--
"ისე დაასახიჩრა ულამაზესი ბავშვი, საწყალი დედა მოკლულ შვილს ვერ ეფერებოდა" - სასტიკი დანაშაულის დეტალები
2017-05-11 19:23:03

  • "მკვლელმა მითხრას, რა დავუშავეთ ისეთი, რომ ასე გაგვამწარა? ოჯახის წევრივით გვყავდა, ჩვენთან იყო სულ, საჭმელს ვაჭმევდით. გვეცოდებოდა, მარტოხელა რომ იყო. ცოლს გასცილდა, შვილიც გააგდო... დღეში 15-ჯერ რომ მოსულიყო ჩვენთან, მანანა ან საჭმელს, ან ყავას სთავაზობდა. ნათელმირონობაც გვაკავშირებდა მის ოჯახთან."

    2014 წლის გაზაფხულზე შოკისმომგვრელი დანაშაული მოხდა მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში. 17 წლის მანანა ნადიბაიძე მეზობელმა საშინელი წამებით მოკლა. გთავაზობთ დანაშაულის დეტალებზე მომზადებულ სტატიას ჟურნალ "გზის" არქივიდან:

    დაკრძალვის მეორე დღეს მარნეულიდან სოფელ თამარისში სოფლის ავტობუსით ჩავედი. ავტობუსის მგზავრები მანანას საშინელ მკვლელობაზე თვალცრემლიანი ლაპარაკობდნენ. "ცოცხლად უნდა დაწვა ის გარეწარი მკვლელი, როგორ არ მოგვცა პოლიციამ მისი ჩაქოლვის უფლება, როგორ უნდა იცოცხლოს? წამებით მოკლა ბავშვი და გაგვანადგურა მთელი სოფელი", - ამბობდა ქალბატონი. მას სხვებიც დაეთანხმნენ. "ანგელოზივით გოგო მოკლა იმ არაადამიანმა. ალბათ ციხეში არ გაახარებენ, წამებაში უნდა ამოხდეს სული. ისე დაასახიჩრა ულამაზესი ბავშვი, საწყალი დედა მოკლულ შვილს ვერ ეფერებოდა. დავიწვი მისი საცოდაობით, ვინ იფიქრებდა, რომ მურადა ამის ჩამდენი იყო?" აღნიშნა მეორემ.
    ალხის რეაქცია ბუნებრივი იყო. ამაზრზენ დანაშაულში მხილებული მათივე თანასოფლელი 51 წლის მურად წიკლაური იყო.

    17 წლის მანანა ნადიბაიძე იმ საბედისწერო დღეს შინ მარტო იყო. ამით ისარგებლა მოძალადემ და გოგონა ჯერ სააბაზანოში შეათრია, სადაც, სავარაუდოდ, მისი გაუპატიურება სცადა. მოძალადეს გოგონა წინააღმდეგობას რომ უწევდა, ამას მკვლელის სახესა და სხეულზე არსებული დაზიანებები ადასტურებდა. ალბათ მაქსიმალურად უძალიანდებოდა მხეცად ქცეულ მამაკაცს. მან გოგონა არ დაინდო... თავისსავე თვალწინ გაზრდილ გოგონას თავში ურო ჩაარტყა, ბოლოს დანით ყელი გამოსჭრა. ამით არ დასრულებულა ჩადენილი სისასტიკე. მკვლელმა ცხედარი ხელის ურიკაზე დადო, ზემოდან თივა დააყარა, ვინმეს რომ არ დაენახა და ასე გაიტანა ნადიბაიძეების სახლიდან. ამის შემდეგ საკუთარი სახლის უკან პატარა ორმო ამოთხარა, ეზოში ცეცხლი დაანთო, გოგონას გვამი დაწვა, შემდეგ კი დარჩენილი სხეულის ნაწილები ორმოში ჩამარხა. ბოროტმოქმედს შემთხვევის ადგილზე არც კვალის წაშლა დავიწყებია - სააბაზანოში სისხლი მორეცხა, მაგრამ ეტყობა, სიჩქარეში ყველაფერი ვერ გათვალა. მკვლელს ყველაფერი გასუფთავებული ეგონა და ვერც წარმოიდგენდა, მისი დანაშაული ასე ოპერატიულად თუ გამჟღავნდებოდა.

    ადგილი, სადაც მკვლელმა გოგონას ნეშტი დაწვა

    fb


    ამ სულისშემძვრელი დანაშაულის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებული მურად წიკლაური მაღაზიაში მივიდა პურის, ძეხვისა და სიგარეტის საყიდლად. დამალვა და სოფლიდან გაქცევა არ უცდია, უფრო მეტიც - მეზობლის სახლში გადავიდა და გოგონას მიერ მიყენებული დაზიანებების დაფარვა "ზელიონკით" სცადა. მანანას ძებნა მშობლებმა სახლში დაბრუნებისთანავე, დღის 4-ის ნახევარზე დაიწყეს. დედამ მისაღებ ოთახში ტელევიზორთან წერილი იპოვა, თითქოს მანანა სწერდა: "დედა, მე ჩემს მეგობარ ბიჭს ცოლად მივყვები". დედა მაშინვე მიხვდა, რომ ეს მისი შვილის ხელწერას არ ჰგავდა. იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ მის ქალიშვილის შეყვარებული არ ჰყავდა, მაგრამ ურჩიეს, გაჩუმებულიყო და ხმაურის გარეშე გაერკვია, მართლა ხომ არ გათხოვდა.

    ყოველგვარ ზღვარს გასცდა დამნაშავის ქმედება: ის ნადიბაიძეების ოჯახში მივიდა. გოგონას მშობლებს არწმუნებდა, რომ მათი ქალიშვილი ალბათ გათხოვდა და არ ეხმაურათ. დედამ ხმაური მაშინვე ატეხა, როცა სააბაზანოს კედლებსა და სარეცხ მანქანაზე სისხლის შხეფები ნახა. პოლიციაც გამოიძახა. წიკლაურს არც მაშინ უცდია დამალვა. მანანა ნადიბაიძის მამას ვითომ გულშემატკივრობდა და პოლიციაში დასაკითხად ისიც გაჰყვა. რამდენიმე საათი მოკლულის მამასთან ერთად განყოფილებაში იჯდა და თურმე გოგონას გაუჩინარების ვერსიებს თხზავდა.

    ძალოვანებმა შემთხვევის ადგილას კინოლოგები გამოიძახეს და დანაშაული ოპერატიულად გახსნეს. ძაღლმა კვალი აიღო და პირდაპირ წიკლაურის სახლში იმ ადგილას მივიდა, სადაც გოგონას ცხედარი იყო დამარხული.

    როცა დანაშაული გაიხსნა, მკვლელი მანანას მამასთან ერთად ისევ პოლიციაში იყო. იქვე დააკავეს და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს. დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. მისი სახლის სხვენიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ის სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც დამნაშავეს მკვლელობის დროს ეცვა. წიკლაურის საპირფარეშოში კი იპოვეს მკვლელობის იარაღიც - დანა, რომელიც მოკლულის ოჯახში ჰქონდა აღებული. 
    მკვლელობაში ეჭვმიტანილის ლინჩის წესით გასამართლებას ისევ ითხოვდნენ თანასოფლელები. მათ მარნეულის პოლიციის წინ აქციაც გამართეს. 
    მანანას დედას, მთვარისა წიკლაურს შვილზე წარსულ დროში საუბარი ძალიან გაუჭირდა:

    - მკვლელმა მითხრას, რა დავუშავეთ ისეთი, რომ ასე გაგვამწარა? ოჯახის წევრივით გვყავდა, ჩვენთან იყო სულ, საჭმელს ვაჭმევდით. გვეცოდებოდა, მარტოხელა რომ იყო. ცოლს გასცილდა, შვილიც გააგდო... დღეში 15-ჯერ რომ მოსულიყო ჩვენთან, მანანა ან საჭმელს, ან ყავას სთავაზობდა. ნათელმირონობაც გვაკავშირებდა მის ოჯახთან. ტანსაცმელსაც ჩვენ ვურეცხავდით და ჩემი მამამთილის აბაზანაში ბანაობდა. ამას ვინ იფიქრებდა?! თქვენ არ იცით, როგორი შვილი მომიკლა. XI კლასში სწავლობდა მანჩო. მოწინავე მოსწავლე იყო. კონკურსებში იმარჯვებდა სულ, უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადებოდა. ყველას უყვარდა. მამამისს სულ ეუბნებოდა, - ნუ გეშინია, უფასოზე ჩავაბარებ და შენ არ მოგიწევს სწავლის საფასურის გადახდაო. მხოლოდ ინგლისურის მასწავლებელთან დადიოდა, დანარჩენ საგნებს თვითონ ამზადებდა. საბანკო საქმე იტაცებდა.

    - ქალბატონო მთვარისა, იმ დღეს მანანა სკოლაში არ წასულა?
    - მთელი ოჯახი კარტოფილის დასათესად დილის 11 საათზე წავედით. მანჩო არ წასულა სკოლაში, მითხრა, - დედიკო, საჭმელს მე დაგახვედრებთ, აქაურობასაც მივალაგებო. რა უნდა მეფიქრა? 17 წლის შვილი საკუთარ სახლში მარტო არ უნდა დამეტოვებინა? 4-ის ნახევარზე მოვედით სახლში. მანჩო არ დამხვდა. სახლში ყველაფერი გასაკეთებელი იყო. მაგიდაზე მხოლოდ გაცრილი პურის ფქვილი იდო. ბავშვმა ფქვილი გაცრა და ლობიანის ცხობას აპირებდა. ყველაფრის გაკეთება იცოდა. ტელევიზორის მაგიდასთან დამხვდა წერილი. რომ წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, მანანას დაწერილი არ იყო. ჩემი შვილი ძალიან ლამაზად წერდა. არც არაფერს მიმალავდა, დაქალებივით ვიყავით და მეცოდინებოდა, შეყვარებული რომ ჰყოლოდა. უცებ გავიფიქრე, - ეტყობა, გამეხუმრა და დაქალებთან წავიდა-მეთქი. ერთ-ერთი მისი მეგობარი, მკვლელის ძმისშვილია. მამამისი სულ ამბობდა, - მანჩო შვილივით მიყვარსო. მანჩოს ტელეფონზე დავრეკე, სახლში იყო. ფანჯრის რაფაზე იცოდა ჩამოდება და იქ დამხვდა. მაინც იმედი მქონდა, რომ მეგობრებთან იყო და სააბაზანოში შევედი. იქ სარეცხ მანქანაში სარეცხი მქონდა შეყრილი და ვიფიქრე, - უცებ სარეცხს გავფენ-მეთქი. კარი რომ შევაღე, გავგიჟდი, დალეწილი სკამი ძირს ეგდო, მანქანასა და კედლებზე ყველგან სისხლის წვეთები იყო მისხმული. ბავშვის ჩუსტები, რომელიც უნდა სცმოდა, აქეთ-იქით ეყარა. 

    kvirispalitra.ge



  • loading...
    Загрузка...