღვნის...

     

    თეონა ტაკიძე, IX კლასი, 2018 წელი - ბოლო საშინაო დავალება

     

    ვინ ვარ მე? ჩვეულებრივი გოგო, ჩვეულებრივი გრძნობებითა და ძალიან ცვალებადი ხასიათით. ხშირად ამას “მარტს" აბრალებენ, მაგრამ ფაქტი ერთია - ხშირად დღეში რამდენჯერმე მეცვლება ხასიათი. ხშირად უთქვამთ მეგობრებს: „შენ არავის არ გავხარ შენი გიჟური იდეებით..."

     

    ჩემი თვალით დანახული ცხოვრება ისეთი უდარდელი არ აღმოჩნდა, როგორსაც ზღაპრებში მიკითხავდა დედა. ჯერ მხოლოდ 15 წლის ვარ და უკვე ცხოვრება ისე გავიცანი, თამამად შემიძლია ვთქვა, ბევრ ჩემზე ასაკით დიდ ადამიანზე მეტი უბედურებაც მინახავს და ბედნიერებაც... არასდროს მდომებია, ვინმეზე მეტი ვყოფილიყავი. მადლობელი ვარ იმით, რაც ღმერთმა მომცა. ბავშვობაში ერთი უბრალო პატარა სახლი მინდოდა მოსიყვარულე ოჯახით. დღეს ეს ყველაფერი მაქვს...

     

    მიყვარს ფიქრი და ოცნება. ხშირად ჩემი ცხოვრება წარმოსახვის ნაყოფია. ვცდილობ იქ დავიმკვიდრო ადგილი, ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ რეალურ ცხოვრებაში ვერ ვახერხებ, არამედ იმიტომ, რომ მინდა მას გავექცე., რადგან აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ადრე წიგნების კითხვა არ მიყვარდა, ალბათ, იმიტომ, რომ არც მიცდია. ერთი წელია, რაც დავიწყე სისტემატური კითხვა... ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, მაგრამ თუ დავიწყე, ვეღარ ვჩერდები. არ მიყვარს გაწელილი წინადადებები., მიდებ-მოდება და შემოვლითი გზებით ლაპარაკი, ამას პირდაპირობა მირჩევნია... გრძელი სიტყვა მოკლედაც შეიძლება ვთქვათ... მეგობრები ფილოსოფოსს მეძახიან. ადამიანებთან ბოლომდე გახსნა მიჭირს. ხშირად ვიკეტები საკუთარ თავში და ლაპარაკს ვერიდები... უხეში არასოდეს ვყოფილვარ, ვცდილობ ყველასთან თბილი ურთიერთობა... მიყვარს უბრალო ცხოვრებითა და ღიმილით სავსე ადამიანები. არ მიყვარს ამაყი ადამიანები... მიყვარს სიცილი., პოზიტიური ვარ, ვცდილობ, ყველაფერს იმედის თვალით შევხედო. ადვილად არ ვღიზიანდები, . უბრალო რაღაცები მტკენს გულს. ადვილად მიჩუყდება გული ასევე უმნიშვნელო რამემაც შეიძლება ბედნიერ ადამიანად მაქციოს. ბედნიერება წვრილმანებშია... წერა მიყვარს, ვცდილობ ჩემი განცდების ქაღალდზე გადმოტანას... უსაშველოდ მიყვარს მუსიკა... რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ერთი უცნაური ფობია მჭირს-ჩემს ნაწერებს ვხევ და მდინარეს ვატან, მდინარეს, რომელსაც დასასრული არ აქვს... ერთი, მე მგონი, აუხდენელი ოცნება მაქვს-მოგზაურობა მინდა, რატომ? არ ვიცი, მინდა და მორჩა... ჰო, სულ ეს ვარ... უბრალო გოგო უცნაური ცხოვრებით........................................


    .
    P.s. ჩემო საყვარელო პატარა ქალბატონო, ეს შენი უკანასკნელი საშინაო დავალებაა ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერილი... “10"ქულას გიწერ, სხვა ქულას შენ “არ იცნობდი". არასოდეს დამავიწყდები, ჩემო თბილო, ზრდილო, საყვარელო გოგო... ახლა გეუბნები ხმამაღლა, რომ ძალიან მიყვარხარ!... - რუსუდან დუმბაძე, სოფელ „ლეღვის“ N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი, თეონა ტაკიძის დამრიგებელი.

    image



  • loading...