საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯიბის ქურდები დაბრუნდნენ. მგზავრები ამბობენ, რომ აცვიათ და იქცევიან რიგითი მოქალაქესავით
2018-04-14 20:44:03
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯიბის ქურდები დაბრუნდნენ. ავტობუსებში, მეტროსა და მიკროავტობუსებში მოქალაქეები ჩივიან, რომ მათ ჯიბეებში, ჩანთებში უძვრებიან და ფულს ჰპარავენ.

    საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები ყვებიან, რომ ჯიბის ქურდებს ბოლო დროს ხშირად აწყდებიან. მეტროზე მეტად, ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში. თითქმის ყოველი მეორე მგზავრი ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში "ჯიბის ქურდებს" ანუ ე.წ. "კარმანშიკებს" ტრანსპორტში შეხვედრია.

    მგზავრების ნაწილი ყვება, რომ რამდენიმეს უკვე სახეზეც ცნობენ, თუმცა, სხვისი გაფრთხილება ან პოლიციის გამოძახება არასდროს უცდიათ.

    მგზავრები ამბობენ, რომ აცვიათ და იქცევიან რიგითი მოქალაქესავით, ერთადერთი ჩვევა, რაზეც ყველა მიუთითებს არის ის, რომ ატარებენ ცალ მხარზე გადაკიდებულ ქურთუკს, მსხვერპლის ჯიბეში ან ჩანთაში ჩაყოფილი ხელის დასაფარად.

    როგორც კურიერმა გაარკვია, ე.წ. "კარმანშიკების" სამიზნე მხოლოდ მგზავრები არ არიან. ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის კოორდინატორი გვიყვება, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით დღესასწაულებზე, ქურდები ფულს მძღოლებსაც ჰპარავენ. ამ პრობლემას ზოგჯერ საკუთარი მეთოდებით უმკლავდებიან და მგზავრების მსგავსად, პოლიციისთვის არც მათ მიუმართავთ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ სპეციფიკის დანაშაულს ცალკე არ აღრიცხავენ. 



  • loading...