--
სიძე-სიდედრის ოჯახური კონფლიქტის სისხლიანი დასასრული
2018-04-16 11:16:39
  • სიდედრისა და ცილისდის მკვლელობის მცდელობისთვის სიძეს რვა  წლით პატიმრობა მიესაჯა.  ცოლის სახლში ჩასიძებულ ბრალდებულს ორ ქალზე შურისძიება წინასწარ რომ არ  ჰქონდა დაგეგმილი, ამას  ადასტურებდნენ მოწმეები, რომლებიც ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის შემთხვევის ადგილზე  აღმოჩნდნენ. ინციდენტი იმ  სადავო ბინაში მოხდა, რაც ოჯახური კონფლიქტის და ხუთწლიანი დაპირისპირების მიზეზი გახდა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი ვლადიმერ, ლადო ყ-შვილი  ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ, ტყეში დაიჭირეს. მისი განმარტებით, ის არა გამოძიებას, არამედ სიდედრის შურისძიებას დაემალა, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგ, დაემუქრა, რომ მის შვილზე თავდასხმას არ აპატიებდა. 

    საქმის მასალების მიხედვით,  ლადო ყ-შვილმა ვენერა ჭ-ძის ქალიშვილი, შორენა ცოლად ქმართან გაყრის შემდეგ შეირთო და საცხოვრებლად მათ ბინაში გადავიდა. შორენას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ერთი შვილი, მეორე კი ლადოსთან შეეძინა. ვენერა ჭ-ძე  უსახლკარო სიძის მიმართ  თავიდანვე ცუდად განეწყო, მაგრამ საბოლოოდ, მის ჩასიძებას დათანხმდა. მას ჰქონდა მეორე  ბინაც, სადაც ვენერა ჭ-ძე მეორე ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა.  ახალგაზრდა ცოლ-ქმარს სამომავლოდ ბევრი გეგმა ჰქონდათ, მაგრამ სიდედრის აქტიურობით, მათ შორის ურთიერთობა ძალიან მალე გაფუჭდა. ქორწინებიდან სამი წლის თავზე,  შორენამ ქმარს განუცხადა, რადგან ვალები გვაქვს, შენ კი  უმუშევარი ხარ, თურქეთში უნდა წავიდე სამუშაოდო.  ამას ლადო ყ-შვილისგან პროტესტი მოჰყვა, თუმცა ქალმა მაინც მოახერხა ჯერ თურქეთში, შემდეგ კი საბერძნეთში წასვლა. მამაკაცი ორ ბავშვთან ერთად ცოლის კუთვნილ ბინაში დარჩა, თუმცა რამდენიმე თვეში მას სიდედრმა განუცხადა, ბინა უნდა დავაგირავო, ბავშვებს მე წავიყვან, შენ კი შენი გზა მოძებნეო. სწორედ ამ მიზეზით დაიწყო კონფლიქტი სიძესა და ორ ქალს – სიდედრსა და ცოლისდას შორის.  ეს დაპირისპირება თითქმის ხუთი წელი გაგრძელდა, რისი მოწმეც მათი მეზობლები, მეგობრები და უამრავი სხვა ადამიანი იყო. ლადო ყ-შვილს  სიდედრი ხან აგდებდა ბინიდან, ხან კი უკან დაბრუნების საშუალებას აძლევდა. მოწმეთა განმარტებით, ლადო ყ-შვილს სიდედრისთვის ათი ათასი დოლარი ჰქონდა გადახდილი, რასაც ქალი არ ადასტურებდა. მოგვიანებით, დაკავებულმა  ლადო ყ-შვილმა სამართალდამცველებთან განაცხადა:  სიდედრთან ბინა სადავო რომ არ ჰქონოდა, მას ათი ათასი დოლარი გადაუხადა, რისთვისაც მშობლებისეული სოფლის სახლი გაყიდა.  ფული სიძემ სიდედრს ხელზე გადასცა, მოწმე მხოლოდ ვენერა ჭ-ძის მეორე ქალიშვილი, მარეხი იყო, რომელიც ამ ფაქტს დედის მსგავსად, არ ადასტურებდა. ხუთი წლის განმავლობაში მამაკაცსა და ქალებს შორის არაერთი ხელჩართული კონფლიქტი მოხდა, რაშიც საბოლოოდ, სამართალდამცველებიც ჩაერივნენ. მამაკაცი ბინიდან წასვლას მხოლოდ ფულის დაბრუნების შემდეგ ფიქრობდა, თუმცა მისთვის ფულის გადამხდელი არავინ იყო. ვენერა ჭ-ძის ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, ფიზიკურ ზეწოლას ქალების მხრიდანაც ბევრჯერ ჰქონდა ადგილი. „ერთხელ ვენერას ეზოში შევედი, არ მელოდნენ. საკუთარი თვალით დავინახე, როგორ სცემდნენ სიდედრი და ცოლისდა ლადოს, შემეცოდა ის ბიჭი, ჩემს ქმართანაც კი ვთქვი, იცოდე, ეს ბიჭი  ამ ორი გადარეული ქალის გულისთვის ციხეში მოხვდება-მეთქი“. 

    როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, ინციდენტის დღეს, როცა ლადო ყ-შვილმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ის შემთხვევის ადგილზე, სიდედრთან სალაპარაკოდ მივიდა. ბრალდებულის განცხადებით, სიდედრმა თვითონ დაიბარა, გზად მიმავალმა მამაკაცმა გაიგო, რომ ქალმა ბინა გაყიდა და ბეც აიღო, რაზედაც ძალიან აღშფოთდა. მოგვიანებით მან განაცხადა გამოძიებასთან: „მივხვდი, რომ მეც და ჩემს შვილსაც უსახლკაროდ გვტოვებდნენ. ძალიან გავმწარდი. ცოტა ნასვამი ვიყავი და გავთამამდი,  ჩემს ნათესავთან მივედი, მისი ბინიდან წამოვიღე დანა, რომელიც აღმომაჩნდა შემთხვევის ადგილზე. ქალებზე თავდასხმა არ მიფიქრია, თავდაცვისთვის უფრო მჭირდებოდა, რადგან  ჩვენი ყველა შეხვედრა ხელჩართული ჩხუბით მთავრდებოდა. როცა სიდედრთან მივედი, მასთან ეზოში ორი მეზობელი ქალი დამხვდა. ჩემი ცოლისდა მარეხიც იქვე იყო. სწორედ მან წამოიწყო კონფლიქტი და ჩემზე გამოიწია. ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი და გავთამამდი – მარეხს ხელი გავარტყი. ამის დანახვაზე ჩემი სიდედრი ზურგზე შემომახტა, სულ შემომახია ტანსაცმელი.  ძლივს მოვიშორე ზურგიდან, ხელი ვკარი. იქვე, ძირს დავარდა და თავი ყვავილების რკინის ქოთანს ჩამოარტყა. აი, მანდ დაიწყო ყველაფერი – მარეხი და ვენერა მეცნენ და ცემა დამიწყეს. ყველაფერი  მეზობლების  თვალწინ ხდებოდა. ისე გამოვედი მდგომარეობიდან, არ ვიცი, რას ვაკეთებდი. მაშინ კი, როცა მარეხმა თავში ქვა ჩამარტყა, შარვლიდან დანა ამოვიღე, ჯერ მარეხს დავარტყი, მერე – ჩემს სიდედრს. შემთხვევის ადგილიდან მეზობლებმა გამარიდეს. ერთი თვე ვიმალებოდი ტყეში, რადგან გამოჯანმრთელებულმა ვენერამ შემომითვალა, ჩემი ხელით უნდა გამოგჭრა ყელიო. ამის გამკეთებელი ნამდვილად იყო.”    

    მარეხ ჭ-ძე და მისი დედა, ვენერა ჭ-ძე საავადმყოფოში სხეულის დაზიანებებით მიიყვანეს. მარეხს ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, ვენერა ჭ-ძე  მუცლის არეში იყო დაჭრილი. შემთხვევის ადგილიდან  იქნა ამოღებული  დანა, რომელიც დანაშაულში ეჭვმიტანილის ნათესავის კუთვნილება იყო.   სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დაადგინეს დანაშაულში ეჭვმიტანილის მდებარეობა. ის დააკავეს სოფლის მახლობლად, ტყეში, სადაც ერთი თვე იყო გახიზნული. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მან თავი დამანშავედ ცნო. სასამართლო  პროცესზეც მოინანია დანაშაული და პროკურატურის მიერ წარდგენილი  სასჯელის შემსუბუქება ითხოვა. მისი განცხადებით, დანაშაულისკენ ქალებმა თავად უბიძგეს და რომ არა მათი ქმედებები, ასეთ მძიმე დანაშაულს არ ჩაიდენდა. სასამართლომ  გაითვალისწინა, რომ ლადო ყ-შვილი ორი მცირეწლოვანი ბავშვის მეურვე იყო და მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა და  საპროცესო გარიგება შედგა განსასჯელის  ცოლისდასთან, მარეხ ჭ-ძესთან, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგ, ასევე აღმოჩნდა გისოსებს მიღმა ბრალდებით, რომლის მიხედვითაც სიძეს  თავის არეში  დაზიანება მიაყენა,  რაც დადასტურდა სამედიცინო ექსპერტიზით.   

    HTTP://TBILISELEBI.GE



  • loading...
    Загрузка...