ანონიმური წყარო სკანდალურ საქმეში – პროკურატურა: “ამ საკითზე კომენტარს არ ვაკეთებთ”
2017-05-08 12:48:42

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ციანიდის გახმაურებული საქმის განხილვა დაიწყო უშუალოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის ეპიზოდთან მიმართებაში. საქმის სხვა სავარაუდო ფიგურანტებისა და პოტენციურ მსხვერპლთა დადგენის მიზნით კი გამოძიება ცალკე წარმოებად გრძელდება.
    პროკურატურამ სწორედ ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის ფარგლებში უნდა გასცეს პასუხი მთავარ კითხვას – სად და ვისთან მიდის ციანიდის კვალი?
    სანამ ეს კითხვა ოფიციალური უწყებების მხრიდან უპასუხოდ რჩება, ბუნებრივია, საზოგადოებასაც და ჟურნალისტებსაც უჩნდებათ სხვადასხვა ვერსიები და ეჭვები. ამჯერად შევეცდებით, რამდენიმე საეჭვო გარემოების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ შემთხვევაში კი თარიღებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს.
    მოკლედ, ცნობილია, რომ ციანიდის საქმის ირგვლივ პროკურატურამ გამოძიება ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის მიმართვის საფუძველზე 2 თებერვალს დაიწყო. ჟურნალისტი საკუთარ განცხადებაში უთითებდა, რომ იგეგმება მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ლიკვიდაცია. 10 თებერვალს პროკურატურამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააპატიმრა დეკანოზი გიორგი მამალაძე, ინფორმაცია კი 13 თებერვალს საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა. მთავარი პროკურორის განცხადებით, დაკავების მომენტში სასულიერო პირს ბარგში ციანიდი აღმოაჩნდა, რითაც ის გერმანიაში გამგზავრებას გეგმავდა. იმ პერიოდში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სასულიერო პირებთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ეჭვი, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, სწორედ პატრიარქის ლიკვიდაციას გეგმავდა, თუმცა პროკურატურამ მალევე დააზუსტა, რომ გიორგი მამალაძეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით აქვს წარდგენილი. სულ რამდენიმე დღის წინ კი საპატრიარქოს ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ არ გამორიცხა, რომ თეთრუაშვილთან ერთად, ასევე, გერმანიაში მყოფი ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობისა და მამა დავით ჭინჭარაულის მკვლელობაც იგეგმებოდა.
    იმას, რომ შესაძლო მსხვერპლთა შორის მეუფე იაკობიც მოიაზრებოდა, ერთი საინტერესო ფაქტიც მოწმობს, რომელიც ციანიდის საქმემდე 2-3 კვირით ადრე განვითარდა…
    15 იანვარს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, რომელსაც მეუფე იაკობთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებს, სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხედრო მოსამსახურე, ვინმე ზაზა ქვარაია ბოდბელი ეპისკოპოსის ლიკვიდაციას გეგმავს. გამზარდია ირწმუნება, რომ ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
    „საგანგაშო ინფორმაცია მომეწოდა. წყარომ ჩემთან მიმართებაშიც კი ანონიმურობა არჩია, თუმცა, მთავარი წყარო კი არა, ამბავია. წყაროსთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, ბოდბის დედათა მონასტერში ჩასული იყო თავდაცვის სამინისტროს (გენერალური შტაბის) მაღალი რანგის მოქმედი ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ქვარაია, სადაც ერთ-ერთ პირთან საუბრისას აღუნიშნავს, თითქოსდა აპირებდა ბოდბელ ეპისკოპოსზე, პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობზე შეიარაღებულ თავდასხმას მისი ლიკვიდაციის მიზნით. წყაროს მიერ მითითებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ზაზა ქვარაიას გადმოცემით, მას აიძულებდნენ აღნიშნული ქმედების ჩადენას (პატრიარქის ქორეპისკოპოსის ლიკვიდაციას), ხოლო შემდგომ, სავარაუდოდ, გამოაცხადებდნენ შეურაცხადად. წყარო აცხადებს, რომ ეპისკოპოსის დაგეგმილი მკვლელობა გურამ შარაძის გახმაურებული მკვლელობის მიახლოებით ანალოგს ჰგავს, სადაც დამნაშავედ ცნობილი იქნა გიორგი ბარათელი, რომელზეც, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, აქვს მენტალობის პრობლემა. ჩემთვის ნამდვილად უცნობია თითოეული პირი, რომელიც წყაროს ინფორმაციაშია მითითებული, პირადად ისიც კი არ ვიცი, არსებობენ თუ არა, რამდენადაც შეხება არასდროს მქონია; შესაბამის უწყებებს ვთხოვ, შეისწავლონ ინფორმაცია, დაადასტურონ ან უარყონ და მიმართონ მოკვლევისთვის პატრიარქის ქორეპისკოპოსს. ასევე, როგორც მოქალაქე, ვითხოვ, დაცული იყოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის უსაფრთხოება, რამდენადაც არსებობს ინფორმაცია მისი შესაძლო ლიკვიდაციის გეგმის შესახებ“, – ასეთი ინფორმაცია გაავრცელა არჩილ გამზარდიამ 15 იანვარს.
    ინფორმაციას მეუფე იაკობის „ფეისბუკგვერდის“ ადმინისტრაცია მყისიერად გამოეხმაურა:
    „ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ დავუკავშირდით მეუფე იაკობს, რომელმაც დაადასტურა, რომ ზაზა ქვარაია 7 იანვარს ნამდვილად იმყოფებოდა ბოდბის მონასტერში. მეუფეს 9 იანვარს დილით დაუკავშირდა ძველი თბილისის პოლიციის ძებნის განყოფილების უფროსი კახა გალდავა. როგორც გალდავამ აღნიშნა, ბოდბეში გამოჩენამდე ამ პიროვნების ადგილსამყოფელი უცნობი იყო და მასზე ოფიციალურად გამოცხადებულია ძებნა. ადგილზე, ეპარქიის სხვადასხვა მონასტრებში ძებნას ახორციელებდა შსს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია. მეუფემ განაცხადა, რომ მისთვის ძებნის შედეგები უცნობია“, – აღნიშნულია გვერდის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
    მოგვიანებით გაირკვა, რომ ზაზა ქვარაია, რომელიც სამსახურში რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, 16 იანვარს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ხობის რაიონში იპოვეს.
    ვინ არის ზაზა ქვარაია და რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა მეუფე იაკობის ლიკვიდაციასთან, ან ციანიდის საქმესთან.
    მას თანამდებობის პირის დეკლარაცია ორჯერ აქვს შევსებული. ერთხელ 2012 წელს – გაერთიანებული შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და მეორედ 2016 წელს – J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, თუმცა თავდაცვის უწყებაში სამსახური მან გაცილებით ადრე დაიწყო. ზაზა ქვარაიას საბრძოლო გამოცდილება მიღებული აქვს კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. იგი გახლავთ გადამდგარი გენერლის – ვალერი ქვარაიას შვილი, ასევე, კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის – ლერი ქვარაიას ძმა.
    2007 წელს რადიო „თავისუფლებამ“ სიუჟეტი მოამზადა საერთაშორისო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შესახებ. სიუჟეტში კომენტარს აკეთებს ზაზა ქვარაიაც, როგორც მისიის კოორდინატორი. ცნობილია, რომ პირველი ქართული დანაყოფი ერაყში 2003 წელს გაემგზავრა.
    ზაზა ქვარაია ერაყის ქალაქ ალ კუდში ქართველი მშვიდობისდამცველების პირველ ჯგუფთან ერთად ყველაზე ადრე, ივლისის ბოლოს, ჩავიდა. პირველი მისიის შემადგენლობაში გახლდათ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილიც, რომელიც, როგორც ირკვევა, საკმაოდ კარგად იცნობს ზაზა ქვარაიას.
    ის, რომ ოხანაშვილიც ერაყაში სამშვიდობო მისიით გაგზავნილ პირველ ქართულ დანაყოფში იმყოფებოდა, ადასტურებს 2017 წლის იანვარში სოსო ოხანაშვილის მიერ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემული ინტერვიუც.
    „შეიარაღებულ ძალებში 1997 წლიდან ვმსახურობდი… 2003 წლის აგვისტოში ერაყში წავედი. ჩვენმა ნაწილმა – პირველმა სამხედრო ქვედანაყოფმა (სულ 34 წევრი – 7 სპეცდანიშნულების ოფიცერი და 27 ჯარისკაცი) საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მიიღო მონაწილეობა… მეთაური იყო გელა ჭედია (დაიღუპა 2008 წლის აგვისტოს ომში). ერაყში წასვლის წინ პატრიარქმა მითხრა, – აბა, შენ იცი, მშვიდობით მოიარე, ოღონდ შეეცადე, კაცი არ მოკლა და თუ ვინმეს ტყვედ ჩაიგდებთ, სიცოცხლე შეუნარჩუნეთო. პატრიარქის ეს სიტყვები სულ მახსოვდა. ერაყში მყოფი სხვა ქვეყნების ჯარისკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად ითხოვდნენ ტყვეების დასჯას, – პასუხს ვერავინ გვაგებინებსო, ჩვენ ვცდილობდით, ისინი ცოცხლები დაგვეტოვებინა. ერაყში 8 თვე დავყავით, საბედნიეროდ, უდანაკარგოდ დავბრუნდით, ოღონდ დაჭრილები კი გვყავდა. ქვეყანაში უკვე ახალი, „ვარდების“ ხელისუფლება დაგვხვდა… დაახლოებით ერთი თვის შემდეგ პატრიარქმა დამიბარა. როგორც კი დამინახა, მკითხა, – ადამიანი ხომ არ მოგიკლავსო. ღვთის ნებით, ასეთ სიტუაციაში არ ვყოფილვარ-მეთქი, – დავამშვიდე. მერე გამომკითხა, რა გეგმები გაქვსო. ვუთხარი, რომ უწინდებურად გავაგრძელებდი შეიარაღებულ ძალებში სამსახურს. მოულოდნელად მკითხა, – არ გინდა, ჩემთან იყოო? სადაც წავალ, თან რომ მახლდე და ზოგადად, ეს სამსახური ააწყოო. თავიდან არც დავიჯერე – ვყოფილიყავი პატრიარქის პირადი მცველი. ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო“, – ყვება სოსო ოხანაშვილი.
    რა კავშირი აქვს პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსთან ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა ქვარაიას, რომელსაც, არჩილ გამზარდაიას წყაროს ინფორმაციით, ციანიდის საქმემდე ცოტა ხნით ადრე, ქორეპისკოპოს იაკობის მკვლელობას აიძულებდნენ? ამის გარკვევა ჩვენ პირადად ზაზა ქვარაიასთან გვსურდა, თუმცა, სამწუხაროდ, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
    სოსო ოხანაშვილმა კი ქვეყანა რამდენიმე დღის წინ დატოვა და როგორც მისი მეუღლე აცხადებს, გერმანიაში სამუშაოდ გაემგზავრა.
    რატომ მისცა პროკურატურამ ციანიდის საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეს ქვეყნიდან წასვლის უფლება? პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სოსო ოხანაშვილს ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა. მისი თქმით, ოხანაშვილს, ამ მხრივ, რაიმე შეზღუდვა დაწესებული არ ჰქონია.
    „ოხანაშვილს საქმეში აქვს მოწმის სტატუსი. მას ჰქონდა უფლება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის. შესაბამისად, მას ამ კუთხით არანაირი შეზღუდვა არ ჰქონია“, – განაცხადა წიკლაურმა.
    ჩვენ პროკურატურას დამატებით კიდევ რამდენიმე კითხვით მივმართეთ, კერძოდ: აქვს თუ არა ციანიდის საქმესთან კავშირი არჩილ გამზარდიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას? რა ეტაპზეა ამ ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიება და ასევე – დადგენილია თუ არა ის პირი, ანუ წყარო, ვინც გამზარდიას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა? ამ კითხვებზე პროკურატურისგან მოკლე პასუხი მივიღეთ – მთავარი საგამოძიებო ორგანო ამ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს.
    არადა სწორედ გამზარდიას წყაროს იდენტიფიცირება ბევრ საინტერესო კითხვას გასცემდა პასუხს, მათ შორის ციანიდის საქმეში. თუკი ზაზა ქვარაიას მართლაც აიძულებდა ვინმე ქორეპისკოპოს იაკობის მკვლელობას, ადვილი შესაძლებელი იქნებოდა, ზემოხსენებულ წყაროს გამოძიება დანაშაულის დამკვეთზე გაეყვანა. და თუ წყარომ გამზარდიას შეგნებულად მცდარი ინფორმაცია მიაწოდა, მაშინ საინტერესოა, რა მიზანი ამოძრავებდა მას? რატომ ცდილობდა წყარო გამზარდიასა და, შესაბამისად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უდანაშაულო სამხედრო მოსამსახურეს მაღალი იერარქის სასულიერო პირის ლიკვიდაციაში სდებდა ბრალს?
    სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პროკურატურისგან პასუხი ვერ მივიღეთ. შესაძლოა, ეს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეობდეს. თავდაცვის სამინისტროში კი განგვიმარტეს, რომ ამ ეტაპზე ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ქვარაია კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი. ის სამსახურიდან რამდენიმედღიანი გაუჩინარების შესახებ სამხედრო პოლიციამაც დაკითხა. ჩვენი ინფორმაციით, ქვარაიამ სამსახურის გაცდენის მიზეზად განმარტა, რომ მას ბოდბის მონასტერში მოსალოცად დარჩენა სურდა და ამ მიზნით ცდილობდა ქორეპისკოპოს იაკობთან დაკავშირებას, თუმცა საბოლოოდ მონასტერში დარჩენაზე უარი მიიღო.

    primetime.ge



  • loading...