რუსეთი ეცდება დაარტყას იქ, სადაც ყველაზე სუსტი რგოლი ეგულება, შეიძლება იყოს საქართველოც
2018-04-12 20:15:49
  • ბოლო რამდენიმე დღეა მსოფლიოს ყურადღება სირიის კრიზისისკენ არის მიმართული. სირიის ქალაქში ქიმიური იარაღის გამოყენებამ, რომელმაც უდანაშაულო ადამიანები იმსხვერპლა, საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. ახლა ყველა დაძაბული ელოდება ტრამპის მორიგ გადაწყვეტილებას, მიიტანს თუ არა სირიაზე იერიშს და რას უპასუხებს ამ დარტყმას რუსეთი.

    ტრამპის ბოლო განცხადების თანახმად, მას არასოდეს უთქვამს თუ როდის განხორციელდება დარტყმა სირიაზე: "ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მალე, ან არც თუ ისე მალე".

    რამდენად მოსალოდნელია აშშ-ის მხრიდან სირიის მიმართ

     

    სამხედრო ქმედების დაწყება და როგორ იმოქმედებს სირიის კონლფიქტი საქართველოზე, kvirispalitra.ge ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

    - გუშინ დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში 3 სრულიად სხვადასხვა შინაარსის შეტყობინება გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ამ შეტყობინებებს წინ უძღოდა ლიბანში რუსეთის ელჩის ძალიან კატეგორიული განცხადება, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გამოშვებული, ანუ ამერიკულ სამხედრო გემებს. სწორედ ამის პასუხად გააფრთხილა ტრამპმა რუსეთი, რომ სირიის მიმართულებით "ჭკვიან" და ახალ რაკეტებს გაუშვებს, ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში ჩნდება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას "ფეისბუკსტატუსი" და შემდეგ 

     

    უკვე პუტინის პრესპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადება, რომლის შინაარსი დაახლოებით იყო ასეთი, რომ ჩვენ "ტვიტერის" დიპლომატიას არ ვცნობთო, თუმცა ტონალობა იყო გაცილებით უფრო შერბილებული.
    მუქარის შეტყობინებიდან დაახლოებით 40 წუთში, ტრამპი დებს შერბილებული ტონალობის სტატუსს, როემლშიც  საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ფაქტობრივად მსოფლიო კატაკლიზმის ზღვარზე ვართ, რუსეთი საჭიროებს ეკონომიკურ დახმარებას და ამერიკა მზადაა ეს ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინოს, აქედან დაახლოებით ნახევარ საათში ტრამპის უკვე მესამე "ტვიტი" ჩნდება, სადაც ის ძალიან შეწუხებულია კვლავ მისი გუნდის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებით, რომელიც ტრამპის საარჩევნო გუნდის რუსეთთან კავშირების დადგენით არის დაკავებული და ამ "ფეიკგამოძიების" ბრალია, რომ რუსეთთან ურთიერთობები ასე გაგვირთულდაო. 

    თვალს თუ გადავავლებთ ამ შეტყობინებებს, როგორ იცვლებოდა ტრამპის განწყობები ორი საათის განმავლობაში, ჩნდება კითხვები. ამის პარალელურად მინდა გითხრათ, რომ პუტინის განცხადება ლოიალობის თვალსაზრისით, იყო შემხვედრი. ისიც პირდაპირ ამბობს, რომ მსოფლიო არის ისეთი კონფლიქტის ზღვარზე, როგორზეც ის არ ყოფილა დიდი ხანია და იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიოში სტაბილურობის ფაზა დაიწყება. თუ ამ შემხვედრი მესიჯებით ვიმსჯელებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კულუარებში რაღაც ხდება და რუსეთმა და ამერიკამ რაღაც მოლაპარაკებას მიაღწიეს.

    გასათვალისწინებელია, რომ ამოიწურა 48 საათიანი ვადა, რომელიც ტრამპმა დათქვა სირიაზე პასუხისთვის და აქედან გამომდინარე, მინიმუმ გადავადდა ეს სამხედრო შეტევა, თუმცა იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რომელიც ტრამპს ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში, ალბათ რაღაც ფორმის სამხედრო დარტყმას სირიაზე ვიხილავთ. 
    ეს ყველაფერი თითქოს იმედს ტოვებს, თუმცა ტრამპის უახლოესი მრჩევლები "ტვირტერზე" გამოქვეყნებული განცხადების საქმის კურსში არ იყვნენ, ამიტომ ერთია ტრამპი და მეორეა მისი უახლოესი მრჩევლები, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ ტრამპის პოლიტიკას. შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელთან შედარებით კონფროტაციული რიტორიკა გაცილებით ნაკლებია.

    - თუ სიტუაცია გამწვავდა, როგორ აისახება ეს საქართველოზე?
    - ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს შეეხება საქართველოსაც.
    თუ რუსეთმა სახე დაკარგა, ის ეცდება საკუთარ მოსახლეობაზე გათვლით სადღაც სხვაგან აღიდგინოს იმიჯი. საქმე იმაშია, რომ რუსეთში ეკონომიკური კრიზისია, როცა რუსი ბიზნესმენები მილიარდებს კარგავენ, ამას თუ კიდევ სამხედრო მარცხიც დაერთო, ეს ყველაფერი შეიძლება პუტინის რუსეთს ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს.

    ამ შემთხვევაში ის ეცდება დაარტყას იქ, სადაც ყველაზე სუსტი რგოლი ეგულება, თეორიულად ეს შეიძლება იყოს საქართველოც. როგორც ერთ-ერთ ვერსიას, ამას ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები უნდა განიხილავდნენ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, განსაკუთრებული პანიკის საფუძველი არ გვაქვს -  რუსეთის მორყეული ეკონომიკა, კიდევ ერთ ომს და მკაცრს ზომებს ვეღარ გაუძლებს. იმედს ვიტოვებ, ამაზე რუსეთი არ წავა, თუმცა როგორც საფრთხე ეს უნდა გაანალიზდეს და კონტრზომებიც შემუშავდეს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად.

    ყველაზე საინტერესო ახლა ის არის, თუ ნამდვილად შედგა ტრამპსა და პუტინს შორის შეთანხმება, ეს რას შეეხო. გასაგებია, რომ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული მესიჯები ხშირად რეალობას აცდენილია, მაგრამ ძალიან საინტერესოა, თუ გარიგება შედგა, რა იყო ამ გარიგების ობიექტი. ტრამპს ერთი ფრაზა აქვს ყურისმომჭრელი, ამერიკას შეუძლია რუსეთს ეკონომიკის ფეხზე წამოდგომაში დაეხმაროსო, საინტერესოა, ხომ არ იყო მოლაპარაკების საგანი მასობრივი შეიარაღების შეწყვეტა? 



  • loading...