--
როგორ მოკლეს ქალი ქმარმა და მამამთილმა
2018-05-22 19:04:06
  • p.

    39  წლის ნონა ბ-შვილი ქმრისა  და მამამთილის მსხვერპლი გახდა.  63  წლის ომარ ნ-ძე და მისი შვილი 44 წლის  მალხაზ ნ-ძე  ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის გაასამართლეს.  საქმის მასალების მიხედვით, ნონა ბ-შვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს ჯერ მამამთილმა, შემდეგ კი ქმარმა.  ინციდენტს ჰყავდა ორი თვითმხილველი. მათი ჩვენების მიხედვით,  იმის მიუხედავად, რომ ქალი ქმარს – მალხაზ ნ-ძეს   ეხვეწებოდა,  ვკვდები, მიშველეო, დახმარების ნაცვლად, დაჭრილ ცოლს, დანა კიდევ დაარტყა.  სამართალდამცველებს დასახმარებლად სწორედ თვითმხილველმა მიმართა. ქალს დანით  სამი ჭრილობა  ჰქონდა მიყენებული.   ქმრის და მამამთილის მიერ დანით დაჭრილი ქალი სიკვდილს სამი საათი ებრძოდა – საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.   
     რატომ გაიმეტეს ქალი სასიკვდილოდ ქმარმა და მამამთილმა, ამის შესახებ სამართალადმცველებისთვის თავად  ბრალდებულების დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი. ბრალდებული ომარ ნ-ძე ცდილობდა, დანაშაულში მისი შვილის მონაწილეობა დაეფარა და აცხადებდა, რომ ნონა ბ-შვილს ჭრილობები თავად მიაყენა.  გადამწყვეტი თვითმხილველთა ჩვენება გახდა – მათ  მეზობლებთან დაპირისპირების მიუხედავად,  სიმართლე არ დამალეს. სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ ქალისთვის ჭრილობები ორი სხვადასხვა დანით იყო მიყენებული.  
     საქმის მასალების მიხედვით, სასტიკი მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებულ დავას მოჰყვა.  თავიდან კამათი რძალსა და დედამთილს შორის დაიწყო პირუტყვის მოვლის    გამო.  ჩხუბში რძალმა დედამთილს  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც  მამაკაცების მიერ ქალზე განხორციელებული აგრესია მოჰყვა. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „5 წელია, რაც ნონა ამ ოჯახის რძალია.  მალხაზს ჰყავდა პირველი ცოლი, რომელსაც რვა წლის წინ დაშორდა. ისიც ძალადობის მსხვერპლი იყო.  შეურაცყოფას  აყენებდა ოჯახის ყველა წევრი.  ერთ დღეს  მან   შვილს ხელი მოჰკიდა და სახლიდან წავიდა. კარგი პატრონები ჰყავდა, წინააღმდეგობის მიუხედავად, მალხაზს მათთან მიკარების საშუალება არ მისცეს.  რამდენიმე წელიწდაში მალხაზის ყოფილი ცოლი გათხოვდა კიდეც.  მას შემდეგ დაოჯახდა მალხაზი ნონაზე, რომელიც  ღარიბი ოჯახიდან იყო – არც მომკითხავი ჰყავდა და არც გულშემატკივარი.  პირველივე დღიდან, რაც ამ ოჯახში შემოვიდა, უამრავ შეურაცხყოფას იტანდა. საჭმელსაც კი აყვედრიდნენ  ოჯახის  წევრები,   გაჭმევთ, გაცმევთ და ერთი შვილი ვერ გაგიჩენიაო, – ეუბნებოდნენ ხოლმე ჩხუბში. საღამოს ნონას ქუჩაში გამოსვლის უფლებაც კი არ  ჰქონდა მაშინ, როცა მისი ქმარი და დედამთილ-მამამთილი მეზობლებთან ერთად ქუჩაში ისხდნენ.  ნონა  რამდენჯერმე  ვნახე თვალებდალურჯებული. ერთხელ ხელზე ჰქონდა იარა, რომელიც, სავარაუდოდ, დანით ჰქონდა მიყენებული. მაგრამ, როცა კითხვა დავუსვი, ღობეს გამოვედეო – მიპასუხა. მათი  სახლიდან სულ ჩხუბის ხმა ისმოდა.  ნონასთვის  ყვირილი და  მისი ცემა უცხო არ იყო. ყველა ვფიქრობდით, რომ ეს ასე, უმსხვერპლოდ არ დამთავრდებოდა, მაგრამ ნონას დახმარება არცერთს არ შეგვეძლო. მამა-შვილი  ნონას ჩვენთან კონტაქტს აკონტროლებდა და მათ ურთიერთობაში ჩარევას ყველას უშლიდნენ. თვითონ ქალიც მალავდა, რომ ოჯახის ყველა წევრი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, მათ შორის, დედამთილიც. განსაკუთრებით საშინელ დღეში აგდებდნენ მაშინ, როცა მამა-შვილი ნასვამი იყო, ეს კი საკმაოდ  ხშირად ხდებოდა.”  
    საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობის დღეს ომარ ნ-ძე და მისი შვილი ნასვამები იყვნენ. მეზობლის ქელეხიდან სახლში მაშინ დაბრუნდნენ, როცა რძალი და დედამთილი  ერთმანეთთან ჩხუბობდნენ. პირველად ჩხუბის შემსწრე ომარ ნ-ძე გახდა, რომელმაც რძალს ჯერ აგინა, შემდეგ კი სახლში შევიდა, დანა  გამოიტანა  და  ქალს, რომელიც დახრილი იყო და პირუტყვს უვლიდა,  ზურგში ორჯერ ჩაარტყა.  ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „ამ ოჯახთან ერთი ღობე მყოფს, იმის მიუხედავად, რომ ახლო მეზობლები ვართ, წლებია, მე და ომარი ერთმანეთს არ ველაპარაკებით. ჩვენი შვილები თითქმის თანატოლები არიან და მათ ერთმანეთთან  ნორმალური ურთიერთობა აქვთ. ომარიც და მისი შვილი – მალხაზიც აგრესიული ხასიათის არიან და მათ თავს ვარიდებდი. თუმცა, ერთი ღობის იქით ცხოვრობენ და ყველაფერი მესმოდა, რაც მათ ოჯახში ხდებოდა. მკვლელობას  ჩემი  ეზოდან შევესწარი.  ნათესავი მყავდა სტუმრად და  ახალ სათავსოს  ვათვალიერებდით, როცა მეზობლების ოჯახში ჩხუბი ატყდა. ჯერ ქალებმა დაიწყეს კამათი, ძალიან მალე კი ომარის ხმა გავიგე, რომელიც რძალს  უშვერი სიტყვებით აგინებდა.  ნონა ხმას არ იღებდა, თავიც არ უმართლია. ჩხუბში  მისი ქმარიც ჩაერთო, რომელიც როგორც მივხვდი, ახალი მოსული იყო. მე და ჩემს ნათესავს გვესმოდა ყველაფერი. უცებ გავიგე ქალის შეკივლება და   ომარის არაადამიანური ყვირილი.  ვერ მივხვდი, რომ დანა დაარტყა რძალს, ქალის სიტყვები – მომკლა, მიშველეთო, მესმოდა მხოლოდ. ჩემმა სტუმარმა მირჩია, გადავიდეთ, დავეხმაროთო, რაზეც მე არ დავთანხმდი. არ ვიცოდი, რომ ქალი დაჭრილი იყო. რაც მოხდა, დეტალებს მაშინ მივხვდი, როცა ქალის ხმა გავიგე: დაჭრილი ვარ,  ვკვდები, მიშველეო, – ეხვეწებოდა ქმარს. ის კი, ასევე, არაადამიანურად უყვიროდა და ჩემი აზრით, სცემდა. როცა მივხვდით, რომ ქალი დაჭრილი იყო (მისი დედამთილის ქმედებებით) ჩემმა ნათესავმა პოლიცია გამოიძახა. მათ შემთხვევის ადგილზე დააკავეს დამნაშავე მამა და შვილი.
     სამართლადამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი დანა ამოიღეს. ერთი დაჭრილი ქალის სიახლოვეს ეგდო, მეორე კი, სხვა ზომის დანა, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით იპოვეს. სწორედ ორ დანაზე აღმოჩენილი კვალი მეტყველებდა, რომ მკვლელობა ორი დანით იყო ჩადენილი. მალხაზ ნ-ძის მეზობლების ჩვენებით, ის დანას მუდმივად ატარებდა.  დაკავებულმა მამა-შვილმა პირველი ჩვენების მიხედვით, განაცხადეს, რომ ნონა ბ-შვილი  მათ იმის გამო მოკლეს, რომ ინტიმური კავშირი ჰქონდა თანასოფლელ მამაკაცთან, რომლის ვინაობის დადგენაც, მათი ვერსიით, ვერ შეძლეს. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას გამორიცხავდნენ გარდაცვლილი ქალის მეზობლები. მათი  თქმით, ოჯახის წევრები ქალს  სახლიდან საერთოდ არ უშვებდნენ.  გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული მამა-შვილი დამნაშავეებად ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მათ, 12 და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.  

    http://tbiliselebi.ge
     



  • loading...
    Загрузка...