Загрузка...
"მოემზადეთ დარტყმისთვის, წყალზე ვეშვებით!" - "საოცრება ჰუდსონზე" და მფრინავი, რომელმაც 150 მგზავრი გადაარჩინა
2017-08-10 06:20:32
loading...
  • მგზავრებმა ჯერ ყრუ დარტყმის ხმა გაიგონეს, მერე არასასიამოვნო სუნი იგრძნეს, ილუმინატორებიდან კი ცეცხლმოკიდებული ძრავები მოჩანდა. სალენბერგერმა ლაინერი სამხრეთისკენ მიაბრუნა და გეზი ჰუდსონისკენ აიღო. კარგად იცოდა, რომ წყალზე დაშვება ძალიან სახიფათო იქნებოდა და შეშინებულ მგზავრებს მოუწოდა: "მოემზადეთ დარტყმისთვის, ჩვენ წყალზე ვეშვებით!" არანაკლები შოკი განიცადეს ნიუიორკელებმა, რომელთაც თვითმფრინავის კრიტიკულ სიმაღლეზე ფრენამ 11 სექტემბრის ცნობილი ტერორისტული აქტი გაახსენა, თუმცა, როდესაც ავიალაინერის ფრთებსა და სახურავზე ამძვრალი მგზავრები დაინახეს, პოლიციასა და სამაშველო სამსახურთან ერთად თვითონაც დაიძრნენ დაზარალებულების დასახმარებლად

    თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ხშირია ავიაკატასტროფები, რომელთა უმრავლესობა ფატალურად სრულდება, თუმცა, არის იღბლიანი, უნიკალური შემთხვევებიც და სწორედ ერთ-ერთი ასეთია 2009 წლის 15 იანვარს, ნიუ-იორკში მომხდარი ინციდენტი, რომელიც მსოფლიო ავიაციის ისტორიაში "ჰუდსონის საოცრების" სახელით შევიდა, მფრინავმა კი, რომელმაც 150 მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა, "ნაციის გმირის" ტიტული დაიმსახურა.

    ტეხასელი მოზარდი ჩესლი სალენბერგერი, რომელიც ჯერ კიდევ პატარაობაში გახდა ქალაქ მენსის ინტელექტუალთა საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი, ავიაციით 16 წლის ასაკში დაინტერესდა და ცნობილ აეროკლუბშიც ჩაეწერა. 18 წლისა ჩაირიცხა სამხედრო-საავიაციო აკადემიაში, რომელიც რამდენიმე წელიწადში ყველა შესაძლო ჯილდოთი და უმაღლესი კლასის მფრინავის კლასიფიკაციით დაასრულა. არმიაში 7-წლიანი სამსახურისა და ურთულესი დავალებების შესრულების შემდეგ სალენბერგერმა სამოქალაქო ავიაციაში გადაინაცვლა, სადაც სამხედრო გამოცდილებისა და მაღალი IQ-ს წყალობით ავიაკატასტროფების გამომწვევ მიზეზებს იძიებდა, რამდენიმე წელიწადში კი საკონსულტაციო კომპანია Safety Reability Methods-ი დააარსა. თუმცა, საყვარელ საქმეს მაინც არ უღალატა და 30 წელი იმუშავა ამერიკულ ავიაკომპანია US Airways-ში. 

    fb


    2009 წლის 15 იანვარი 57 წლის გამოცდილი პილოტისთვის, რომელიც ერთ კვირაში დაბადების დღეს აღნიშნავდა, ჩვეულებრივი სამუშაო დღე უნდა ყოფილიყო - ნიუ-იორკი-შარლოტი-სიეტლის რეისზე ფრანგული წარმოების თვითმფრინავ Airbus-A320-ით უნდა გაფრენილიყო. ეს თვითმფრინავი ერთ-ერთ საიმედო საჰაერო ხომალდად ითვლებოდა. კომპანიონობას სალენბერგერს მეორე პილოტი, 49 წლის ჯეფრი ქლაიზლი უწევდა, რომელსაც US-Airways-ში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, თუმცა, Airbus-A320-ით მხოლოდ მეორედ უნდა ეფრინა. 

    თვითმფრინავი, რომელზეც 150 მგზავ­რი და 3 ბორტგამცილებელი იყო, ნიუ-იორკის "ლა გუარდიის" აეროპორტიდან ცუდი მეტეოპირობების გამო რამდენიმე წუთის დაგვიანებით აფრინდა და თითქმის მაშინვე განიცადა კატასტროფა - ის კანადური გარეული ბატების გუნდს შეეჯახა, რის შედეგადაც თვითმფრინავის ორივე ძრავა დაზიანდა და გაჩერდა - მგზავრებმა ჯერ ყრუ დარტყმის ხმა გაიგონეს, მერე არასასიამოვნო სუნი იგრძნეს, ილუმინატორებიდან კი ცეცხლმოკიდებული ძრავები მოჩანდა. სიტუაციის შეფასების შემდეგ ეკიპაჟის მეთაურმა სალენბერგერმა ავიადისპეტჩერს ნიუ-იორკის აეროპორტის დასაფრენ ბილიკზე დაჯდომის ნებართვა სთხოვა, მაგრამ ცეცხლი იმდენად სწრაფად ვრცელდებოდა, რომ აეროდრომზე დასაბრუნებლად დრო აღარ იყო. მეორე შესაძლო ვარიანტი, რომელსაც პილოტი და დისპეტჩერი განიხილავდნენ, უახლოეს ტეტერბოროს აეროპორტში დაფრენა იყო, თუმცა, დიდი ალბათობით, თვითმფრინავი ვერც მეზობელ ქალაქამდე მიღწევას შეძლებდა. 

    fb


    მფრინავმა შესაფერისი მოედანი აღმოაჩინა ახლომდებარე პარკში, რომლის უზარმაზარი ტერიტორია ზუსტად ერგებოდა A-320-ის თვითმფრინავს, თუმცა, დისპეტჩერმა სალენბერგერს არ მისცა დაჯდომის უფლება, რადგან პარკში მუშები და მძიმე ტექნიკა მუშაობდნენ. გამოცდილ პილოტს არჩევანი არ ჰქონდა და მეტად სარისკო გადაწყვეტილება მიიღო - ლაინერი სამხრეთისკენ მიაბრუნა და გეზი ჰუდსონისკენ აიღო. სალენბერგერმა კარგად იცოდა, რომ წყალზე დაშვება ძალიან სახიფათო იქნებოდა და შეშინებულ მგზავრებს მოუწოდა: "მოემზადეთ დარტყმისთვის, ჩვენ წყალზე ვეშვებით!"

    მთავარი სირთულე ავიალაინერის კონსტრუქცია იყო - მას ძრავები ფრთებქვეშ ჰქონდა განთავსებული და წყალზე დაშვებისას სალენბერგერს პირველ რიგში სწორედ ძრავები უნდა დაეცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმფრინავი სწრაფად ჩაიძირებოდა ჰუდსონში და სალენბერგერმა შეუძლებელი შეძლო - ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის, ჯორჯ ვაშინგტონის ხიდის გვერდის ავლით მინიმალური სიჩქარით დაეშვა და ავიალაინერი წყლის ზედაპირზე გააჩერა. მასიურ თვითმფრინავს ამ დროს მცირე ზომის ნაწილები მოსწყდა და წყლის შხეფებით დაიფარა.

    მდინარის ნაპირზე თავმოყრილ ნიუიორკელებს კი მოეჩვენათ, რომ თვითმფრინავი დაიმსხვრა ან ჩაიძირა, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ მფრინავმა მოახერხა ექსტრემალურად დაშვება და კატასტროფის თავიდან აცილება. თუმცა, მგზავრების სიცოცხლე ჯერ კიდევ საფრთხეში იყო, რადგან თვითმფრინავი, რომლის სალონი წყლით ივსებოდა, დიდხანს ვერ შეძლებდა ზედაპირზე ტივტივს და ჩაიძირებოდა ან აფეთქდებოდა. მგზავრებმა საავარიო გასასვლელიდან სცადეს გასვლა, თუმცა, გასაქცევი არსად იყო, რადგან თვითმფრინავი მდინარეში ტივტივებდა.

    იანვარში ცივ წყალში გადახტომა ისედაც დამფრთხალ ადამიანებს "ტიტანიკის" მგზავრების ბედის გაზიარებით ემუქრებოდა, უმრავლესობა ხომ წყალში გაიყინა. 


    საბედნიეროდ, მგზავრები ოპერატიულად გამოიყვანეს და ავიაკატასტროფა მსხვერპლის გარეშე დასრულდა - 150 მგზავრიდან 83 დაშავდა და მხოლოდ 5-მა მიიღო მძიმე დაზიანება. ჩესლი სალენბერგერმა, როგორც გამოცდილმა კაპიტანმა, საჰაერო ხომალდი ყველაზე ბოლოს დატოვა, როცა სალონი გულდასმით შეამოწმა და დარწმუნდა, რომ ბორტზე აღარავინ იყო. 

    Airbus-A 320-ის აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ის ქალაქ შარლოტის ავიაციის მუზეუმმა "კაროლინასმა" შეისყიდა და ერთ-ერთი პოპულარული ექსპონატია. ჩესლი სალენბერგერი კი ამერიკის ეროვნულ გმირად აღიარეს და ნიუ-იორკის მერისგან ქალაქის სიმბოლური გასაღებიც ჩაიბარა. 

    ექსპერტთა ნაწილის მტკიცებით, თვითმფრინავის სხვაგვარად დაშვება შეიძლებოდა და პილოტმა გაუმართლებლად ჩააგდო მგზავრების სიცოცხლე საფრთხეში. მაგრამ ხანგრძლივმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ დიდი გამოცდილებისა და აუღელვებელი მოქმედების წყალობით ჩესლი სალენბერგერმა, მართალია სარისკო, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

    იხილეთ ფოტოგალე

    .kvirispalitra.ge



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...