Загрузка...
"როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა, ესროლეს. 6 ტყვია მოახვედრეს"
2017-10-11 12:41:10
loading...
  • "სამართალი სად არის? ნუთუ კაცი შეიძლება იმიტომ მოკლა, ჩემზე მშრომელი რატომ ხარო?!"

    ოზურგეთის სოფელ გურიანთაში, 28 წლის ირაკლი ტარიელაძე მოკლეს. ახალგაზრდას დაახლოებით ღამის 12 საათისთვის საკუთარ ეზოში ესროლეს, რის შემდეგაც ის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გარდაცვლილის ახლობლები დანაშაულში ბრალს მეზობელს სდებენ, რომელთაც გარდაცვლილთან კონფლიქტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდა. 

    ჯუმბერ ჯაყელი, ირაკლი ტარიელაძის ახლობელი:
    - სასტიკი და არაადამიანური მკვლელობა მოხდა, ერთი უბედური შემთხვევა ვერ მოიშუშა ოჯახმა, ახლა ეს ტრაგედია დატრიალდა. წლების წინ ირაკლის ძმა ავტოავარიაში მოყვა, ეტლს მიეჯაჭვა და მის ოჯახს ირაკლი ინახავდა. მუხლჩაუხრელად მუშაობდა, შედეგად მოახერხა ფული დაეგროვებინა და ჩვენს სოფელში 4 ჰექტარი მიწა ეყიდა. ეს ათეული წლების დაუმუშავებელი მიწა იყო, ძეძვით სავსე. ამ მიწაზე ტენდერი რომ გამოცხადდა, ირაკლიმ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. ერთი სული ჰქონდა დაემუშავებინა, აჭარელი ეკომიგრანტი იყო და მიწის სიყვარული ბავშვობიდან ჰქონდა შესისხლხორცებული. მაგრამ არავინ აცალა, მიწის შეძენისთანავე, ერთ-ერთი მეზობელი მიუვარდა, რას ჰქვია, ეს მიწა შენ შეიძინე, შენ ვინა ხარო, ამ სოფელში მე ათადან და ბაბადან ვცხოვრობ და მიწა მე უნდა დამითმოო. ასე დაიწყო კონფლიქტი.

    პოლიცია მომხდარით არ დაინტერესებულა. ამასობაში იმ მეზობელმა კიდევ სამი სხვა მეზობელი ამოიყენა მხარში და ბიჭს გამუდმებით ემუქრებოდნენ, მიწა მოგვეციო. ირაკლიც სოფლიდან ბათუმში წავიდა, სადაც მამასთან ერთად მუშაობდა მშენებლობაზე. ცდილობდა სოფელში არ გამოჩენილიყო, არ უნდოდა უაზრო დაპირისპირება. ამ გაზაფხულს, მარტში ერთხელ ამოვიდა სახლში. ოზურგეთის ცენტრში ოთხივე მეზობელმა ერთად დაიბარა. ირაკლი მარტო წავიდა. იქ კი მუცელში დანით დაჭრეს.

    - ეს ფაქტი პოლიციისთვის თუ იყო ცნობილი?
    - იყო, მაგრამ პოლიციას თავი არ შეუწუხებია გამოძიებით. ირაკლიც იძულებული გახდა სულ ბათუმში ყოფილიყო. ალბათ ფიქრობდა, სიტუაციას დრო დაამშვიდებსო. როგორც ვიცი, ბიჭს დაურეკეს და ჩამოიყვანეს, - შევრიგდეთო. ჩამოვიდა და რაც მოხდა, კი იცით...

    - მკვლელობაში ბრალის დადება მარტივი არ არის, ამას გამოძიება სჭირდება. რატომ ფიქრობთ, რომ ირაკლი მოქიშპე მეზობელმა მოკლა?
    - ამ კაცმა და მისმა მეგობრებმა ბიჭი დანით რომ დაჭრეს, ვითომ მისი მოკვლა რატომ უნდა გაჭირვებოდათ?! ეს მთელმა სოფელმა იცოდა, მაგრამ პოლიციას ამ ხალხის დაკავება ჯერ აზრადაც არ მოსვლია. მხოლოდ მეორე დღეს დაიბარეს დაკითხვაზე. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ პოლიცია დამნაშავეებს მფარველობს.
    ბიჭი ღამით დაახლოებით თერთმეტი საათისთვის მოვიდა სახლში მანქანით, შეაყენა ეზოში მანქანა და როგორც კი გადმოვიდა, ესროლეს. 6 ტყვია მოახვედრეს, - გადაჭრილი თოფით -  ნადირის მოსაკლავი ტყვიით მოკლეს. სასწრაფომ ცოცხალს ვეღარ მიუსწრო. ამ ყველაფრის მოწმე კი მისი ეტლში მჯდომი ძმა იყო, რომელიც ახლა უკვე სულიერად განადგურდა. სამართალი სად არის? ნუთუ კაცი შეიძლება იმიტომ მოკლა, ჩემზე მშრომელი რატომ ხარო?!

    ჩვენ დავუკავშირდით შსს-ს და ვცადეთ გაგვერკვია, რა ეტაპზეა მკვლელობის გამოძიება. როგორც გვითხრეს, ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის. ვცადეთ ისიც მოგვეკითხა, მკვლელობამდე ირაკლი ტარიელაძის დაჭრის ფაქტზე რა იყო სამართალდამცავებისთვის ცნობილი, თუმცა გვითხრეს, რომ გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებდნენ. 

    .kvirispalitra.ge



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...