--
შეეშვით, თავს თვითონ წაიმტვრევს - რა შეხვედრა შედგა ივანიშვილთან და რას ფიქრობს ექსპრემიერი კობახიძეზე
2018-04-15 09:56:52
  • სამთავრობო გუნდში ამბობენ, რომ მაქსიმუმ, ორ კვირაში დიდი ძვრები დაიწყება, თუმცა ვის შეეხება ან რა სახის იქნება ეს ძვრები, არ აკონკრეტებენ.

    მმართველი პარტიის გარშემო, ბოლო დღეების მოვლენებს თუ გადავხედავთ და შესაბამის ანალიზს გავაკეთებთ, შეგვიძლია, უშეცდომოდ ვივარაუდოთ, რომ „ოცნების“ ან, სულაც, „ოცნების“ ზოგიერთი წევრის მატარებელი მალე ჩაივლის. ამის თქმის საფუძველს კი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „ოცნების“ შემქნელის მრავლისმეტყველი დუმილიც იძლევა. ზოგადად, ბიძინა ივანიშვილი, მას შემდეგ, რაც პოლიტიკას განერიდა, საჯარო განცხადებებს თითქმის აღარ აკეთებს და უმეტესად რომელიმე სახელოვანი ადამიანის გასვენება-პანაშვიდზე ჩნდება ხოლმე, თუმცა ბოლო დროს მილიარდერმა ეს ტრადიციაც დაარღვია. ყოველ შემთხვევაში, „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, რომ რამდენიმე ცნობილი ადამიანის პანაშვიდზე ივანიშვილი გვიან, ანუ იმ დროს მივიდა, როცა ხალხი შეთხელებული იყო და დიდი ალბათობით, იქ ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ დახვდებოდნენ.

     

    ისეთი პირი უჩანს, რომ ყოფილ პრემიერს მისვლა მალე შესაძლოა „ოცნების“ სატირალშიც მოუწიოს. მმართველ გუნდს კი სატირლად საქმე ნამდვილად აქვს.

    ახლა, მთავარი ის არის, რა პოზიციას დაიჭერს და ვის მხარეს დადგება ივანიშვილი - კობახიძის თუ მისი მოწინააღმდეგეების.

    ზოგადად, ივანიშვილი, როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, „ოცნების“ წევრების უმეტესობას არ ეკონტაქტება. ამ მხრივ პრივილეგირებული არც პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკვე დიდი ხანია, რაც კობახიძეს ივანიშვილი თვალითაც არ უნახავს. როგორც ჩვენ გვიყვებიან, ივანიშვილი იმ დეპუტატებს, ვისთანაც საქმე აქვს, თავად უკავშირდება და აუდიენციაზე იწვევს. ერთ-ერთი ასეთი აუდიენცია რამდენიმე დღის წინ გამართულა. ,,ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, შეხვედრას სულ რამდენიმე კანონმდებელი დასწრებია და ივანიშვილს „ოცნებაში“ დატრიალებული ორომტრიალის შესახებ მათგან დეტაები მოუსმენია. მერე კი უთქვამს, კობახიძეს შეეშვით, ეგ თავს თვითონვე წაიმტვრევსო. რა იგულისმება, თავის წამტვრევაში, ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ ივანიშვილს პარლამენტის თავმჯდომარეზე გული მართლა აქვს აცრუებული, ეს იმას ნიშნავს, რომ კობახიძის სამთავრობო კარიერა დიდხანს აღარ გასტანს, ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თანამდებობას კი შეინარჩუნებს, მაგრამ უკანა პლანზე გადააჩოჩებენ, რაც იმაში გამოიხატება ალბათ, რომ საჯარო განცხადებების გაკეთება შეეზღუდება და იგივე მედიასთან მარტო ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების დროს, ასევე, ტექნიკურ საკითხებზე კომენტარებისას გამოჩნდეს.

    მოვლენების ამ სცენარით განვითარებას თავად სამთავრობო გუნდში არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მაქსიმუმ, ორ კვირაში დიდი ძვრები დაიწყება, თუმცა ვის შეეხება ან რა სახის იქნება ეს ძვრები, არ აკონკრეტებენ.

    ოფიციალურად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მომავალ კვირაში უმრავლესობის დახურული სხდომა გაიმართება, სადაც პარტიაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

    რაც შეეხება სანქციებს, რომელიც შესაძლოა, ამბოხებულებს შეეხოთ, ამ თემაზე სამთავრობო გუნდში ღიმილით საუბრობენ და ამბობენ, რომ კობახიძის მიერ დაწერილი „შიდაგანაწესი“ „კომკავშირული სულის ყივილია“ და მეტი არაფერი.

    პარტიულ დისციპლინაში ცუდი არაფერია, მაგრამ დისციპლინა იმან უნდა დაამყაროს, ვისაც ამის ბერკეტი აქვს. კობახიძეს კი საამისოდ ბერკეტები არ აქვს, რადგან ის პრალამენტის თავმჯდომარეა. პარტიას პრემიერი კვირკაშვილი ხელმძღვანელობს და შესაბამისად, თუ პარტიულ დისციპლინაზე მიდგება საქმე, ეს სადავეებიც ხელში სწორედ „კვირკამ“ უნდა აიღოს. კობახიძის დაწერილ წესებს კი პრემიერი არ მიიღებს, რადგან უკვე ნათელია, რომ მათ შორის დაპირისპირებაა, რომელიც თანდათან კულმინაციას აღწევს.

     

    newposts.ge



  • loading...
    Загрузка...