რუსული პროვოკაცია -ძალიან საშიში სიტუაციაა– რა ხდება პანკისში და ვინ ცდილობს ვითარების არევას
2018-01-10 13:37:13
loading...
  • პანკისის სპეცოპერაციისას თავს არეში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახი სამძიმარს ამ წუთებში იღებს. ხეობის მოსახლეობა კი იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, რომელმაც ახალგაზრდას თავის არეში ესროლა.

    19 წლის ბიჭის დედის, აიზა მარგოშვილის თქმით, მისი შვილი დღეს დილით უნდა გადაეყვანათ თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ.

    – დღეს, დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა, არაფრის გულისთვის, ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს, – განაცხადა აიზა მარგოშვილმა.

    „ისლამური სახელმწფოსგან მომდინარე საფრთხე საქართველოში აქტუალური გასული წლის 22 ნოემბრის სპეცოპერაციის შემდეგ გახდა, როდესაც სუს-ის ცნობით, ლიკვიდირებულ იქნენ ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ახმედ ჩატაევი და მისი ჯგუფის წევრები. სპეცოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ, სუს-მა პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად, 5 პირი დააკავა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, შემდეგ კი დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულებმა ასევე, უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის დაქირავებასა და იარაღის მოძიებაში.

    ოფიციალური ინფორმაციით, 19 წლის მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის ამოქმედება სცადა, რა დროსაც მისი მისამართით სამართალდამცავებმა გასროლა განახორციელეს.

    სუს-ის მიერ ჩატარებულმა ანტიტერორისტულმა სპეცოპერაციამ ვითარება დაძაბა პანკისის ხეობაში. ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ დაკავებულებს კავშირი არ აქვთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ხელისუფლებისგან მოითხოვენ იმ სამართალდამცავის დასჯას, რომელმაც მაჩალიკაშვილის თავის არეში ესროლა.

    ხეობა აღაშფოთა ახმეტაში გუშინ ჩატარებულმა მორიგმა სპეცოპერაციამაც, როცა ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, ზურაბ იდოიძე, მეტსახელად „თუში” დააკავეს.

    გამოძიების ინფორმაციით, დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად, ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

    დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად, ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

    რა საფრთხეებია საქართველოს წინაშე, უნდა ველოდოთ თუ არა შურისძიებას გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამო და რა განწყობაა პანკისში? – ამის გარკვევას „ნიუპოსტი“ ადგილობროვებთან, ანალიტიკოსებსა და ექსპერტებთან შეეცადა.

    სხვათა შორის, ხეობაში უკვე გაჩნდა მოწოდება: „განა, მართლა დაჩაგრულები ვართ? ჩვენ მივმართავთ ჩეჩნეთ-ინგუშ პრეზიდენტს, მოგვხედოს, მოგვაქციოს ყურადღება“.

    ანალიტიკოსი ნინო ბურჭულაძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ზურაბ იდოიძე არ იყო შემჩნეული ტერორიზმთან კავშირში, მეტიც, არ ითვლებოდა რადიკალური ისლამის თანამგრძნობად და სალაფიტური ჯამაათის წევრად.

    რაც შეეხება პანკისელებისგან მოსალოდნელ პროტესტს, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქისტები კანონის ჩარჩოებს არ გასცდებიან.

    – ძალიან სამწუხაროა, რომ გარდაიცვალა თემირლან მაჩალიკაშვილი, ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს. არ ველოდები, რომ ამ ამბავს სერიოზული ძვრები მოჰყვეს პანკისის ხეობაში. მიუხედავად ემოციურობისა, პანკისის ხეობაში ბრძენი ხალხი ცხოვრობს. ამ ადამიანების განცხადებები და მოქმედებები ზომიერი იქნება. ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ საქმის ობიექტურ გამოძიებას და შესაძლოა, პროტესტი ამ მიმართულებით წავიდეს. გართულებებსა და რყევებს ნამდვილად არ ველი, – განაცხადა „ნიუპოსტთან“ ბურჭულაძემ.

    ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ გარე ძალებს ემოციური ფონის სათავისოდ გამოყენების მცდელობა ექნებათ და პანკისში ეს უნდა ესმოდეთ .

    – არაერთი ქვეყნის სპეცსამსახური შეეცდება, ეს ფონი სათავისოდ გამოიყენოს ხეობაში თავისი ინტერესების გასატარებლად. ვიცით, რომ ხეობა უცხო ქვეყნების ინტერესის ქვეშ ყოველთვის იყო. ვფიქრობ, პანკისის ხეობა პროვოკაციას არ წამოეგება, – განმარტა ნინო ბურჭულაძემ.

    „ნიუპოსტი“ პანკისელების განწყობაზე ადგილობრივ ჟურნალისტსაც ესაუბრა. სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა სუს-ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს:

    – კითხვები და მოთხოვნები არ შეცვლილა, მოსახლეობა იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, ვინც 19 წლის ბიჭს თავის არეში ესროლა. თუ გამოძიება ობიექტურად არ ჩატარდა, ეს კიდევ უფრო დააშორებს პანკისელებს ხელისუფლებისგან.

    ადგილობრივი ჟურნალისტი რუსეთისგან პროვოკაციას არ გამორიცხავს.

    – ძალიან საშიში სიტუაციაა… მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთს პანკისის ხეობის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს. ის ღიად გამოხატავდა თავის პოზიციას მაშინაც, როცა ხეობაში სიმშვიდე იყო. გახსოვთ კრემლის განცხადებები, რომ ხეობაში ტერიორისტული ბაზებია და სხვა. ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს პანკისის ხეობის მოსახლეობა, რადგან საფრთხე არსებობს, რომ ეს ემოციუყრი ფონი გამოყენებული იქნას, – განმარტა ჟურნალისტმა.

    http://akhalitaoba.ge



  • loading...
    Загрузка...