--
ვინ არის პლეხანოვზე მოკლული 26 წლის გიორგი შარაშენიძე? – მკვლელობის ფიგურანტები და კავშირები ბოლო წლებში გახმაურებულ საქმეებთან
2017-05-08 12:33:38

  • გასულ კვირას პლეხანოვზე მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები და მთავარი ფიგურანტების კავშირები ბოლო დროის გახმაურებულ საქმეებთან… „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება 26 წლის გიორგი შარაშენიძის მკვლელობის სავარაუდო მოტივი და ბრალდებულთა ვინაობა, თუმცა მანამდე ჩვენს მკითხველს შევახსენებ ამ საქმის ოფიციალურ მხარეს:
    3 მაისს, თბილისის ცენტრში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. გაირკვა, რომ გარდაცვლილი 26 წლის გიორგი შარაშენიძეა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. აღმოჩნდა, რომ მას 17 ტყვია ჰქონდა ნასროლი.
    მომხდარიდან მეორე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებულის სახით სამი პირი დააკავა, ორი – თბილისში და ერთიც – სარფის საზღვარზე, საიდანაც ის თურქეთში გაქცევას ცდილობდა.

    „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1991 წელს დაბადებული ო.თ. – განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1994 წელს დაბადებული ბ.ჩ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს… პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 13 მასრა და 5 ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – განმარტეს შსს-ში.

    მოკლედ, საქმე გახსნილად გამოცხადდა და სამართალდამცავებმა გვაუწყეს, რომ მომხდარი წარსულ კონფლიქტს უკავშირდება. მართალია, საგამოძიებო ორგანო არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა კონფლიქტზე იყო საუბარი, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა რამდენიმე საინტერესო დეტალი, მათ შორის ამ საქმის მთავარი ფიგურანტებისა და გარდაცვლილის კავშირების შესახებ.

    ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელები პლეხანოველი ძმების – გიორგი და სოსო ჯოხაძეების გარემოცვას წარმოადგენდნენ. სოსო ჯოხაძე გასული წლის სექტემბერში, ვაკეში ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე ჩაცხრილეს. ბრალდებულის სახით სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს ბადრი ნათობაძე, მეტსახელად „ბადუკა“, რომლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამადაც გრძელდება.
    ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „ბადუკას“ მეგობარი გახლდათ გასულ კვირას ჯავახიშვილის ქუჩაზე მოკლული გიორგი შარაშენიძე, რის გამოც ვიწრო წრეში გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა, საქმე ეხებოდეს კრიმინალურ ვენდეტას სოსო ჯოხაძის მკვლელობის გამო, თუმცა ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
    გარდაცვლილ გიორგი შარაშენიძეს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ნოდარ დობორჯგინიძესთანაც, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. შარაშენიძე პირადად ესწრებოდა სასამართლოში სადახლოს გახმაურებული საქმის განხილვებს, სადაც ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სწორედ ნოდარ დობორჯგინიძე გახლდათ, თუმცა პროკურატურამ მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები ვერ შეკრიბა, რის გამოც სასამართლომ ნოდარ დობორჯგინიძე დაკავებიდან მალევე გაათავისუფლა.

    სასამართლომ სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საბოლოო განაჩენი 2014 წლის 25 ნოემბერს გამოაცხადა. მოსამართლემ, გიორგი ფირანიშვილისა და მერაბ კალანდაძის მკვლელობაში ბრალდებულებს – შოთა ჭელიძეს, გიორგი ნავერიანს, არჩილ გოგიშვილსა და ზურაბ კუხალაშვილს 17-17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ყველა მათგანი დობორჯგინიძის ახლო გარემოცვას წარმოადგენდა.

    არსებული ინფორმაციით, სადახლოზე მომხდარ სისხლიან ვენდეტას წინ უძღოდა ვაკეში მომხდარი დაპირისპირება. ერთ მხარეს იყვნენ დობორჯგინიძის მეგობრები, მეორე მხარეს კი დილარ მუკბანიანი, სადახლოზე გარდაცვლილი გიორგი ფირანიშვილის მეგობარი. როგორც ჩანს, მუკბანიანმა იცოდა, რომ დაპირისპირებული ჯგუფი შურს იძიებდა. მუკბანიანის მამა მეგობრობდა ბესო კეიდიასთან, რომელსაც რჩევის საკითხავად სწორედ იმ დროს მიაკითხა, როდესაც კეიდია ბიზნესმენ მერაბ კალანდაძესთან ერთად იმყოფებოდა. საუბარში ჩაერთო კალანდაძეც, რომელმაც ურჩიათ, რომ მუკბანიანს რამდენიმე დღით ქვეყანა დაეტოვებინა და დახმარებისთვის საკუთარი ავტომობილიც კი შესთავაზა. დილარის საზღვარზე გადაყვანა იმავე დღეს დაიგეგმა. მერაბ კალანდაძის ავტომობილის საჭესთან მისი მეგობარი ილია ბალიაური დაჯდა, ასევე ავტომობილში იმყოფებოდნენ ბესო კეიდია და დილარ მუკბანიანი. დილარი საზღვრამდე უნდა მიეცილებინა მის მეგობარს, გიორგი ფირანიშვილსაც, რომელიც სადახლოსკენ მუკბანიანის მამასთან ერთად, ცალკე ავტომობილით გაემართა. საქმე ის გახლავთ, რომ თავდამსხმელები დილარ მუკბანიანის მამის ავტომობილს წინასწარ უთვალთვალებდნენ, უკან აედევნნენ და რა დროსაც ავტომობილები სადახლოს გამშვებ პუნქტს მიუახლოვდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.

    თავდამსხმელებმა თავიდანვე მიზანში ამოიღეს დილარ მუკბანიანი, რომელსაც მოულოდნელად 21 წლის გიორგი ფირანიშვილი გადაეფარა. მას ტყვია გულში მოხვდა და იქვე გარდაიცვალა. სროლების დროს მუცელში დაჭრილმა მერაბ კალანდაძემ კი ჩაიმუხლა, რა დროსაც თავდამსხმელებმა მას მანქანა დააჯახეს. კალანდაძეც მალევე გარდაიცვალა. დაჭრილი დილარ მუკბანიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ მას სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია, ვინაიდან გამოჯანმრთელებისთანავე ქვეყანა დატოვა.

    როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, სადახლოს საქმეში ბრალდებულებს ახლო მეგობრობა აკავშირებდათ როგორც ნოდარ დობორჯგინიძესთან, ისე გასულ კვირას გარდაცვლილ გიორგი შარაშენიძესთან. ასევე, ცნობილია მათი კავშირები ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძესთან, რომელიც წარსულში ე.წ. მაზავშიკების საქმეზე იხდიდა სასჯელს.

    ნოდარ დობორჯგინიძის სახელი ფიგურირებს 2015 წლის აგვისტოში სასტუმრო „რედისონთან“ მომხდარ სროლაშიც. შემთხვევის ადგილზე მისულმა ჟურნალისტებმა მაშინ გიორგი შარაშენიძეც დააფიქსირეს, რომელიც მედიას პირად საუბარში დობორჯგინიძის მეგობრად გაეცნო.
    მაშინ გაირკვა, რომ ნოდარ დობორჯგინიძეს თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. სამართალდამცველებმა დობორჯგინიძე შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და განაიარაღეს. ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, თუმცა ამ ეტაპზე დობორჯგინიძე თავისუფლებაზე იმყოფება.

    რაც შეეხება გიორგი შარაშენიძის მკვლელობაში ბრალდებულებს… ჩვენი ინფორმაციით, სამივე დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი, მათ შორის ერთ-ერთი ნიკა მეგრელიშვილი, მეტსახელად „მეგრელა“ საპატიმროდან ცოტა ხნის წინ განთავისუფლდა. მას ომარ თურქიძესთან ერთად ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის წაუყენეს. კიდევ ერთ ბრალდებულს, ბახვა ჩალიგავას კი გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება. ჩალიგავა სამართალდამცავებმა თურქეთში მიმალვის მცდელობის დროს აიყვანეს.
    „პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, დაკავებულებს ურთიერთობა ჰქონდათ კრიმინალურ ავტორიტეტ გიორგი ჯოხაძესთან, რომლის ძმა, სოსო ჯოხაძე, ვაკეში ჩაცხრილეს.
    კონკრეტულად რას უკავშირდება წარსული კონფლიქტი, რასაც სისხლიანი შურისძიება მოჰყვა, უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მაშინდელი კონფლიქტის დროს დაიჭრა გიორგი შარაშენიძე, მაგრამ ინფორმაცია სამართალდამცავებს დაუმალა.

    „ძველი დაპირისპირება რაც ჰქონია, დასრულდა შერიგებით. ეს ამბავი ჩვენთვის წარმოუდგენელია. გიო სახლში ბრუნდებოდა, თავდამსხმელი წინ გადაუდგა. როცა ცეცხლი გაუხსნა, გიომ, ეტყობა, იფიქრა, უკან დავიხევ და გავიქცევიო, მაგრამ მანქანის უკან „მარშრუტკა“ ჩაუყენეს, იმას დაეჯახა და ვეღარ გაიქცა. თავდამსხმელმა ავტომატიდან 17 ტყვია ესროლა და 13 ჰქონდა მოხვედრილი“, – განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა. მისი თქმით, გიორგი შარაშენიძემ ორი კვირის წინ ცოლი მოიყვანა და საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში გადავიდა.

    primetime.ge



  • loading...
    Загрузка...