--
13 წლის გოგონას ცხოვრება ფსიქიატრიულში და ტყუილის გამო გატარებული უმძიმესი დღეები
2018-03-13 09:57:27
  •  

    თეა უკვე 16 წლის არის, ის აქტიური ცხოვრების რიტმს მიჰყვება და ცდილობს ის სითბო, რომელიც თვითონ არ უგრძვნია ადამიანებისაგან თავად გაუნაწილოს სხვებს. 

    თეამ გადაწყვიტა ექსკლუზიურად „პრესა.ჯი“-სთან, საკუთარი ცხოვრების უმძიმესი წლების შესახებ დეტალურად ესაუბრა. ის ყვება ისტორიას, რომელიც შესაძლოა დაუჯერებელიც იყოს საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს მწარე სიმართლეა:

    "პრობლემა ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ჩემთან განსაკუთრებული პრობლემები იყო, ბავშვობის წლები, რომელიც წესით, უდარდელად უნდა გამეტარებინა საკმაოდ რთულად გადავიტანე.

    13 წლის ვიყავი, როდესაც ფსიქოლოგთან მიმიყვანეს, რამდენიმე სეანსის შემდეგ მან რატომღაც გადაწყვიტა, რომ ფსიქიატრის დახმარება მესაჭიროებოდა. 

    ღამეებს ვათენებდი იმიტომ, რომ ვერ ვიძინებდი, ვწერდი რომ დრო გამეყვანა, მაწუხებდა საშინელი თავის ტკივილი. 

    წამიყვანეს ფსიქიატრთან, რომელმაც გამომიწერა მედიკამენტები, სახელს და გვარს ვერ დავასახელებ რიგი მიზეზების გამო. მან თქვა, რომ თეას სასწრაფოდ მკურნალობა ესაჭიროება.

    ბავშვობაში ძალიან უცნაურად ვიქცეოდი, არ ვგავდი სხვა ბავშვებს, არ ვთამაშობდი მათთან ერთად, ეს ყველაფერი კი დედაჩემს ძალიან უკვირდა. 

    რამდენიმე კვირის შემდეგ შევნიშნე, რომ ფსიქიატრს, ვისთანაც ვმკურნალობდი ძალიან შევუყვარდი, მეც სულ მინდოდა მასთან საუბარი.თითქოს ვიგრძენი ის სითბო, რომელიც წესით დედაჩემისგან უნდა მიმეღო, მას არასოდეს არ ეცალა, ამიტომ დედის სითბო ნამდვილად მაკლდა. 

    ერთი პერიოდი გამიჩნდა აზრი, რომ მე ვიყავი ნაშვილები, მაგრამ როდესაც დავფიქრდი, რომ ჩემები მკურნალობაში მეხმარებოდნენ, დიდი ხანი აღარ მიფიქრია ამაზე. 

    ერთ დღეს ექიმმა მითხრა, თეა, არ გაინეტერესებს შენი ნამდვილი დედა ვინ არის? დავინტერესდი და ვკითხე ამ ქალბატონს იცით ვინ არის ჩემი ბიოლოგიური დედა? ის ჩამეხუტა და მითხრა, მე შვილი არ მყავს, მაგრამ მყავხარ შენ, თუ გაინტერესებს ვინ არის შენი ნამდვილი დედა, მაშინ შენ თბილისში მოგიწევს წასვლა, ვკითხე როგორ წავიდე თბილისში ძალიან პატარა ვარ ჯერ-თქო, შენ ყველაფერს შეძლებ იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანი ხარო. 

    დავთანხმდი, მან ფული მომცა, ძალიან მეშინოდა, 9 საათი იყო, როცა თბილისსკენ წავედი. ეს გარემო ძალიან უცხო იყო ჩემთვის.
    მთელი ღამე ვაგზალზე გავათენე, გაგონილი მქონდა, რომ აქ ძალიან ცუდი რაღაცები ხდება, ბიჭურად ვიქცეოდი, შემეშინდა ვინმეს გოგო არ ვგონებოდი.

    როცა გათენდა გადავწყვიტე დამეწყო იმ ადამიანის ძებნა, რომლის სახელი დაგვარიც ფურცელზე მეწერა, სწორედ მას უნდა ეთქვა ჩემი ბიოლოგიური დედის შესახებ ყველაფერი. წინასწარ ვიცოდი, რომ ეს ქალბატონიც ექიმი იყო. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს ფურცელი მარშუტკაში დამიკარგავს. მხოლოდ 20 ლარი მქონდა.

    ასევე ვიცოდი, რომ ქალბატონი, რომელსაც ვეძებდი პირველ არხზე ხშირად გამოდიოდა, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობაზე საუბრობდა ხოლმე. მივედი ტელევიზიაში 8 საათი იყოს დილის, და ცხადია იქ ჟურნალისტები არ იყვნენ. დაცვას ვკითხე ვინმე თუ იყო ვისაც გავესაუბრებოდი, მან მითხრა, რომ 9 საათამდე უნდა დაიცადოო, მაგრამ მე ამ დრომდე ვერ დავიცდიდი, რადგან პოლიცია მეძებდა.

    ქუჩაში ვკითხე ქალბატონს თუ იცნობდა ასეთ ადამაინს, მან მითხრა კი ვიცი ვინც არისო, ფურცელზე დამიწერა, მაგრამ იმდენად ეჩქარებოდა გარკვევით არც კი დაუწერია.

    ტაქსიში ჩავჯექი, რომელმაც საავადმყოფოებთან მიმიყვანა, ყველა მათგანი შემოვიარე და ვერსად ვერ ვნახე. ვტიროდი, ერთი ქალბატონი მოვიდა ჩემთან, როდესაც გამომკითხა ყველაფერი დარეკა სადრაც სადაც უთხრეს ზუსტი მისამართი. 

    ხუთი ლარი მქონდა, მშიერი ვიყავი, ან უნდა მეჭამა ან იმ ადგილას უნდა მივსულიყავი, გადავწყვიტე არ მეჭამა და გავაჩერე ტაქსი.

    მივედი, მაგრამ არავინ არ დამხვდა იქ. ყველაზე დიდი ტკივილი სწორედ მაშინ ვიგრძენი, კედელს ვურტყამდი თავს და ვტიროდი, ვიღაც მოვიდა შევეცოდე, სახლში შემიყვანა.

    იქედან დავურეკე ჩემს ექიმს, ვინც თბილისში გამომგზავნა, მას დედა დავუძახე და ვუთხარი, არასოდეს მიმატოვო-მეთქი და მანაც შვილო, არ მიგატოვებო. მითხრა, რომ მოგაკითხავენ წაგიყვანენ ისეთ ადგილას, სადაც მე გნახავ და ჩემთან წაგიყვანო. სადაც მიმიყვანეს, მათ ვესაუბრე და მითხრეს, რომ ჩემი ექიმი იყო ჩემი ბილოგიური დედა. გაურკვევლობაში ვიყავი, ვერ მივხვდი რატომ მომექცნენ ასე. მალე პოლიცია მოვიდა, რომლესაც მამაჩემი მოჰყვა, ექიმებმა მას უთხრეს, რომ ფსიქიტრიულში დაწვენა მესაჭიროებოდა. 

    მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი როგორი იყო ფსიქიატრიული საავადმყოფო, ძალიან მეშინოდა, მაგრამ მამაჩემს ხათრს ვერ გავუტეხავდი. როცა მივედი, დავინახე დიდი რკინის კარი, რომელმაც კიდევ უფრო შემაშინა. ექიმებმა მამაჩემს უთხრეს, რომ უნდა დავრჩენილიყავი ფსიქიატრიულში, რადგან შესაძლოა თვითმკვლელობამდე მივსულიყავი. სხეული გამეყინა, საშინელი გრძნობა მქონდა, როცა მამაჩემი წავიდა. საშინელი ხმები იყო, ექიმს ჩავეხუტე და ვთხოვე, არასოდეს არ ვატკენ დედაჩემს გულს, ოღონდ აქედან გამიყვანეთ-მეთქი. მალე მამაჩემიც მოვიდა. გადაწყდა, რომ დავრჩი ფსიქიატრიულში, რამდენიმე დღე წამლების ზემოქმედბის ქვეშ, ფაქტობრივად გათიშული ვიყავი.

    მეშვიდე დღეს დედაჩემი ჩამოვიდა, როცა დავინახე მეგონა მესიზმრებობა, სიმართლე, რომ ვთქვა არც კი მესიამოვნა მისი დანახვა, ჩავეხუტე მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა. ყველაფერს მივხვდი, ისიც ვიცოდი, რომ ჩემმა ექიმმა მომატყუა დედაშენი მე ვარო, უბრალოდ მას შვილები არ ჰყავდა და უნდოდა, რომ მე ვყოფილიყავი. ფსიქიატრილ საავადმყოფოში ძალიან გამიჭირდა პირველად ყოფნა, მაგრამ მერე მივხდი რომ აქ ისეთი არაფერია, ადამიანები დროს ითვლიან, ეს დრო კი ის არის, რომელითაც შენი ცხოვრების განვლილ გზას ათვალიერებ. ეს გზაა კი ძალიან ბობოქრად და საინტერესოდ გავიარე საავადმყოფოში. 

    დედაჩემი ჩემთან ერთად იყო საავადმყოფოში დაა ღამეებს ათენებდა და ტიროდა, ცდილობდა მე არ მენახა მისი ცრემლიანი თვალები. ძალიან მეშინოდა, როცა გამწერდნენ ჩემს ნათესავებს, მეგობრებს, ჩემთან აღარ ესიამოვნებოდათ ურთიერთობა, ეს ფიქრი ყოველ დღე მკლავდა, ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე და ბოლოს გადავწყვიტე დამეწერა რაღაც, რომელიც ძალიან დიდ ძალას მომცემდა.

    როცა ჩემი წასვლის დრო დადგა, საშინელი შეგრძნება მქონდა, ალბათ იმიტომ, რომ ამ ბავშვების დატოვება არ მინდოდა. აქ არ მკურნალობენ ნორმალურად.

    ამ სამყაროში არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც მე ისე გამიგებდა, როგორც ფსიქატრიულში. იქ ვისწავლე სიყვარული, სითბო, ბედნიერება. მე ჩემს სამყაროში ვცხოვრობ, ეს ის ადგილია, სადაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ ხშირად მიწევს ამ სამყაროდან გამოსვლა, რაც ძალიან ცუდად აისახება ჩემს ჯანმრთელობაზე. საშინლად მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ხშირად ფსიქიკური პრობლემების გამო ადამიანებს რიყავენ, ისინი გიჟები არ არიან და მე ამაში დავრწმუნდი.ფსიქიატრიული ცხოვრება ძალიან ჰგავს ჩვენს სამყაროს."

    თეა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის დროს ხშირად წერდა, მან „პრესა.ჯი“-ს ერთ-ერთი ჩანაწერი მიაწოდა.

    „დეკემბერი, ზამთრისთვის ჩვეული ცივი და სუსხიანი დღეა. ცრის კიდეც.მე და მამა კლინიკაში მივედით.გულში ბევრი ფიქრი მაქვს,როგორი გარემო დამხვდება,როგორ უნდა გავჩერდე დედის გარეშე. ვფიქრობ ნუთუ, როგორც ფილმებშია ისე ექცევიან ბავშვებს...ჩემს გულის ფიქრში ვარ,ექიმმა დაგვიძახა კაბინეტში შევიდეთ.მამა ყვება ჩემზე დაწვრილებით ყველაფერს,როგორ გავიპარე თბილისში და ეს ყველაფერი ჩემი ექიმის დამსახურებაა. განვიცდი,მრცხვენია მამასი,რადგან ჩემზე უწევს საუბარი. ექიმი მამას ეუბნება-უნდა დავტოვოთ კლინიკაში,მცირე ხნით აუცილებელია... შევცბი,ბოლომდე კიდევ არ ვფიქრობდი რომ დარჩენა მომიხდებოდა. მინდა ვიყვირო არ მინდა დარჩენა,მაგრამ მამის გამო ვიკავებ თავს,უხერხულად არ ჩავაყენო. გავდივართ კაბინეტიდან, შევედით დიდ ოთახში, სადაც ბევრი ბავშვია... შევხედე,ვიგრძენი, მათი სევდით აღსავსე თვალები,როგორი ძნელია ყოველივე ამის ნახვა... მე ისევ ჩემს ფიქრებში ვარ, როგორ გავჩერდე აქ... ოთახის რომელ ნომერს აირჩევ? პირველს,მე-3,მე-5...მე-3....ჩემი ექიმის ტელეფონის ნომრის გამო... სული უფრო და უფრო გრძნობს,როგორი რთულია აქ გაჩერება,ყველაზე მეტად ვინც მინდა ჩემთან იყოს ჩემი დედიკოა, ეხლა განსაკუთრებულად ვიგრძენი,რომ ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ექიმს ვეხვევი,ვეხუტები..."გთხოვთ დედასთან მინდა,აღარასოდეს არსად გავიპარები,დედასთან მინდა..."ჩემი არავის ესმის,ალბათ კი ესმით, მაგრამ გამოსავალი მათთვის მხოლოდ ესაა...აქ მაშინებს ყველა და ყველაფერი...ექთანიც,რომელიც საერთოდ არ მინდა მომიახლოვდეს...ჩემს ფიქრებს არ ვცილდები წასვლა მინდა...ერთი გოგონა შემოიყვანეს,ძალიან აგრესიულია,ყვირის,შემხედა ჩემსკენ გამოიქცა,ყელში მწვდა მახრჩობს,"შეყვარებული წამართვიო"ძალიან ძნელია ეს ყველაფერი... გათენდა. უკვე წამლებით ვარ გაბრუებული.ის ექთანი გუშინ რომ მაშინებდა,საოცარი ქალბატონია,ყველაფერში მეხმარება. იმ გოგოს კი დავუმეგობრდი,ერთად ვხატავთ, ვწერთ, მოკლეთ, ასე გადის ნელ-ნელა დღეები. დღეს მითხრეს დედა უნდა მოვიდეს, უსაზღვროთ გამეხარდა, მაგრამ არის რაღაც რაც მეუბნება რომ არ მინდა მოვიდეს...არა,არა ძალიან მინდა,ძალიან მინდა და უსაზღვროთ მიხარია,დედა ხომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. მიიწევს დღეები,დღითი-დღე უკეთ ვხდები. დღეს მითხრეს რომ ხვალ უნდა გამწერონ,ძალიან გამეხარდა,მაგრამ ჩემი სიხარული განელდა რადგან,ის გოგო ახალ წელს აქ რჩება. ვიმიზეზებ ცუდათ ყოფნას და კიდევ ვრჩები იმ გოგოს გამო ორი დღე. დადგა ის წამები რომ ჩემს ოჯახში,იქ სადაც ყველაზე დიდი სიყვარული და სითბო მელოდება მივდივარ... უსაზღვროთ ბედნიერი ვარ...მინდა ყველა ბავშვი ყოველთვის უსაზღვროდ ბედნიერი იყოს, იღიმებოდნენ და სიხარული სუფევდეს მათ გულებში მრავალჟამიერ”.

    „მინდა ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს, მინდა ყველა ბავშვი სიყვარულით გაიზარდოს, სიყვარული ყველაზე დიდი ბედნიერებაა, მეც ამ ბედნიერებით ვცხოვრობ დღეს.  როცა ქუცაში გავდივარ სურვილი მიჩნდება ბევრი შოკოლადი ვიყიდო და ყველა ბავშვს ვაჩუქო. არ მინდა ვინმეს შევეცოდო, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო, ალბათ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო“-ამბობს თეა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას."



  • loading...
    Загрузка...