ძალადობა და გარიყული მსხვერპლი – თანასოფლელებმა დედას საკუთარი ვაჟიც დაუპირისპირეს
2017-05-07 08:15:26

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და ასამდე ხელმოწერა შეაგროვა. მიზეზი ოჯახური კონფლიქტის დროს დაკავებული თანასოფლელია. გიორგიწმინდელები მამაკაცის გათავისუფლებას ითხოვენ.

    ირმა მეუღლესთან მომხდარ ბოლო ინციდენტს იხსენებს. 45 წლის ქალი ყვება, რომ ორი დღის წინ ქმარმა უსაფუძვლოდ იეჭვიანა და სცემა. მისი განცხადების საფუძველზე, მამუკა ბარბაქაძე დააკავეს. ის ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის მუხლით დააკავეს. გამოძიებამ ირმა დაზარალებულად სცნო.
    დაზარალებული ამბობს, რომ ორი დღეა მას და მის შვილებს, მეუღლის ნათესავები ემუქრებიან და საჩივრის გამოტანას სთხოვენ. თანასოფლელებთან ერთად დედას დაუპირისპირდა და მამის გათავისუფლებას ითხოვს ბრალდებულის ერთ-ერთი ვაჟიც.

    მამუკასა და ირმას 25–წლიანი ცოლ–ქმრობა აკავშირებთ. მათ ხუთი შვილი ჰყავთ. ქალი ყვება, რომ მამაკაცი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად შვილებზეც ძალადობდა
    მამუკა ბარბაქაძე წარდგენილ ბრალს აღიარებს. თუმცა ადვოკატის თქმით, ოჯახში კონფლიქტის დროს, თავდაპირველად დაზარალებულმა ქმარზე ფსიქოლოგიურად იძალადა.
    ბრალდებულის გათავისუფლების მოთხოვნით, სოფელ გიორგიწმინდის მოსახლეობამ, საპროტესტო აქცია გამართა და 100–მდე ხელმოწერა შეაგროვა. თანასოფლელები ბარბაქაძის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან.

    საზოგადოების განწყობის უარყოფით გავლენაზე საუბრობენ სამოქალაქო სექტორში. საქმეში „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ იურისტები და ფსიქოლოგები ჩაერთნენ.
    ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ, დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, ახალციხის რაიონულ სასამართლოს, 4 მაისს მიმართა. ადვოკატი კი მამუკა ბარბაქაძისთვის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ამაზე მოსამართლე სავარაუდოდ, ხუთ მაისს იმსჯელებს.

    წყარო: TV9



  • loading...