Загрузка...
რუსეთთან ომი გარდაუვალია !!
2017-08-11 20:25:07
loading...
  • იმ პირობებში, როცა ოკუპაციის ხაზი დღითი დღე იწევს, რა მნიშვნელობას ატარებს ამერიკული მარში და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტი? მოსალოდნელია თუ არა ომი რუსეთთან? «ალიას» «თავისუფალი საქართველოს» ლიდერი კახა კუკავა ესაუბრება

    - პენსის ვიზიტს ჰქონდა პოზიტივებიც, მაგრამ ამას უნდა წონასწორობის დაცვა, რომ ზარალმა დივიდენდებს არ გადააჭარბოს. თუ განზოგადებულად დავთვლით ჩვენს 30 წლის ისტორიას, ამერიკასთან მეგობრობამ ქვეყანას უფრო მეტი ზარალი მოუტანა, ვიდრე სიკეთე...

    - ზარალში რას გულისხმობთ, ამერიკის ბრალია, რუსული ოკუპაცია?

    - დიახ, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავების მიზეზი 2004 წლიდან სწორედ იმის ბრალია, რომ საქართველომ დაიწყო ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი.

    - იმის გამო, რომ რუსეთი არ გავაბრაზოთ, საკუთარ ნაჭუჭში უნდა ჩავიკეტოთ და არ უნდა გვქონდეს დასავლური კურსი?

    - არა, ამას არ გეუბნებით, რომ ჩვენ შეიძლება არ გვქონდეს მოთხოვნილება დასავლური კურსის, მაგრამ მე გეუბნებით ფაქტს და შედეგს. ფაქტია ის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიწყო ნატოსთან ინტეგრაცია, დაკარგა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ჩვენ შეიძლება გავაგრძელოთ ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ასე თავდაჯერებით და კიდევ დავკარგოთ 10-12 რაიონი, მაგრამ მაინც, რა თქმა უნდა, თავი ამაყად გვეჭიროს. ამიტომ რა უნდა გაკეთდეს ამ ვითარებაში, ეს მთავრობისა და ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ იმას, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები ნატოში ინტეგრაციის პროცესის პარალელურად, მე მგონი, არცერთი მხარე არ უარყოფს.

    - საქართველომ ტერიტორიები ბევრად ადრე დაკარგა, ვიდრე ნატოში ინტეგრაციაზე ასე ხმამაღლა საუბარი დაიწყებოდა...

    - თუ თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ საქართველომ დე ფაქტო კონტროლი დაკარგა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნაწილზე, გეთანხმებით, მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ სრულიად დაკარგა დე ფაქტო კონტროლი ქვეყნის ამ ორ ნაწილზე, კოდორის ხეობა და ახალგორი დაკარგა სწორედ 2008 წელს და ეს არასწორი პოლიტიკის დამსახურებაა.

    - რაც შეეხება ამერიკულ მარშს, ამ დრომდე ამ მასშტაბის დემონსტრაციული მხარდაჭერა საქართველოს ამერიკული მხრიდან არ ჰქონია. ის გზავნილები, რაც პენსმა გააკეთა, რაზე მეტყველებს?

    - მე გეტყვით ძალიან მარტივად, პენსის ვიზიტი თავისთავად კარგი იქნებოდა, რადგან ამხელა ქვეყნის ერთ-ერთი მეთაური ჩამოვიდა, ცუდია ის, რომ ამერიკის საქართველოსადმი მხარდაჭერა მხოლოდ ამით შემოიფარგლება. ამის უკან არ დგას მილიარდებიანი სამხედრო დახმარება, რომელსაც უწევს ისრაელს. საქართველოს რომ უწევდეს ისეთივე დახმარებას ამერიკა, როგორსაც ისრაელს, საქართველოში რომ გვყავდეს დღეს თანამედროვე სამხედრო ტექნიკით შეიარაღებული სამხედრო არმია, ამერიკული შეიარაღებით და ასე შემდეგ და ამის შემდეგ პენსი ჩამოდიოდეს, მაშინ იქნებოდა ძალიან კარგი, მაგრამ რეალურად ეს ტექნიკა, რომელიც ამერიკამ ჩამოარიხინა, უკან მიარიხინებს, არცერთი არ რჩება საქართველოში და რეალურად რომ ვთქვათ, საქართველოს ამერიკა მხოლოდ სიმბოლურ დახმარებას უწევს. სწორედ ამაზე გამოხატავს საზოგადოება თავის უკმაყოფილებას, რომ პენსის გამოგზავნას ერთი-ორი გამანადგურებელი ეჩუქებინათ, უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა. პენსი და ნებისმიერი ამერიკელი ჩინოვნიკი ისრაელში რომ ჩადის, ეს არავის აღიზიანებს, რადგან ქვეყანა ამერიკისგან იღებს სოლიდურ დახმარებას, საქართველოში კი მხოლოდ სიმბოლურ დახმარებებს აგზავნიან. გასაგებია, რომ ნატოსთან ინტეგრაცია ჯერჯერობით მოხსნილია დღის წესრიგიდან, მაგრამ ამერიკას ხომ არავინ უშლის, რომ რეალური დახმარება გაგვიწიოს... მაგრამ როცა ამაზეც უარს გეუბნება და რეალურად გიგზავნის პენსს, ეს ძალიან ჰგავს იმას, როდესაც საფრანგეთმა უარი უთხრა სულხან-საბა ორბელიანს ჯარის გაგზავნაზე, მაგრამ შესთავაზა კათოლიკე მისიონერების დახმარება.

    - კახა, თქვენ ახსენეთ, რომ ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორ დაალაგებს ამერიკასთან ურთიერთობებს, ისე რომ, ხალხს ზარალი არ მიადგეს. სხვათა შორის, ამავე ხელისუფლებას ოპოზიციის დიდი ნაწილი რუსეთთან კავშირში ამხელს, რასთან გვაქვს საქმე, როგორ ფიქრობთ? და კიდევ, ბოლო წლების პრაქტიკამ გამოკვეთა, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტები საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდში სტუმრობენ. ეს რაზე მიანიშნებს?

    - მე პირადად ამჯერად არჩევნებს ვერ ვაკავშირებ, რადგან პენსი რამდენიმე ქვეყანაში იყო, ამერიკიდან პირდაპირ საქართველოში არ გამოფრენილა, ეს იყო ტური, ზოგან არჩევნები იყო და ზოგან არ იყო, ამიტომ არ მგონია, რომ მისი ვიზიტი საქართველოს არჩევნებთან რაიმე კავშირში იყოს. რაც თქვენ დასვით, მეც ზუსტად ამ კითხვებს ვსვამ და ხელისუფლებიდან არავის ამაზე პასუხი არ აქვს, დიახ, რა უნდა ამერიკას და რა პოლიტიკა აქვს რუსეთთან მიმართებაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკას რუსეთთან აქვს გლობალური თამაში, ამ თამაშში საქართველოს აქვს ერთი პატარა ჭანჭიკის ფუნქცია და ამას ვამბობთ ჩვენ. როგორც 2008 წელში მოისროლეს საქართველო და გატეხეს შუაში, იგივე ვითარებაში არ აღმოვჩნდეთ დღესაც.

    - დღესაც დგას ამის რეალური საფრთხე?

    - ამერიკის პოლიტიკა არის ის, რომ შეავიწროოს რუსეთი. ამას წერდა ძერჟინსკი, ერთ-ერთი ცნობილი იდეოლოგი და ამერიკელი პოლიტოლოგი, რომ ვინაიდან მათ არ შეუძლიათ ბირთვული ომის გამოცხადება რუსეთისთვის, ამიტომ რუსეთის დასასუსტებლად ძირითადად სანქციებს იყენებენ, ეკონომიკურ ბლოკადას, ეთნოკონფლიქტებს და ა.შ. პირდაპირ წერენ, რომ საბჭოთა კავშირი დაანგრია ავღანეთის ომმა. ამიტომ ამ ლოგიკით რუსეთის საზღვრებთანაც უნდა გაჩნდეს უამრავი კონფლიქტი, იგივე აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყარაბახში, უკრაინაში, სადაც კი მოხერხდება. ეს არის შეერთებული შტატების ძალიან დაუფარავი სტრატეგია. ოფიციალურად, რა თქმა უნდა, დეკლარირებული არ არის, მაგრამ ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. ამერიკის ამოცანაა, რომ რუსეთი ჩართული იყოს რაც შეიძლება მეტ ავანტიურაში სხვადასხვა წერტილებში. ეს ფუნქცია აქვს საქართველოსაც 2004 წლიდან მოყოლებული, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით «აბიჟნიკი ბავშვი», რომელიც იმ საზღვრებთან მოაწყობდა კონფლიქტს, სადაც რუსეთი იქნებოდა ჩართული. ამის შედეგად დაიწყო რუსეთის იზოლაციის პროცესი საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ საქართველო დარჩა ისე, როგორც დარჩა, საქართველოზე არავის უფიქრია.

    - ახლახან თავდაცვის მინისტრმაც გააკეთა განცხადება, რომ რუსეთიდან ახალი დარტყმის საფრთხე რეალურია. როგორ ფიქრობთ, რაზე დაყრდნობით გააკეთა მან განცხადება და თუკი ქვეყანა ამას აცნობიერებს, მაშინ ოკუპანტის გაღიზიანება ხელოვნურად ხომ არ ხდება?

    - საქართველოს არ ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დაიცავს ქვეყნის ინტერესებს, ჩვენ გვყავს კორუმპირებული ხელისუფლება, რომელთათვისაც მთავარი არის კორუფციული შემოსავლების მიღება. ეს საკითხები კი, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, საერთოდ არ აინტერესებს. ის საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ, გლობალური მასშტაბით შეიძლება ძალიან პატარა კონფლიქტია, მაგრამ საქართველოსთვის დამღუპველია, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომს ჩვენ ვუწოდებთ ომს, თორემ საერთაშორისო ასპარეზზე ამას ინციდენტს უწოდებენ, უფრო სწორად, ძალის არაპროპორციულად გამოყენებას, მაგრამ ის, რაც ამერიკისთვის, რუსეთისთვის და უდიდესი იმპერიისთვის არის ინციდენტი, საქართველოსთვის დამანგრეველი ომი იყო.

    - ფიქრობთ, რომ ომი გარდაუვალია?

    - არ გამოვრიცხავ! შეხედეთ, რა ხდება თურქეთში, სირიაში, რა მოხდა უკრაინაში. საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობენ, რუსეთი ბევრ ომში ჩაითრიონ, რაც იწვევს ქვეყნის დესტაბილიზაციას, შემდეგ უწესებენ ეკონომიკურ სანქციას და ამით სურთ მიიღონ პუტინის მორჩილება, რომ მის მაგივრად მიიღონ ელცინი. ამ თამაშში ვინ მტყუანია და ვინ მართალი, ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენი ამოცანაა, ამ თამაშში მონაწილეობის შედეგად წაგებულები არ დავრჩეთ. საქართველოს ჰყავდა ძალიან დიდი მეფეები და შედარებით პატარა მეფეები. იცით, დავით აღმაშენებელი რატომ იყო დიდი მეფე? მარტო ყივჩაღებისა და ქართული ჯარის ამბავი კი არ იყო მაშინ, როცა გავიმარჯვეთ ბრძოლის ველზე, დავით აღმაშენებელმა საერთაშორისო კონიუნქტურა, რაც იყო მაშინ ჯვაროსნული ლაშქრობა, გამოიყენა ჩვენი ინტერესებისთვის. ისტორიაში არის საპირისპირო მაგალითებიც, იგივე გეორგიევსკის ტრაქტატი, როდესაც საქართველო დაზარალდა საერთაშორისო დიდი თამაშის შედეგად. ამიტომ ახლა ჩვენ გვჭირდება ჭკვიანი მთავრობა, რომ თუ ამ დიდ თამაშში მონაწილეობას მივიღებთ, საქართველო არ დარჩეს წაგებული... და თუ ამის გარანტიები არ გვაქვს, მაშინ საერთოდ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა.

    „ალია“, მაკა დეკანოსიძე

     



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...