რა ხდება ქართულ სექსინდუსტრიაში?
2017-08-11 10:47:22
loading...
  • საქართველოში ჯერ კიდევ ნორმად და ტრადიციად აღიქმება ბიჭების ე.წ. ბორდელებში დავაჟკაცება, თუმცა ამ სერვისზე არც ზრდასრული მამრები ამბობენ უარს. იატაკქვეშა პროსტიტუცია დღეს საქართველოში ყვავის. სექსინდუსტრია კარგა ხანია უზარმაზარ შავ ბიზნესადაა ქცეული. ყველა დროს ბევრი ითქვა და დაიწერა პროსტიტუციის ლეგალიზების აუცილებლობაზე, ყოველი ხელისუფლება აღიარებდა იატაკქვეშა პროსტიტუციას, თუმცა საკანონმდებლო ნორმებში მოსაქცევად, ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.

    აღნიშნული თემა ამჯერად «გირჩელებმა» წამოწიეს, მათ  სექსმუშაკების უფლებების დასაცავად დაიწყეს ბრძოლა. პოლიტიკურ ცენტრში განმარტავენ, რომ ლეგალიზაცია არის საუკეთესო გამოსავალი ტრეფიკინგის პრევენციისთვის.

    მათივე განმარტებით, დაცული იქნება სექსის ინდუსტრიაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება. «გირჩი» შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტში რამდენიმე დღეში შეიტანს.

    ხშირად ისმის კითხვა, რატომ არ არის უძველესი პროფესია ლეგალიზებული? რატომ არ იხდიან გადასახადებს სექსმუშაკები, სხვა პროდუქტით მოვაჭრეების მსგავსად? როცა რეალურად უდიდესი ბიზნესია? პასუხი მარტივია. უმთავრესად რელიგიური ფაქტორების გამო, საკანონმდებლო დონეზე აღნიშნული თემის განხილვა მუდმივად ჭიანურდება.

    გასაგებია, რომ დღეს პროსტიტუცია არალეგალური ბიზნესია, თუმცა ფაქტია, სამართალდამცველები იმიტომ კი არ უკრძალავენ «პანელზე» დგომას, რომ პროსტიტუცია კანონით არაა დასაშვები, არამედ იმიტომ, რომ თურმე ისინი «გარემოვაჭრეები» არიან. ანუ, შესაბამისად, არაკონტროლირებადი სიტუაციაა ამ სფეროში.

    როგორც გავარკვიე, ევროპის ქვეყნების უმეტესობაშიც არალეგალურია პროსტიტუცია, მიზეზი ისაა, რომ ქალთა დამცველი ორგანიზაციები აპროტესტებენ, რომ ამ გზით შევიდეს ფული ბიუჯეტში.

    საქართველოში არის ე.წ. შეკრების ადგილები, სადაც პროსტიტუცია ყვავის. ერთ-ერთი «მოწინავე» დაწესებულება «ლაბირინთია», იქ შედარებით ელიტური «მეძავები» მუშაობენ. ანუ როგორც ბაზრობის ტანსაცმელსა და ბრენდს შორისაა განსხვავება, დაახლოებით იგივე სიტუაციაა. არსებობს უმაღლესი სეგმენტიც, ესეც სხეულით ვაჭრობის ფორმაა, ოღონდ უფრო ელიტურად ითვლება.

    მოკლედ, კარგად რომ გავერკვეთ და მეტ-ნაკლებად ავსახოთ, რატომაა ასეთი აქტუალური მსგავსი ადგილები, ზოგადად, როგორია ქართული «პორნოინდუსტრია», ამაში უფრო კარგად ჩახედული ადამიანი გაგვარკვევს. ჩემი რესპონდენტი 50 წლამდე ასაკის დაუქორწინებელი მამაკაცია, თემის დელიკატურობიდან გამომდინარე სახელსა და გვარს არ ვაკონკრეტებ, მასთან საუბარს კი, ზოგადად, ამ თემის აქტუალურობით ვიწყებ:

    - პროსტიტუციის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, საქართველოში რომელია უფრო აქტუალური და მოთხოვნადი?

    - ყველაზე უფრო პოპულარულია ე.წ. ბორდელები, თუ ადამიანი ამ სისტემაში ჩახედული არაა, ერთი შეხედვით ის ნამდვილად ვერ მიხვდება, სად მოხვდა? ხშირად ასეთი ადგილები შეიძლება ჩვეულებრივი ბარი გეგონოს, სადაც მიირთმევენ ჩაის, ყავას, საუბრობენ სხვადასხვა თემაზე. მსგავს ადგილებში ნახევრად შიშველ ქალსაც ვერ ნახავთ. მათ ჩვეულებრივად აცვიათ ჯინსები, ყოველდღიური სამოსი. ასე რომ, ფილმებში ნანახი ნახევრად შიშველი გოგონები ქართულ რეალობაში ფანდია. თუმცა ვინც ასეთ ადგილებში დადის, მან იცის, რომ იქ ნებისმიერ ქალთან შეგიძლია დალაპარაკება, თავაზიანი ფორმით დაპატიჟება ყავაზე ან ჩაიზე, ალკოჰოლი შეგიძლია დალიო. თუმცა გოგონებს ეს ეკრძალებათ, პირველი სართული ბარის იმიჯს ქმნის, შემდეგ მაღლა სართულები კი ნომრებია.

    - თავად ხშირი მომხმარებელი ხართ ამ სერვისის?

    - იცი, როგორ ხდება? როდესაც მეგობრები ვიკრიბებით, დავლევთ, ერთგვარი პატივისცემის მიზნით ვისაც აქვს შესაძლებლობა, ეპატიჟება მეგობრებს ასეთ ადგილებში განტვირთვისთვის, ამიტომ საკმაოდ ხშირად მიწევს ასეთ სიტუაციაში ყოფნა.

    ვერ გატყობთ, რომ არ მოგწონთ, და იძულებული ხართ, ასეთ ადგილზე წამოხვიდეთ? დაახლოებით იგივეა, ალბათ, თქვენთვის, სახინკლეში რომ დაგპატიჟონ, თუმცა გაცილებით ძვირი ჯდება.

    - (იცინის) ხო ხინკალზე ძვირი ღირს ბევრად, თუმცა თითქმის ყოველთვის ჩემი მეგობარი მპატიჟებს, რომელიც იტალიიდან ჩამოდის წელიწადში რამდენჯერმე, ფულიც არაა მისთვის პრობლემა, უყვარს მსგავსი გართობა, სიამოვნებს, სხვებსაც რომ პატიჟებს. ძალიან ბევრია ვიზუალურად კარგი გოგო, თან პროფესიონალი. თუ ზიზღით შეხედავ, მაშინ არ უნდა მიხვიდე, ბევრი მათგანი საკმაოდ გახსნილია, არ მოგაწყენენ. ხინკალზე გამახსენდა, ერთხელ ერთმა გოგომ მითხრა, როცა უფრო დამიახლოვდა: აი, ხინკალზე რომ წახვალთ, დამპატიჟეთო, ანუ დაგვიძმაკაცდა და ადამიანური მომენტია, მეგობრულად გვითხრა თან.

    - რომელი ეროვნება ჭარბობს ქართულ სექსინდუსტრიაში, ამ «უძველეს პროფესიაში», თუ აკვირდებით, რით განსხვავდებიან და რას ამბობენ პირად საუბრებში, რატომ აირჩიეს ეს გზა?

    - არიან ქართველები, ყაზახები, უკრაინელები, საქართველოში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები. საინტერესო აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ ყაზახები და უკრაინელთა ნაწილი ოჯახის ქალებად ითვლებიან თავიანთ ქვეყანაში, აქ სამუშაოდ არიან წამოსული და შემოსავლის დიდ ნაწილს ოჯახებს უგზავნიან, ქართველებს კი ვიღაც ჰყავთ, ზოგს მეგობარი მამაკაცი, ქმარიც, მათი უმეტესობა ნარკომანია და ამიტომ «მუშაობენ» და მათ ინახავენ. თუმცა ზოგს მოსწონს ეს საქმიანობა, ამბობს, რომ სიამოვნებას იღებს... შემოსავალიც საკმაოდ კარგი აქვთ, უმუშევრობა და გაჭირვება უბიძგებს ბევრს თავიდან, შემდეგ მოსწონს და როგორც პროფესიას, ისე უყურებს. სმა ყველას აკრძალული აქვს, ქართველები ცოტა ლუდს თუ დალევენ, სხვა ეროვნების გოგოებს უფრო უყვართ დალევა და ჩუმად სვამენ.

    - ვინ უშლით დალევას? და რა ფასებია ასეთ დაწესებულებებში?

    - ე.წ. «მამაშა», მის გარეშე არაფერი ხდება, ისეთი სისტემაა, ყველას თავისი ადგილი აქვს, გარკვეული წესები არსებობს როგორც სხვა «სამსახურში». ფასები არის $100-დან $200-მდე ერთ კაცზე. აქედან 30% რჩებათ გოგოებს, დანარჩენი სასტუმროს და «მამაშას» ეკუთვნის. შვებულებებიც არსებობს....

    - სასმელის გარდა, რა აკრძალვა აქვთ კიდევ «სამსახურში»?

    - არ შეიძლება კლიენტთან ურთიერთობის გაბმა «სამსახურს» გარეთ, თუ გინდა სადმე წაყვანა, ან გამოძახება, მაშინ «მამაშასთან» უნდა შეათანხმო. ერთხელ რესტორნიდან დავურეკეთ ერთ-ერთ გოგოს და გვითხრა, ვერ გამოვალ, თუ «მამაშას» არ შეუთანხმდებით, დამითხოვენ სამსახურიდანო. იცი, რა ხდება? ამ გოგოებს შეუძლიათ მარტოც შეხვდნენ, გამოძახებაზეც წავიდნენ, მაგრამ იმიტომ ურჩევნიათ ჰყავდეთ «მმართველი», რომ თავს უფრო დაცულად გრძნობენ. ასეთ დაწესებულებაში ზედმეტს ვერ ეტყვი, შეურაცხყოფას ვერ მიაყენებ. ცალკე რომ იარონ, შეიძლება ერთხელ არაფერი უქნან, მეორედ და მესამედ დაასახიჩრონ ან რამე დამართონ.

    - ანუ შესაძლებელია ასეთი ადგილებიდანაც გამოძახება?

    - როდესაც უკვე კონტაქტი დამყარებული გაქვს «მამაშასთან», შეგიძლია, მაგრამ გამოძახებაზე ძირითადად მაინც სხვა სისტემა მუშაობს, ეს უფრო ელიტარულ სფეროდ ითვლება, რადგან ცნობად ადამიანებს არ სურთ ხშირად ასეთ ადგილებში გამოჩენა. ყოფილან ჩემთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, მაგრამ მხოლოდ ბარში საუბრით დამთავრებულა მათი ვიზიტი. იმიტომ კი არა, რომ არ ჰქონდათ სურვილი, უბრალოდ, ცუდ ტონად რომ არ ჩათვლილიყო, არ მისცეს თავს უფლება, კომპლექსს იწვევს ხშირად ადამიანებისთვის ასეთი ადგილები.

    - და მაინც, რატომ დადიან, ან რატომ იძახებენ მეძავებს?

    - მე პირადად არ მყავს მეუღლე, თავისუფალი ვარ და სადაც და როგორც მინდა დავდივარ, მაგრამ, როგორც ვიცი, დღეს ბევრ ოჯახშია არაგულწრფელობის პრობლემა, ეხლა კიდევ გაცილებით გამოსწორდა ამ მხრივ მდგომარეობა. თუ მამაკაცს ფული აქვს, ის ყველაფერს აკეთებს, რადგან ფანტაზია აისრულოს, უფრო ახალგაზრდები, რომელთაც ფული და თანამდებობები იშოვეს, სადისტურადაც იქცევიან, ფანტაზია უკვე მარაზმში გადადის. გოგონას, რომელიც შეიძლება დაიქირაოს, შეიძლება თავზე დაასხას არაჰიგიენური სითხე, ამაზე გაერთოს. ეს, რა თქმა უნდა, ლახავს ადამიანის უფლებას, თუმცა თუ ასეთ სისტემაში ხარ, უნდა მოითმინო.

    - როგორც ვხედავ, კარგად იცნობ ამ სისტემას, ისიც გეცოდინება, რამდენად ბევრი ადამიანი შოულობს ფულს ასეთი ხერხით?

    - ვერ წარმოიდგენ, რამდენი, ძალიან ბევრი, მათ შორის ცნობადი სახეებიც, ბევრი მაღალჩინოსანი ქირაობს მათ, ზოგჯერ უცხოელი სტუმრებისთვის, ეს მსოფლიოში ცნობილი სერვისია, ასეთ ქალებს «ესკორტნაშებს» ეძახიან, ანუ ქალი ვალდებულია, სადაც ეტყვის, ყველგან გვერდით ჰყავდეს, 2 უცხო ენას მაინც უნდა ფლობდეს, ენის ნორმები და განათლებაც მნიშვნელოვანია. შეიძლება არც დაწვეს მასთან, უბრალოდ, გვერდით ჰყავდეს, თუმცა თუ მოითხოვს კლიენტი, «ესკორტნაშას» არ აქვს უფლება, უარი უთხრას. ეს სერვისი გაცილებით ძვირი ღირს. როგორც ვიცი, დაახლოებით 1000 დოლარამდე.

    - და როგორ ხდება «ესკორტნაშების» მოძიება, მათთან კონტაქტზე გასვლა?

    - დაინტერესებულ ადამიანებს აქვთ «კანალები», ამიტომ ცდილობენ, ეს ყველაფერი კარგად დამალონ, თუმცა მაინც არ იმალება ბოლომდე. თბილისი პატარა ქალაქია.

     

    როგორც ჩვენი რესპონდენტის მონაყოლიდან ვიგებთ, მაღალფასიანი სეგმენტი საკმაოდ მოთხოვნადია, თუმცა გარდა ამ კატეგორიისა, არსებობს უფრო დაბალფასიანი სეგმენტიც. ე.წ. პანელის სექსმუშაკები და აზიელ მამაკაცებზე მონადირე არასრულწლოვნები, რომლებიც საკმაოდ იაფად ყიდიან სხეულს და ამ მიზნით ფლაერებსაც კი არიგებენ «პლეხანოვზე» პირადი ნომრებით. თუმცა, დაბალფასიან სეგმენტში, ქართველ ე.წ. სექსმუშაკებს, არალეგალურობის პირობებშიც კი რამდენიმე წელია, გამოუჩნდათ კონკურენტები, ჩვენებს ისეთ გამოცდილ პროფესიონალებთან მოუწევთ შეჭიდება, როგორებიც ჩინელი ქალები არიან.

    ცნობილია, რომ ჩინეთი სიყვარულის სამოთხედ და ჯანსაღი სექსის ქვეყნად ითვლება, თუ ჭკვიანი ჩინელი ქალის ქმარს პრობლემა აქვს პოტენციასთან, იგი მზრუნველად ურჩევს ქმარს მეძავს. თუმცა ეს არაა უბრალო მეძავი, ეს მკურნალი მეძავია. საკმარისია, კაცმა ერთი თვე «დრაკონის შვილთან» გაატაროს, მას უბრუნდება პოტენცია და ქალის განაყოფიერების უნარი, თავს კი ძლიერად და ჯანმრთელად გრძნობს (ყოველ შემთხვევაში ასე თვლიან ჩინელები).

    მკურნალი მეძავების პროფესია, ანუ როგორც მას ჩინეთში უწოდებენ - «დრაკონის შვილები», ჯერ კიდევ X საუკუნეში გაჩნდა. ლეგენდის თანახმად, ასეთმა მეძავმა, თავად იმპერატორიც კი მოარჩინა. მადლიერმა იმპერატორმა ბრძანა, აეშენებინათ სკოლა, სადაც მსგავს პროფესიას სხვა ქალებიც დაეუფლებოდნენ, რათა მათ შეძლებოდათ, მთელი ერის ჯანმრთელობაზე ეზრუნათ. დღემდე ამ პროფესიის წარმომადგენლები დიდ ფულსაც შოულობენ ჩინეთში და საზოგადოების პატივისცემითაც სარგებლობენ.

    როგორც ჩანს, საქართველოში გადმობარგებულმა ჩინელებმა ქართველი ერის «გაჯანსაღებაზეც» დაიწყეს ზრუნვა. საკითხავია, მათაც დაამთავრეს თუ არა სპეციალური სკოლა და არიან კი ნამდვილი «დრაკონის შვილები»? თუმცა ერთი რამ ცხადია, ჩინელებმა ალღო აუღეს ქართულ მოთხოვნას. ამიტომ გარდა «ჩინური მასაჟისა», რომელიც გარე რეკლამაზეა მითითებული, სხვა დამატებით სერვისებსაც სთავაზობენ მომხმარებელს.

    21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი თბილისური «ჩინური მასაჟის» თავისებურებებზე შემდეგ ისტორიას მიყვება:

    «მეგობართან ერთად, განტვირთვის მიზნით წავედი ჩინური მასაჟის გასაკეთებლად. მასაჟის შემდეგ მეგობარმა იხუმრა, სექსი არ შეიძლებაო? ჩინელმაც გაიგო, რადგან საერთაშორისო სიტყვაა, დასთანხმდა და დამატებით გამოართვა 50 ლარი. მე თავი შევიკავე, მაგრამ ჩემმა მასაჟისტმა ჩინელმა თავად შემომთავაზა დამტვრეული ქართულით და დამახასიათებელი წრიპინა ხმით: «მინეტი 50 ლარი». მოკლედ, ყველა განსაკუთრებული ახირება დამატებით 50 ლარია. ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩენა იყო ჩემთვისაც, შეიძლება ბევრმაც იცის და სპეციალურად დადის ასეთ რელაქს-ცენტრებში, თუმცა მე მხოლოდ მასაჟის გასაკეთებლად მივედი. ნამდვილად არ ვიცი, ნებისმიერთან თანხმდებიან თუ არა ინტიმურ ურთიერთობას, ან მსგავს დაწესებულებებში სხვაგანაც თუა დამატებითი სერვისები».

    თუმცა როგორც გავარკვიე, «ჩინური მასაჟის» ცენტრებს მომხმარებელი და მუდმივი კლიენტურა არც სხვა ადგილებში აკლია, განსაკუთრებული პოპულარობით ასეთი ადგილები ჯარისკაცებში სარგებლობს. რამდენიმე ადამიანის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ფასები და სერვისი ყველგან იდენტურია, სავარაუდოდ, საქმე ქსელთან გვაქვს. სხვათა შორის დიდი სპაცენტრებისგან განსხვავებით შენიღბული «ბუნაგები» ქუჩიდან საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება.

    რაც შეეხება ლეგალიზაციის ისტორიას და მსოფლიო პრაქტიკას, ბევრი მკვლევარი და ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ანტიკურ დროში პროსტიტუცია კომერციულ საქმიანობას არ წარმოადგენდა, პირიქით, იგი პატრიარქალური კულტურისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობისა და პატივისცემის ნიშანი იყო.

    ...პროსტიტუცია უძველესი დროიდან ხან ლეგალიზებული იყო და ხანაც კრიმინალიზებული. პირველად სწორედ ანტიკურ საბერძნეთში მოხდა მისი ლეგალიზება და გადასახადების დაწესება, რასაც შემდეგ მოჰყვა ბორდელების (დიქტერიონი) გახსნა. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე რიგ ქვეყნებში მკაცრი სანქციები დაწესდა, რიგ ქვეყნებში კი საერთოდ სახელმწიფო ხაზინის შევსების წყაროდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე ბევრი რელიგია, მათ შორის ქრისტიანობა მკაცრად უდგებოდა პროსტიტუციის საკითხს და არაერთი რელიგიური სასჯელი დაწესდა, ვერაფერმა აღმოფხვრა იგი. ნიშანდობლივია, რომ ადრეულ ეპოქაშიც იყვნენ კაცი პროსტიტუტები და არც ესაა ახალი ხილი.

     

    „ალია“, მაკა დეკანოსიძე



  • loading...
    Загрузка...





    BUM.GE