Загрузка...
„მომიკლეს, 26 წლის შვილი. გულის ინფარქტი ჰქონია და გადაღლილიაო ექიმმა მითხრა“
2017-10-19 12:11:21
loading...
  • ფოტოზე: გარდაცვლილი ამირან თავბერიძე.

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, თავბერიძეების ოჯახში ტრაგედია იანვრის თვეში დატრიალდა.

    26 წლის ამირან თავბერიძე, ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, გულის ინფარქტით გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები „გურიის მოამბესთან“ კლინიკა „მამქოლის“ მედპერსონალის ბრალეულობაზე საუბრობენ. მათი განმარტებით, ექიმებმა  ახალგაზრდა მამაკაცს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს, გულის არეში მწვავე ტკივილი, გადაღლილობით ახსნეს და ოჯახს არც იმის საშუალება მისცეს, პაციენტი სხვა საავადმყოფოში გადაეყვანათ.  

    2017 წლის 30 იანვარს, დილით ადრე მიდიოდა სამსახურში. ნაბეღლავის ქარხანაში მუშაობდა, ოპერატორად. ჭიშკართან მისული წაქცეულა. დაურეკა მეზობელს, სწარაფად გამოდი- ცუდად ვარო. ეს მეზობელი იმ დროს ჩვენთან იყო სახლში. უცებ გამოვარდნენ სახლიდან ამირანის მეუღლეც, მეზობელიც, დედაც. არ გამაქანოთო იძახდა, გულის არეში მაქვს საშინელი ტკივილებიო. სასწრაფო სანამ მოვიდა, მსუბუქი მანქანა გააჩერეს, დააწვინეს უკან სავარძელზე, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ.  სასწრაფო გზაში შეხვდათ. ექიმებმა მანქანაში გაუკეთეს ნემსები. წნევა ჰქონდა დავარდნილი. საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, უკეთესად გრძნობდა თავს, მაგრამ გულის არეში მაინც საშინელი ტკივილები მაქვსო- იძახდა. „მამქოლის“ კლინიკაში მიიყვანეს, რადგან კარდიოლოგი იქ იყო იმ მომენტში, ნინო კუტუბიძე.

    მგონი ვკვდებიო, ექიმს უთხრა. მიმღებში შეიყვანეს. მხოლოდ კარდიოგრამა გადაუღეს, გეპარინი მუცელზე და სამი გადასხმა დაუდგეს ზედიზედ. მესამე რომ გაუკეთეს,  ხელი გაუსივდა. ალბათ ხელი გააქანე და ამიტომ გაგისივდაო, უთხრეს. ჩემმა მეუღლემ დაელაპარაკა მთავარ ექიმს, თემურ კოროშინაძეს, გვითხარით თუ რამე სერიოზულია, გამოვიძახებთ რეანომობილს და გადავიყვანთ, ამას არაფერს არ მივაკლებთო. არაფერი არ არის პრობლემა, გადაღლილობის ბრალიაო. ჩემს ძმას გული კი არა,  თავიც არ წამოსტკენია არასდროს, ისეთი ჯანმრთელი იყო. ამიტომ, ვენდეთ ექიმებს, გვეგონა ახალგაზრდა კაცს უყურადღებობის გამო, სასიკვდილოდ არ გაიმეტებდნენ. იმდენი საათი ვიყავით მიმღებში, ექიმს სთხოვა, თუ აქ მტოვებთ, პალატაში გადამიყვანეთ, ამ საწოლზე გვერდები მეტკინაო. იქ გულით ავადმყოფები არიან და შეგაწუხებენო. ექიმი ეუბნება, წამოდექი, საჭმელიც შეგიძლია ჭამო, გაიარე თუ გინდაო. მოკლედ, საჭმელი ჭამა, მერე ჩაეძინა და მე წამოვედი ოზურგეთში, იმიტომ, რომ ვიცოდი პრობლემა არ იყო არაფერი. რამდენიმე წუთში მირეკავს ჩემი რძალი, მიშველე ცუდად არისო. საავადმყოფოში რომ მივედი უკვე გარდაცვლილი იყო ჩემი ძმა. სავსე იყო საავადმყოფო პოლიციელებით, თავს იცავდნენ ჩვენგან ალბათ. ჩემი რძალი როგორც ყვება, ღამის 12 საათი იქნებოდა, გაეღვიძა თურმე ჩემს ძმას, რაღაც ამოიძახაო, გამოვარდნილა ჩემი რძალი ყვირილით, მიშველეთო. გამოუგდიათ გარეთ, გვაცალეთ მივხედოთ პაციენტსო. ხელოვნური სუნთქვები უკეთებიათ... “-გვიყვება გარდაცვლილის და, ნათია თავბერიძე.

    შვილის სიკვდილში ექიმების ბრალეულობას ხედავს გარდაცვლილის დედა, ნინო გუდავაძეც, რომელიც მათ წინააღმდეგ სასამართლოს, ექსპერტიზის სრული პასუხის შემდეგ  მიმართავს.  ქალბატონი, იმ ექიმების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, ვინც იმ დღეს მისი შვილის სიცოცხლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღო:

    „არასოდეს არ აწუხებდა გული. მანამდეც რომ რამე პრობლემა ჰქონოდა, პირდაპირ ქუთაისში, ან სხვა ქალაქში გადავიყვანდით. ტკივილები ჰქონდა საშინელი. მე მეგონა ყველაფერი გაუკეთეს რაც საჭირო იყო, თურმე...6 საათის მერე გაუკეთეს ტესტი, ჩამოვიდა ექიმი და მოსალოცად გაქვს საქმე, ინფარქტი გამორიცხულია, უბრალოდ გადაღლილობის ბრალია და დასვენება უნდაო. ექიმს რომ ჰკითხა კოროშინაძემ, თუ გადასაყვანია გადავიყვანოთო, უყვირა, ჯერ არ მოუყვანიათ, სად უნდა წაიყვანოთო. ამას დაზღვევა ჰქონდა კარგი და არ უნდოდათ ეტყობა ფულის დაკარგვა.

    ამაღამ დავტოვებთ აქ და დილით გაგატანთო. საჭმელიც ჭამა, ლაპარაკობდა კიდეც. მერე მე მითხრა, შენ წადი სახლში, აქ  რატომ უნდა დარჩეო. მისმა მეუღლემ, მე დავრჩები ამიროსთან, ნუ გეშინიაო.  ღამის 12-ის ნახევარი იყო სახლში რომ წამოვედი. ეძინა მაშინ. სახლში მისულს, 10 წუთში დამირეკეს, სიტუაცია შეიცვალა და მოდიო.

    ჩემი შვილი აღარ იყო ცოცხალი.

    იქ რომ მივედი მომატყუეს, რომ რეანომობილი გვყავს გამოძახებულიო. რომ ვკიოდი და ლამის დავანგრიეთ ყველაფერი, იმდენი პოლიციელი იყო, თან  გვიყვიროდნენ, რა ამბავია, ცოტა გააკონტროლეთ თავიო. ისინ ი ხმაურმა შეაწუხა თურმე და ამ დროს მე ჩემი შვილი აღარ მყავდა.

    მათ განთავისუფლებას კი არა, პასუხისგებაში მიცემას ვითხოვ. სხვა დედები რომ არ განწარდნენ ჩემსავით.  26 წლის შვილი, მომიკლეს, 6 თვის მოყვანილი ჰყავდა ცოლი. მომიკლეს უყურადღებობით, გულგრილობით, უცოდინარობით. ექსპერტიზის პასუხში წერია ინფაქტი, ამათ დიაგნოზად დაუსვეს გულის გადაღლილობა. ველოდებით სრულ პასუხს და შევიტანთ სარჩელს სასამართლოში. ორი მუხლით. საერთოდ თავი არ უგრძვნიათ დამნაშავედ, ან სინანული, ან რამე. იძახიან მარტო იმას, ჩვენ მისი სიკვდილი არ გვინდოდაო. გადარჩენაც რომ არ უნდოდათ, ხომ ფაქტია.? დიაგნოზი გადაღლილი გული, ასეთი რამ გაგიგიათ სადმე“-გვიყვება გარდაცვლილის დედა.

    „გურიის მოამბე“ მომხდარზე კომენტარისთვის დაუკავშირდა „მამქოლის“ მთავარ ექიმს თემურ კოროშინაძეს. ბრალდებებთან დაკავშირებით ის მხოლოდ ერთს გვპასუხობს, რომ ელოდებიან ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას:

    „უპირველეს ყოვლისა, უსაშველოდ განვიცდით ყველა იმას, რაც მოხდა. ოჯახის განწყობა მესმის, მაგრამ, მე ვერაფერს ვერ გეტყვით მანამ, სანამ არ გვექნება ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა. მე არ ვიყავი კლინიკაში იმ დროს, როცა პაციენტი შემოიყვანეს, მაგრამ ის, რომ გარდაცვლილი ექსპერტიზაზე წაეყვანათ, ეს ჩემი სურვილიც იყო, რადგან ოჯახი ბრალს მედპერსონალს სდებდა. დადგინდება ყველაფერი. ახლა სხვას ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო“-გვითხრა კოროშინაძემ.

    ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, კარდიოლოგი ნინო კუტუბიძიძეც, რომელიც ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ დიაგნოზი-ინფარქტი საავადმყოფოში არ დასმულა, რადგან ამის ნიშნები პაციენტზე დაკვირვების დროს, არ გამოიკვეთა: „ინფაქტის ნიშნები რომ შეგვეტყო, მაშინ აუცილებლად გადავამისამართებდით სხვა კლინიკაში, სადაც არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა, მაგრამ პაციენტზე დაკვირვების დროს, ეს არ იკვეთებოდა. კი მითხრა ერთმა მისმა ახლობელმა, ხომ არ არის გადაყვანა საჭიროო და ვუთხარი, ჯერ უნდა გავერკვეთ, რა ხდება და მერე გადავწყვიტოთ-მეთქი. ველოდები რას იტყვის ექსპერტიზა. სხვას ვერაფერს გეტყვით, უბრალოდ ვართ ძალიან შეძრწუნებული იმის გამო, რაც მოხდა“-გვითხრა ნინო კუტუბიძემ. 

    http://guriismoambe.com



  • Загрузка...
    loading...
    loading...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...