--
შემაშფოთებელი ინფორმაცია:გორის ერთ-ერთ სოფელში ჭაში სასმელი წყალი გაცხელდა
2018-02-16 10:54:27
  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში, ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილ ჭაში სასმელი წყალი გაცხელდა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

    მახარაშვილების ოჯახში აცხადებენ, რომ სასმელი წყლის ტემპერატურის მატება პირველად 3 დღის წინ შენიშნეს, ამ დროისთვის კი ის 38 გრადუსს აღწევს. 

    „ასეთი რამ არც მომხდარა ჩვენს სოფელში და არც გვსმენია. ახლოს არანაირი ბუნებრივი ცხელი წყლები არ არის. შეშფოთებულები ვართ, ვერაფრით ვხსნით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჭაში წყლის გაცხელება. 14 თებერვალს დაიწყო წყლის ტემპერატულის მატება, ახლა გავზომეთ და უკვე +38 გრადუსია, გოგირდის ან სხვა სპეციფიური სუნი არ შეინიშნება. ფაქტია, რომ მიწის ქვეშ გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, რაც ჭის წყლის ტემპერატურის მატებას იწვევს. ჭა დახურულ სივრცეშია მოქცეული და სერიოზულად მაფიქრებს, რაიმე პრობლემა არ შეგვექმნას. არ ვიცი, ვის უნდა მივმართოთ, რომელ სამსახურს, რომ გავიგოთ, რამდენად უსაფრთხოა აქ ცხოვრება, ეს წყალი და რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა კახა მახარაშვილმა. 

    ერთ-ერთი მეზობელი, დაჩი მშვიდობაძე კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ. 

    „ყველა გაოცებული და ამავდროულად, შეშფოთებული ვართ. ვერაფრით ვხვდებით, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ბუნებრივია, ეს შესაბამისი სამსახურების კვლევის საგანი უნდა გახდეს. იმედი გვაქვს, რომ ყურადღებას მოგვაქცევენ“, - აღნიშნა დაჩი მშვიდობაძემ. 

    სკრის მცხოვრებლები შესაბამისი სამსახურებისგან დახმარებას და არსებული ფაქტის დაუყოვნებლივ შესწავლას ითხოვენ.



  • loading...
    Загрузка...