--
სასიხარულო ამბავი, მრავალშვილიანი მშობლი მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მეხუთე და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს
2018-05-16 20:35:09
  • p.

    დემოგრაფიული კრიზისის მიუხედავად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სახეზეა, თუკი პოლიტიკა სწორად წარიმართება, შედეგი დადებითი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრისა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. 

    “გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, 2050 წლისათვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა - 7%-ით იზრდება. საქართველოს მოსახლეობა კი პირიქით - 28%-ით მცირდება, რაც 1 170 000 ადამიანს შეადგენს. ამასთან, ხანდაზმულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად ჭარბობს ბავშვთა რაოდენობას. ცალკე პრობლემაა ერის დაბერება. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. ქვეყნებს შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით, საქართველო მე-16 ადგილზეა, შობადობით კი - 174-ე ადგილზ“ - განაცხადა ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე. 

    რაც შეეხება თავად კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი. ხუნდაძის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი ბავშვი, ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მეხუთე და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს. 2014 წლის აღწერით საქართველოში 12 369 ოჯახია, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. “საქართველოში 9 316 ოჯახია, სადაც ოთხი ბავშვი ცხოვრობს. მათ ელექტროენერგიის მოხმარებაზე თვეში 20-ლარიანი შეღავათი ექნებათ, რაც ჯამში, 2 235 840 ლარია. 5-ბავშვიანი ოჯახები კი 2 190-ია. მათ თვეში 30 ლარის შეღავათი (20 ლარს + 10 ლარი მე-5 ბავშვისთვის) ექნებათ, რაც მთლიანობაში 788 400 ლარს შეადგენს. 6 ბავშვისგან შემდგარი ოჯახი 583-ია, ისინი თვეში 40-ლარიან შეღავათს მიიღებენ, რაც მთლიანობაში 280 000 ლარია, ხოლო 7 და მეტშვილიანი ოჯახები 280-ია და ჯამში თანხა 184 560 ლარს შეადგენს. ყველა კატეგორიაზე თანხის საერთო მოცულობა დაახლოებით 3 489 000 ლარია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 


    დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეღავათი სოციალურად დაუცველების ქულებზე გავლენას არ მოახდენს. ხუნდაძის განმარტებით, შეღავათს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ისა. 

    "ინტერპრესნიუსი" 



  • loading...
    Загрузка...