გაუჩერებლად ტიროდა – დედააა, დედა, დედიკოოოო… ემიგრანტი ქალის უმძიმესი ისტორია
2018-07-22 18:33:49
  • p.

    8 წლის წინ სამი მცირეწლოვანი შვილი  მეუღლეს  დაუტოვა, კარი გაიხურა და წავიდა… არა, კი არ  წავიდა, ცხოვრებამ აიძულა ასე მოქცეულიყო. სიდუხჭირემ, შვილების მომავალზე ფიქრმა და გადარჩენის იმედმა გააბედინა ოჯახთან განშორება… გაუჭირდა ემიგრაციაში ყოფნა, უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ძალიან, ძალიან გაუჭირდა… 8 წელია შვილები არ უნახავს და ჯერჯერობით სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. მისი შემოსავლიდან ბოლო კაპიკსაც შვილებს  უგზავნის. ეს გახლავთ, მოკლე ისტორია ერთ-ერთი ემიგრანტი დედის, რომელიც შვილებთან შეხვედრაზე ოცნებობს.

     

    www.sabavshvo.info გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ ემიგრანტთან, ირინა იოსებაშვილთან:

    –  დასავლეთიდან, კერძოდ ბაღდათის რაიონიდან ვარ. ცხრა წელი ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში ვისწავლე, მერე კი საშუალო სკოლა სოფელში  დავამთავრე. რთული ბავშვობა  მქონდა, შეიძლება ითქვას, ბავშვობა არ მქონდა…  ქალად დავიბადე.. .

    სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე გავთხოვდი. 16 წლის გოგოსთვის  რთულია ოჯახის უღელში შებმა, მაგრამ ყველაფერი ისე აეწყო, როგორც უნდა ყოფილიყო. გავხდი დიასახლისი.  სამი შვილი შეგვეძინა და როგორც ხდება, ცალკე  გადავედით საცხოვრებლად. სამწუხაროდ, დამხმარე არც მე მყავდა არავინ და ასე დავადექი ცხოვრების ურთულეს გზას  21 წლის გოგო  სამი შვილით. მოგეხსენებათ, საქართველოში რა ვითარება იყო, უმუშევრობა ხალხის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა. ( არც ახლაა კარგი მდგომარეობა)

    სახლიც ისეთი გვქონდა, როგორც გარეთ, შიგნითაც ისე წვიმდა. ხშირად მეზობლის სახლს ვუყურებდი და ვნატრობდი, როდისმე  შევძლებდი ისე ლამაზად ცხოვრებას… ისეც ხდებოდა, ერთი კვერცხი შემიწვია ხახვში  და სამი ბავშვისთვის მიჭმევია. მე რომ მეკითხებოდნენ, ვჭამე თუ არა, დავეთანხმებოდი,  რომ ჩემი სევდა არ ყოფილიყო მათთვის შესამჩნევი.

    სახლში ქვეწარმავალიც კი შემოდიოდა და  ბევრჯერ იყო იმის საშიშროება, რომ ბავშვები  არ დაეკბინა. ყველაფერს ვაკეთებდით, მაგრამ ელემენტარულიც კი არ გვქონდა… აღარ შემეძლო ამ მძიმე ცხოვრების გაძლება. საქართველოში რომ დავრჩენილვიყავი, ალბათ, ნერვიულობისგან ახლა დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი.

    – შვილებთან განშორების შესახებ გვიამბეთ…

    – გადაწყდა და  ნათესავის დახმარებით წამოვედი საბერძნეთში.  სამივე შვილმა გამომაცილა…  გოგო მაშინ 8 წლის იყო. ვუთხარი, რომ ყველაფერს გამოვუგზავნიდი…  მისი სიტყვები დღემდე ყურში ჩამესმის – მე ფული არ მინდა, დედიკო მინდააა..

    პატარა 4 წლის იყო,  უფროსი ბიჭი კი – 12 წლის. მან თითქოს, კაცურად აიტანა ეს ყველაფერი, მაგრამ  მისი სევდიანი თვალები ისევ ჩემს გულშია…

    პასპორტი იმ დღესვე გამიკეთეს. რატომღაც მეგონა, რომ  კიდევ მივბრუნდებოდი  შინ  და კიდევ ერთხელ ჩავეხუტებოდი  ჩემს  შვილებს…  ავტობუსამდე უმცროსმა შვილმა და მეუღლემ მიმაცილეს. ჯერ კიდე არ ჰქონდა პატარას გათვითცნობიერებული, სად მივდიოდი. კარებთან რომ მივედი,  მიხვდა, ტირილით მეცა კალთაზე და გაუჩერებლად ტიროდა  – დედააა,  დედა  დედიკოოოო…

    იმ დროს  მკვდარი მჯობდა მე…  ვინატრე,  ნეტავ გული წამივიდეს, ან ცუდად გავხდე და აღარ წავალ-თქო, მაგრამ ხომ გაგიგონიათ „ ძაღლია ადამიანი“

    მთელი გზა ვტიროდი. უგულოდ  ვუყურებდი  ქართველ  ქალებს, რომლებიც  იცინოდნენ.

    – ნეტა რა აცინებთ? ვფიქრობდი  და  ვუყურებდი  გზას. გზას, რომელიც საქართველოსთან  მაშორებდა. მაშინ პირველად ვნახე ბათუმიც და  ზღვაც. სასაცილოა, 28 წლის ასაკში ზღვა რომ არ გაქვს ნანახი, მაგრამ  ჩემი რთული ბავშვობის  გამო არასოდეს  მქონია ეს ბედნიერება. ნეტა კიდევ როდის ვნახავ-მეთქი, გავიფიქრე და აი, იქ, საზღვართან დამთავრდა საქართველო…

    – როგორი იყო უცხო ქვეყანაში თქვენი ახალი ცხოვრება?

    – ათენში ნათესავი დამხვდა. მალევე დავიწყე მუშაობა. ყოველდღე ვტიროდი. სახლში რომ ვრეკავდი, ჩემი უმცროსი შვილის ტირილი მესმოდა. ხშირად სიცხეებს აძლევდა, მერე გავიგე, საჭმელსაც აღარ ჭამდა თურმე. მახსოვს პირველი ხელფასი და სიხარულით გაგზავნილი ამანათი. ყველა ნივთი დავკოცნე და ისე შევკარი. ხატებს ვევედრებოდი სიცოცხლეს და გადარჩენას. ვიტყუებოდი, სიმსივნე მაქვს და უნდა ჩამოვიდე-მეთქი. ნევროზი დამემართა. საერთოდ უკონტროლო ვიყავი. ხმამაღლა საუბარს მივეჩვიე. ნერვები ცუდ მდგომარეობაში მქონდა. სამი წელი ისეთ სამსახურში ვიყავი, გარეთ თითქმის ვერ გამოვდიოდი. მოხუცს ვუვლიდი. სამი წლის მერე ის მოხუცი გარდაიცვალა და უფრო გამიჭირდა საზოგადოებაში ყოფნა. გიჟივით  ვუყურებდი ხალხს. ვერ ვიგებდი, რატომ იღიმებოდნენ ადამიანები. ყველაფერი მძულდა. კარგი მეგობრების თანადაგომით ნელ-ნელა თითქოს შევეჩიე ჩემ ყოფას… რვა წელი გავიდა და დღემდე ყოველ ღამით ვტირი. დილის გათენების  მეშინია,  გიჟივით ვხსნი ტელეფონს, ვაიმე,  რაიმე ცუდი არ გავიგო-თქო.

    – როგორ გაუძელით ამ ტკივილს?

    – უკვე გაუსაძლისი იყო ასეთი ყოფნა. გადავწყვიტე  თავი ხელში ამეყვანა. სარკეში ვიხედებოდი და მეშინოდ იმ სახეშეშლილი ქალის,  რომელიც გიჟივით მიყურებდა სარკიდან.  – ჩემს თავს ვერ ვიტან და შვილები როგორ შემიყვარებენ-მეთქი? – ვფიქრობდი….

    ბავშვობიდან  ვწერდი ლექსებს და ასე ნელ-ნელა დავიწყე წერა… საკუთარი თავის მოვლაც.  არ ვიცი, ეს ქართველების წესია, თუ რატომ, მაგრამ უფრო დავფასდი. დავინახე ჩემში ქალი და მომეცა სტიმული გადარჩენისთვის ბრძოლის. წერამ გადამარჩინა. შვებას ვგრძნობ…  ვწერ რაც მინდა და ამით ალბათ  ვსუნთქავ.  სხვანაირად აქ უბრალოდ  უნდა მოკვდე, ან გადარჩე.

    – ახლა რამხელები არიან ბავშვები?

    – უმცროსი უკვე 13 წლისაა, რომ ვკითხე: – გახსოვარ დე? მიპასუხა: მე მარტო ის მახსოვს, რომ წახვედი და დამტოვეო…

    ჩამწყდა ყველაფერი გულში. ის დღე ახსოვს, რომელიც ყველაზე მეტად ეტკინა. ყველაფერი გავაკეთე, ლამაზი სახლიც, შვილებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფილი მყავს,  მაგრამ დავკარგე მთავარი – მათი წლები, მათი სითბო, მათი სუნიც კი დამავიწყდაა. ჩემი პატარა შვილები ახლა 19 , 16  და 13 წლის არიან. ყოველ დღე  ვსაუბრობთ,  მაგრამ ასე მგონია, ის, რაც უნდა გვეგრძნო, აღარაა. ხათრი უფროა ახლა ჩვენს შორის ვიდრე რამე გასახსენებელი.

    – ალბთ, ძნელია მოუარო სხვის შვილებს, როცა საკუთარი გენატრება?

    – აქ, ახლა, ბავშვებთან ვმუშაობ. მე სხვის შვილებს ვაცილებ სკოლაში და საკუთარ შვილებზე ისიც კი არ ვიცი, რა ჩაიცვეს დილით. მე სხვის შვილებს ვასწავლი ზრდილობას, მათი ქვეყნის სიყვარულს და ჩემს შვილებს ვერაფერი ვასწავლე. რთულია, როდესაც სხვისი შვილი გეხუტება და გეუბნება: სულ  ხომ ჩემთან იქნები, ხომ არ წახვალ?

    დგეხარ ასე ორი ქვეყნის გასაყართან. იქ შორს, შენი შვილები გელოდებიან და აქ სხვისი შვილები გეკიდებიან კალთაზე, რომ არ დატოვო. მე ჩემი შვილების სიყვარული დავკარგე ფულის გამო, ამ ბავშვების დედა კი ფულით კარგავს ამ უდიდეს დედობრივ  გრძნობას.  ბედის ირონიაა არა?

    – რამდენი წელია შვილები არ გინახავთ?

    – რვა წელი გავიდა, რაც შვილები არ მინახია.  იმედია მალე წავალ… რაც მეტად იზრდებიან მეტი სჭირდებათ. სამწუხაროდ,  ეგოისტურად ვუყურებ, როგორ ეხუტებიან დედები დიდი ხნის უნახავ შვილებს…  გული მტკივა…

    მხოლოდ ერთს ვიტყვი: მე ცხოვრება წართმეული პატარა გოგო ვარ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა გადარჩენისათვის. დღეს მე თუ ვარსებობ,  ეს იმიტომ,  რომ უფალმა მომცა ამის ძალა.  მივდივარ ასე წლებდაკარგული ქალი და მივათრევ ამ ბინძურ ჭაობს,  სადაც თითქმის ყელამდე ვარ ჩაფლული.

    ყველა ემიგრანტს გამძლეობას ვუსურვებ. ღირსება არ დაგვეკარგოს, რაც სამწუხაროდ ნაკლებადაა უკვე ემიგრაციაში.

    დედა როდის ჩამოხვალ?  მეკითხებიან შვილები. მალე დეე…  და ამ ტყუილში წლები გადის…

    sabavshvo.info.ge

     



  • loading...