--
"სასიკვდილოდ დაჭრილი გვანცა სისხლში ცურავდა" - რა გახდა 23 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობის მოტივი?!
2017-05-11 19:10:48

  • "ლამაზი და საყვარელი გოგო იყო გვანცა, დაუჯერებელია, რომ ეს სიცოცხლით სავსე გოგო აღარ არის ცოცხალი. არ ვიცი, ასე საშინლად როგორ გაიმეტა. უყვარდაო - ამბობენ, ეს როგორი სიყვარულია?!"

    ორი დღის წინ, რუსთავში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეძრა ქვეყანა. სასტიკად მოკლული 23 წლის გვანცა კილაძე მეგობარმა გოგონამ, მეგობრობის გამზირზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში იპოვა. ქალიშვილს დანით ყელისა და გულმკერდის არეში 14 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, ბინა, სადაც გვანცა კილაძის ცხედარი იპოვეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ახალგაზრდამ დაახლოებით 2 თვის წინ იქირავა, ამიტომაც მეზობლები აცხადებენ, რომ ისინი გიორგი მჭედლიშვილს, რომელიც ბრალდებულად მიიჩნევა, არ იცნობენ. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით სამ კილომეტრში უგონო მდგომარეობაში იპოვა. არაოფიციალური ვერსიით, მან მკვლელობის შემდეგ დანით გულმკერდისა და კისრის არეში თვითდაზიანებები მიიყენე. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო და დღემდე რუსთავის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. მჭედლიშვილიც 23 წლისაა, თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გოგონას კლასელი იყო, თუმცა სკოლაში, სადაც გვანცა კილაძე სწავლობდა, ამას არ ადასტურებენ. 
    გარდაცვლილის მეზობლების ცნობით, გვანცა რუსთავში დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა, მამა კი რუსეთში იყო სამუშაოდ წასული. გოგონამ რუსთავის მე-20 რუსული სკოლა დაამთავრა და სტუდენტი იყო.
    იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც გვანცა ცხოვრობდა, ყვებიან, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილ გიორგი მჭედლიშვილს გარდაცვლილი გვანცა კილაძე უყვარდა. 

    დ.მ. გარდაცვლილი გოგონას მეზობელი:

    - რა მოხდა, ზუსტად ნამდვილად არ ვიცი. ლამაზი და საყვარელი გოგო იყო გვანცა, დაუჯერებელია, რომ ეს სიცოცხლით სავსე გოგო აღარ არის ცოცხალი. არ ვიცი, ასე საშინლად როგორ გაიმეტა. უყვარდაო - ამბობენ, ეს როგორი სიყვარულია?! ამბობენ, რომ იმ საბედისწერო დღეს, ბიჭს, მის ბინაში გვანცას მიყვანა, გოგონას დაქალისთვის უთხოვია, უთქვამას, რომ ნაჩხუბრები იყვნენ და უნდოდა შერიგებოდა. დაქალს მისი თხოვნა შეუსრულებია, როცა დათქმულ ადგილას მივიდნენ, როგორც ჩანს, გვანცას მეგობარმა წყვილი სალაპარაკოდ მარტო დაუტოვა, თვითონ კი მაღაზიაში ჩავიდა. გოგონა მალევე აბრუნდა ბინაში, სადაც საშინელი სურათი დახვდა - სასიკვდილოდ დაჭრილი გვანცა სისხლში ცურავდა. ამის შემხედვარე ისტერიკაში ჩავარადა თურმე, მის კივილზე მთელი კორპუსი გარეთ გამოსულა, გარდაცვლილის მეგობარი გოგონა ისეთ შოკში იყო, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
    საშინელება ტრიალებს გვანცას ოჯახში, დედამისი ტირის და მოსთქვამს - "გასეირნება მთხოვე და გაგიშვიო!"- რას იფიქრებდა საწყალი ქალი, რომ შვილს მეტად ვეღარ იხილავდა. 

    - ამბობენ, რომ გოგონა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს...
    - როგორც ამბობენ, გვანცას ის ბიჭი არ უყვარდა, შესაბამისად, ურთიერთობაც არ ჰქონდა, გოგოსგან უარყოფილი ბიჭი ალბათ ეჭვიანობდა კიდეც. ჩვენი კორპუსის უკან რუსული სკოლაა, გვანცამ ეს სკოლა დაამთავრა, იმ ბიჭისას ვერაფერს გეტყვით. ამბობენ რუსთაველიაო, თუ რუსთაველია, ბინა რისთვის იქირავა, ეს ვეღარ გავიგე. გვანცას ცხედრის პოვნიდან ცოტა ხანში, ბიჭი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სასტუმროსთან ახლოს, ყელგამოჭრილი და დასერილი იპოვეს. 

    ჩვენ დავუკავშირდით გვანცას ბიძას ვასიკო ხელაშვილსაც:

    - რა უნდა ვთქვა?! საშინელ დღეში ვართ, ჯერ ისეთი ვითარება, ჩვენ თვითონაც ვერ გაგვირკვევია რა მოხდა, ველოდებით გამოძიებას. რეალურად რა მოხდა, არავინ იცის, მხოლოდ ჭორები ვრცელდება. მალე უკეთესად იქნება გვანცას მეგობარი გოგო და იმედია, მოყვება რა მოხდა. მხოლოდ ჭორის დონეზე რაღაც სისულელეების არც დაჯერებას და არც ლაპარაკს არ ვაპირებ. ჩვენც საინფორმაციო გამოშვებებიდან ვიგებთ სიახლეებს და ყველას მინდა ვთხოვო, რომ გამოძიებას ხელი არ შეუშალონ, რადგან არავინ იცის სინამდვილეში რა მოხდა


    მზეკო ჟვანია (სპეციალურად საიტისთვის)

    "კვირის პალიტრა" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განგვიმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინრეობს, რაც განზრახ მკვლელობს გულისხმობს.



  • loading...
    Загрузка...