--
რას გეგმავს საპატრიარქო 17 მაისს – ხვალინდელი ღონისძიებების განრიგი
2018-05-16 13:45:14
  • p.

    17 მაისს საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ხვალ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავ შირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:

    „17 მაისი ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დაცვის დღეა. წელს უკვე მეხუთედ აღნიშნავს ჩვენი ხალხი ამ ზეიმს.

    საქართველო ტრადიციული ქვეყანაა და, როგორც სხვა ტრადიციულ ქვეყნებში, ჩვენთანაც, ოჯახის ინსტიტუტის სიძლიერეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც საზოგადოება სიხრულით აღნიშნავს მას.

    მოგეხსენებათ, 12 მაისს საქართველოს ეკლესიაც და სახელმწიფოც ზეიმობს აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით წმ. ანდრია მოციქულის საქართველოში შემოსვლას.

    ორი დღით ადრე, 10 მაისს, ტრადიციულად ხდება აწყურის ღვთისმშობლის ხატით საქართველო თურქეთის საზღვრის გადმოკვეთა და შემდეგ მსვლელობა თბილისისკენ, კერძოდ 11 მაისს ხატი დაბრძანდება ბათუმში; 12 მაისს საზეიმო წირვა ტარდება ხულოში, სადაც I ს-ში დამკვიდრდა აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი, 13 მაისს საზეიმო წირვა აღევლინება ახალციხის რაიონში, აწყურის ტაძარში, სადაც იმთავითვე ყოვლადწმინდა მარიამის ნებით ბინა დაიდო ამ სასწაულთმოქმედმა ხატმა. 14, 15, 16 მაისს კი მსვლელობის შეჩერების ადგილებია: ბორჯომი, ხაშური, გორი, სვეტიცხოველი. 17 მაისს ხატი შემობრძანდება თბილისში.

    ასე რომ, მთლიანი ციკლი მოიცავს ერთ კვირას.

    წელს ეს გრაფიკი, გამონაკლისის სახით, დაირღვა, რადგან წელს დაგეგმილია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნა მახათას მთაზე. ამიტომაც მთელი წლის მანძილზე ივერიის და აწყურის ღვთისმშობლის ხატები მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და 17 მაისს ერთად შემობრძანდებიან თბილისში.

    მოგეხსენებათ, წელს გამონაკლისია იმ თვალსაზრისითაც, რომ 17 მაისი დაემთხვა ამაღლების დღესასწაულს, რაც ამ ზეიმს სახალხო სახეს სძენს. ამიტომაც სხვადასხვა ეკლესიებში წირვის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 11:30 საათისათვის ხალხი შეიკრიბება ვარდების მოედანზე (სასტუმრო ,,რედისონთან”); აქ დახვდებიან ისინი სვეტიცხოვლიდან მობრძანებულ ხატებს და 12:00 საათზე რუსთაველის გამზირის გავლით, გამოემართებიან ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიისკენ, სადაც 10:00 საათიდან ჩატარდება საზეიმო წირვა მღვდელმთავრების მონაწილეობით. ქაშვეთთან დაილოცება 300-მდე ოჯახიც, რომელთაც ექვსი შვილი ჰყავთ (გასულ წლებში დაილოცა 7 და მეტი შვილიანი ოჯახები).

    ქაშვეთთან შეკრებილნი მიეგებებიან მსვლელობის მონაწილეებს, გადახდილი იქნება პარაკლისი და შემდეგ ყველანი ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც მათ კათოლიკოს-პატრიარქი დახვდება.

    როგორც უკვე გაცხადდა, ამ დღეს სხვადასხვა ადგილას ჯვარს იწერს 400-მდე წყვილიც, რომელთაც ოჯახი ადრე აქვთ შექმნილი, მაგრამ ჯვარი არ დაუწერიათ. ასეთ მეუღლეთა ჯვრისწერები წელიწადია მიმდინარეობს და ამაღლების ზეიმზეც გაგრძელდება.

    უშუალოდ სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ ჯვარს დაიწერს 40-ზე მეტი წყვილი და შემდეგ ისინი კათოლიკოს-პატრიარქთან, სამღვდელოებასთან და აქ მყოფ მრევლთან ერთად შეეგებებიან მსვლელობის მონაწილეთ.

    სამების საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობა კიდევ ერთხელ დალოცავს შეკრებილთ, მიულოცავს ამაღლების დღესასწაულს და აკურთხებს სრულიად საქართველოს.

    შევნიშნავთ იმასაც, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვა როგორც ქრისტიანის, ისე ნებისმიერი სარწმუნოების წარმომადგენლისთვის მეტად მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჩვენს მსვლელობებში მონაწილეობას სხვა აღმსარებლობის ადამიანებიც იღებდნენ და ვფიქრობთ, ეს წელსაც ასე იქნება.“-აღნიშნულია განცხადებაში.

    •  
    •  
    •  
    •  
    •  


  • loading...
    Загрузка...