„თიბისი ბანკის“ ადგილას ბორდელს ხსნიან საზეიმო ვითარებაში“
2017-08-11 23:14:40
Загрузка...
  • „თიბისი ბანკის“ ადგილას ბორდელს ხსნიან საზეიმო ვითარებაში“

    „გავედი გარეთ, მეთქი ჩემს მშობლიურ ჩელუსკინელებს დავხედავ, დიდი ხანია არ დამიხედავს, ხოდა გავედი და დავხედე. 
    კარგად არიან ჩელუსკინელები. მყარად. მყარად, ოღონდ ოდნავ ჩაცუცქულად.
    ახლა, მართალია, მათ ყველას ერთად თამარ მეფის გამზირი ჰქვიან, მაგრამ შიგადაშიგ, ცოტა რომ გადაფხიკო, მაინც ჩელუსკინელები ჩანან.
    (ეს ლირიული შესავალი იყო).
    .
    შვიდ ნომერში ადრე "ტიბისი" ბანკი მუშაობდა, მერე წაეჩხუბნენ გამქირავებელს, აიყარნენ, და მოპირდაპირე მხარეს გადავიდნენ, სადაც ადრე ბანკი "სოსიტე ჯენერალი" ანუ "რესპუბლიკა" იყო.
    "ტიბისი" ბანკის ძველ სივრცეში კი, შვიდ ნომერში, პატარა კოსმეტიკური რემონტის შემდეგ, იხსნება ბორდელი.
    გარეკანზე უკვე ჩამოჰკიდეს მასაჟის სალონების თვალებდახურული ფოტოები, დააწერეს "ჰოტელ", მაგრამ სამეზობლომ საფუძვლიანად ვიცით, რომ იქ იქნება ბორდელი.
    ამ "ჰოტელის" წინ მომუშავე თვითდასაქმებული მეჯოხე ზურიკო ძალიან აცუნდრუკებული დარბის, დილით და შუადღეზე პირს იპარსავს და თვალებს აცეცებს. იმედი აქვს, რომ მანქანიანი კლიენტურა დაესევა მის სამეთვალყურეო ადგილებს და მერე ცხოვრებაც აეწყობა, ჭრაჭუნით წელში გაიმართება და იქნებ ცოლიც მოიყვანოს.
    უნდა ზურიკოს ცოლის მოყვანა, მაგრამ ვერ რისკავდა, მომავლის იმედი არ ჰქონდა.
    ახლა მომავლის იმედი გაუჩნდა და თვალებსაც იმიტომ აცეცებს, ქუჩაში ქალბატონებს ათვალიერებს, პოტენციურ მსხვერპლს...პოტენციურ საცოლეს ეძებს.
    ხშირად მაჩერებს ზურიკო და ცოლ–ქმრული ურთიერთობის ავკარგიანობაზე მისვამს კითხვებს. მეც პასუხებს ვპასუხობ, ამაზე მეტი რა ვიცი...
    ზურიკომ მითხრა, "ჰოტელის" საზეიმო გახსნაც არის დაგეგმილი და გეტყვიო, როდის იქნება.
    მე პატარა მწერალი კაცი ვარ, ცხოვრება უნდა ვიცოდე სხვადასხვა ადგილებიდან, ბორდელის საზეიმო გახსნაზე ჯერ არ ვყოფილვარ და მინდა დავესწრო.
    ალბათ კარგი ბუტერბროდები ექნებათ, შეიძლება ვინმე დუტასებურ ან დი–სტეფანესნაირ მსახიობსაც დაუძახონ, ფეიერვერკსაც ბუთქავენ, ღვინოც იქნება და დუდუკიც. ქალები ხომ იქნება და იქნება. 
    ხოდა გახსნაზე ვისიამოვნებ, გავერთობი და გადავივიწყებ ავს.
    თქვენც შეგატყობინებთ გახსნა როდის იქნება და მობრძანდით, ბუტერბროდი ბუტერბროდზე არ დავუტოვოთ.
    . . .
    ისე, ერთი ნაცნობი ვიცი, ძალიან თვალყურს ადევნებს სხვადასხვა გამოფენის გახსნას.
    ჩამოიცვამს თავის საკუბოვე პარიკს, მიბრძანდება იქ, სწრაფად ერთ წრეს დაარტყავს და მერე ერთჯერად თეფშზე ერთჯერად საკვებს გადმოიღებს და შთაბეჭდილებებით ივსება.
    როცა არავინ უყურებს, ჩუმად იმ საკვებს ჩანთაში ინახავს სახლში წასაღებად, მერე ისევ წრეს დაარტყამს და მეორე ულუფას იღებს.
    სასაცილოა ახლა ეს?
    "სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს".
    (ნეტავი ვინმემ იცოდეს როგორ მეზიზღება ეს ფრაზა, მაგრამ როგორც იქნა მეც გამოვიყენე და ამიერიდან მისგან თავისუფალი ვარ).“ - წერს სოციალურ ქსელში დავით კალანდია



  • loading...
    loading...
    loading...





    BUM.GE