--
ექსკლუზივი რა წერია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განაჩენში -, როგორ მოიქნია არასრულწლოვანმა ნაცრისფერი დანა მსხვერპლის მისამართით, შემდეგ კი ცივი იარაღი იქვე მდგარ ონკანთან გარეცხა
2018-06-16 08:19:37
  • p.

    „მოამბისთვის” ექსკლუზიურად ხდება ცნობილი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, რომელმაც პროკურატურის ვერსია ნაწილობრივ არ გაიზიარა.

    100-გვერდიან სამოტივაციო ნაწილში დეტალურად არის განმარტებული, რა გარემოებებზე დაყრდნობით შეუცვალა მოსამართლე ეკა არეშიძემ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ-ს მუხლი და მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

    განაჩენის მიხედვით, 12 ჭრილობიდან სარალიძის სიკვდილის მიზეზი მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილში მიყენებული ჭრილობა გახდა, თუმცა გ.ჯ-ს მიერ ამ სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტი სასამართლოში ვერ დადასტურდა.

    რაც შეეხება კიდევ ერთ მოკლულ არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილს, ბრალდებულ გ.ბ-ს მიერ დადუნაშვილის მკვლელობის ფაქტს მოსამართლე რამდენიმე მოწმის ჩვენებით ამყარებს, მათ შორის იმ მოწმეებით, რომლებმაც დაინახეს, როგორ მოიქნია არასრულწლოვანმა ნაცრისფერი დანა მსხვერპლის მისამართით, შემდეგ კი ცივი იარაღი იქვე მდგარ ონკანთან გარეცხა.

     

    რა გაიზიარა და რა არ გაითვალისწინა მოსამართლემ განაჩენში, რომელსაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა

    „სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგინდა, რომ გ.ჯ-მ სარალიძეს სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში დანით მიაყენა, თუმცა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა გ.ჯ-ს მიერ სარალიძისთვის მარჯვენა ბარძაყის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის მიყენების ფაქტი, რაც დავით სარალიძის სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა. ამდენად, ვინაიდან უტყუარად არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი გ.ჯ-სქმედებასა და დამდგარ შედეგს(სიკვდილს) შორის, მისი ქმედება დამთავრებული მკვლელობიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მცდელობაზე.

     

    რატომ არ გაიზიარა მოსამართლემ მოწმე მ.კ-ს ჩვენება

    „სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ მოწმე მ.კ-მ მისსავე ჩვენებაში მიუთითა ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები, ასევე ჩვენება მნიშვნელოვნად განსხვავდება შემთხვევის ადგილზე მყოფი უკლებლივ ყველა მოწმის ჩვენებისგან.

    სასამართლო მ.კ-ს ჩვენებას აფასებს როგორც ურთიერთსაწინააღმდეგოს და ურთიერთგამომრიცხავს, რაც ერთობლიობაში უკარგავს მოწმის ჩვენებას სანდოობას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს“.

     

    რატომ არ გაიზიარა სასამართლომ ბრალდებულ გ.ბ-ს ჩვენება 

    „გ.ბ.-მ განმარტა, რომ ფარდულში ჩხუბის დროს დაინახა გ.ჯ, რომელსაც ხელში არაფერი ეკავა, რადგან ორივე ხელზე კარგად დააკვირდა, მაშინ როდესაც არც თავად ბრალდებული გ.ჯ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ფარდულში ჩხუბის დროს მან ამოიღო დანა და უქნევდა დ.ს-ს.

    გ.ბ-მ განმარტა, რომ ფარდულში ჩხუბის დროს დაინახა, რომ მ.კ-ს ხელში რაღაც ეკავა, რომლის მხოლოდ წვერი დაინახა, რადგან მუჭიდან ჰქონდა გამოყოფილი და ასევე დაინახა, რომ გ.მ უკნიდან ურტყამდა დ-ს-ს და ამ დროს ხელში ეკავა რაღაც ნივთი, რომლის მხოლოდ ცალი მხარე დაინახა. მაშინ როდესაც არცერთმა თვითმხილველმა მოწმემ, მათ შორის ბრალდებულის მეგობრებმა და არც თანაბრალდებულმა დაადასტურა ფარდულში ჩხუბის დროს სხვა ვინმეს ხელში რაიმე საგნის ან იარაღის არსებობა.

    სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ გ.ბ-ს არასანდო ჩვენებას, რომელიც არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულ გ.ჯ-ს ჩვენებას, რომ იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში“.

     

    რატომ არ გაიზიარა სასამართლომ დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგები

    სასამართლომ მოისმინა ექსპერტების მაია ნიკოლეიშვილისა და ომარ ჯოხაძის ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნა და მიიჩნია, რომ ექსპერტებმა ვერ შეძლეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სათანადოდ დასაბუთება. ექსპერტმა ვერ მიუთითა, კვლევა ჩაატარა, გარდა ტანსაცმელზე არსებული დაზიანებების გაზომვისა და რა გახდა საფუძველი კონკრეტული დასკვნის გაცემისა, ასევე ექსპერტს გაუჭირდა, პასუხი გაეცა მთელ რიგ შეკითხვაზე და მისი პასუხები იყო არადამაჯერებელი. რიგ შემთხვევებში დასკვნა იყო ბუნდოვანი, ექსპერტების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი.



  • loading...
    Загрузка...