Загрузка...
შემზარავი რეალობა საქართველოში: 1000-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ სწავლა მიატოვა და მუშაობა დაიწყო
2017-06-16 12:35:11
loading...
  • საქართველო ბავშვთა სახიფათო შრომის თვალსაზრისით მწვავე პრობლემის წინაშე დგას. როგორც 2016 წლის ბავშვთა შრომის ეროვნულმა კვლევამ გამოავლინა, ბავშვებისთვის დამაზიანებელ შრომით საქმიანობაში ჩვენს ქვეყანაში 24 000 ბავშვია ჩართული. მათი 64% სახიფათო შრომით საქმიანობას ასრულებს. 4700 ბავშვს სახიფათო დანადგარებთან და ინსტრუმენტებთან უწევს შეხება.

    გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მხოლოდ 2016 წელს სკოლა შრომით საქმიანობაში ჩართვის გამო 1 165-მა ბავშვმა მიატოვა.

    სურათი შედარებით რბილად არის დახატული, რადგან ეროვნულ კვლევაში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები არ მოხვდნენ. ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა შრომად არ განიხილება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიერ მოწყალების თხოვნა, წვრილმანი ნივთებით ვაჭრობა და შემოსავლის მიღების მიზნით განხორციელებული სხვა ეკონომიკური აქტივობა, რომლებიც ბავშვებს წყვეტს მათი ასაკისათვის აუცილებელი და შესაბამისი შესაძლებლობებისაგან.

    საგანგაშო ვითარებაა გურიისა და აჭარის რეგიონებში. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, 2015 წელს თურქეთში უკანონო მიგრაციის თემაზე 17-22 წლის 223 მოზარდი გამოიკითხა. მათი 99% არასრულწლოვნობის პერიოდში უკანონო შრომით მიგრაციაში იყო ჩაბმული.

    ჩაის და ციტრუსის პლანტაციებში სამუშაოდ საზღვრის გადაკვეთას ბავშვები ძირითადად 15-17 წლის ასაკიდან იწყებენ, მცირე პროცენტი კი ამ საქმიანობაში ჩართულია 12 წლის ასაკიდან. მათ მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია მშობლის თანხმობა, ან საზღვარზე მშობლის თანხლების გარეშე გადადის.

    საგულისხმოა ფაქტი, რომ ბავშვები, სახიფათო შრომის შესრულების გარდა, სქესობრივი ძალადობის მსხვერპლიც ხდებიან. გამოკითხულთაგან 5-მა აღიარა, რომ მათ მიმართ სქესობრივი ძალადობა განხორციელდა.

    "რეზონანსთან" საუბრისას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ეკა სხილაძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია. მისი მოსაზრებით, ბავშვების სახიფათო შრომითი საქმიანობის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ოჯახური ძალადობა იყოს.

    "ბავშვები ჩართული არიან ისეთი ტიპის შრომაში, რაც მათ ინტერესებს აზიანებს. კერძოდ, საფრთხის შემცველია როგორც მათი ჯანმრთელობისთვის, ასევე ხელს უშლის მათ განათლების მიღებაში.

    "საილუსტრაციოდ ნათელი მაგალითი სკოლის მიტოვების მაჩვენებელია. 2016 წელს 1000-ზე მეტმა ბავშვმა დასაქმების გამო განათლების მიღება შეწყვიტა. აქედან 241 ბავშვს საბაზო-სავალდებულო განათლება დასრულებული არ ჰქონდა. მოგეხსენებათ, რომ 9 კლასამდე სავალდებულოა განათლების მიღება. 924 შემთხვევაში კი საბაზო განათლების შემდეგ სკოლის მიტოვების ფაქტი გამოვლინდა.

    "მთავარი პრობლემა, რაც ჩვენ მიერ იქნა იდენტიფიცირებული, არის ის, რომ ხშირია საკურორტო ადგილებში ზაფხულის სეზონზე ბავშვთა დასაქმების შემთხვევები. ძირითად მიზეზად მაინც სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობდა სახელდება, თუმცა, შესაძლოა, ეს იყოს ბავშვის უგულებელყოფის ფაქტები, რაც ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.

    "ეს საგანგაშოა. როდესაც სკოლის მიტოვების მაჩვენებელი ასეთია, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია. ძალიან მნიშვნელოვანია, ისიც გავითვალისწინოთ, რა დატვირთვის სამუშაოს შესრულება უწევს ბავშვს, რამდენად შეესაბამება ასაკსა და შესაძლებლობას და აზიანებს თუ არა მის ინტერესებს.

    "შემიძლია გითხარათ, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი შემთხვევების უმრავლესობა სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს აზიანებს.

    "ჩვენ ვსაუბრობთ არა იმ შრომაზე, რომელიც კანონმდებლობით დასაშვებია, არამედ შრომის ისეთ სახეობაზე, რაც ბავშვის ინტერესებს ეწინააღმდეგება და მის განვითარებას საფრთხეს უქმნის. ამიტომ, უპირველესად, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შრომის პირობების ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმი არსებობდეს; შრომის ინსპექცია, რომელიც ამგვარი ფაქტების გამოვლენაზე და შესაბამის რეაგირებაზე იქნება მიმართული.

    "მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოცმუშაკებს, რომლებმაც უნდა შეისწავლონ ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევა. როგორც გითხარით, ბავშვის დასაქმების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ოჯახში ძალადობა გახდეს, კერძოდ კი მისი ინტერესების უგულებელყოფა.

    "ასევე მნიშვნელოვანია შსს-ს როლი, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვის მიმართ ძალადობის ისეთი ფორმის იდენტიფიცირებაზე, როგორიცაა შრომის ექსპლუატაცია, ტრეფიკინგი და ა.შ." - გვითხრა ეკა სხილაძემ.

    resonancedaily.com



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...