დამნაშავე რომ ყოფილიყო, ამდენი ხალხი გვერდში არ დაუდგებოდა... - რა ხდება დუისში, სადაც დღეს მაჩალიკაშვილს დაკრძალავენ
2018-01-11 09:39:11
  •  

    სოფელ დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს დილიდან უსამძიმრებენ დუისის მცხოვრებლები. ისინი მაჩალიკაშვილის სახლის ეზოში არიან შეკრებილები.

    "ტყუილუბრალოდ გაანადგურეს ოჯახი. ეგ რომ დამნაშავე ყოფილიყო, ყოველდღე აქ ხართ და ხედავთ, ამდენი ხალხი გვერდში არ დაუდგებოდა" - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფელ დუისის მცხოვრებმა ანზორ ქავთარაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, "ხელისუფლების მიმართ მოთხოვნები რაც არ უნდა ჰქონდეთ, ხელისუფლება იმას გააკეთებს, რაც თავად მოესურვება".

    დუისის მცხოვრებმა მურად ალდამოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობა გამოძიებასთან მიმართებაში ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.

    წაიკითხეთ: მალხაზ მაჩალიკაშვილის პირველი კომენტარი შვილის გარდაცვალების შემდეგ 



    "გამოძიება არა მგონია სამართლიანად ჩატარდეს. ჩვენ უკვე გვქონდა ამის პრაქტიკა ლაფანყურთან მიმართებაში, სადაც იძიეს, იძიეს, თუმცა ბოლომდე არ მიუყვანიათ გამოძიება და საქმეს გრიფი "საიდუმლო დაადეს". ახლაც ნაკლებად ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. მოსახლეობა და მთელი ხეობა აღელვებულია და ყველა იმას ითხოვს, რომ გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად", - განაცხადა ალდამოვმა.





    მისივე თქმით, მთავარი კითხვა არის თუ რატომ მოხდა სპეცოპერაციის ასეთი ფორმით ჩატარება. "მთავარი კითხვა გვაქვს თუ რატომ მოხდა ასეთი ფორმით სპეცოპერაციის ჩატარება. არანაირი სპეცრაზმის საჭიროება და ასეთი ძალის გამოყენება საჭირო არ ყოფილა",- აღნიშნა ალდამოვმა.

    თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი გუშინ, გვიან საღამოს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩაასვენეს. გარდაცვლილის ცხედარს თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გუშინ ექსპერტიზა 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა.

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მაჩალიკაშვილი გუშინ დილით გარდაიცვალა.

    ambebi.ge



  • loading...