"იმ კაცმა მეც ორჯერ მცემა: მაშინ დედა 9 თვის ფეხმძიმე იყო..." - რას ჰყვება გოგონა, რომელსაც დედა მოუკლეს
2017-05-06 20:26:05

  • 39 წლის მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი 41 წლის გიორგი ჯანაშვილმა ელექტროსადენის კაბელით გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათ საერთო შვილი ჰყავთ, წლისა და 2 თვის გოგონა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით ჯანაშვილი მალევე დააკავა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ეჭვიანობას ასახელებს.

    მირანდას პირველი მეუღლე წლების წინ ბერად აღიკვეცა, ამიტომ მარტო უწევდა შვილების გაზრდა. მამა დავითი მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში ცოტა ხნის წინ აღესრულა. 2013 წელს ინტერნეტით გაიცნო მირანდამ გიორგი ჯანაშვილი და მას დაუკავშირა ცხოვრება. თუმცა, მალე კონფლიქტები დაიწყო და ახლობლების თქმით, სულ შიშში უწევდა ყოფნა. არაერთხელ სცემა მას ქმარმა, არაერთხელ მიმართა სამართალდამცავებს, მაგრამ უშედეგოდ.


    მირანდა ვაჩეიშვილის ბინაში მისულს, მისი შვილები და ბავშვების ნათლია დამხვდნენ. წლისა და 2 თვის პატარა ყველას უღიმოდა. მას დედა აღარ ემახსოვრება. გაიზრდება და გაიგებს, რომ ის მამამ მოუკლა. მირანდას უფროსი ქალიშვილი 18 წლისაა, სრულწლოვან ნინოს მოუწევს და-ძმაზე ზრუნვა. 16 წლის ნატო და მისი ძმა სკოლაში დადიან.
    ნატო, მოკლულის ქალიშვილი:
    - დედა იმ დილით 12 საათზე გავიდა სახლიდან, ახლობელ ქალბატონებს უნდა შეხვედროდა. 2 საათში უკვე გათიშული იყო მისი ტელეფონი. სახლში ადრე უნდა მოსულიყო, რადგან მეორე დღეს მამაჩემის ორმოცი იყო და მარტყოფში უნდა წავსულიყავით (ძალიან პატარა გახლდით, მამა ბერად რომ აღიკვეცა), მაგრამ ვერც იმ საღამოს და ვერც დილით ვერ დავუკავშირდით. მარტო წავედით მონასტერში. მერე ბაბუამ დაგვირეკა, გიორგის თათია მოუკლავსო. იმ დღეს თუ უნდა შეხვედროდა მას, არ ვიცოდით... 2 დღით ადრე, ბავშვის სანახავად მოვიდა გიორგი. დედამ მას ბავშვი გაუყვანა. მხოლოდ პატარის გამო ხვდებოდა, სხვა ურთიერთობა მასთან აღარ ჰქონდა. გიორგი სარგებლობდა ამით, ბავშვით მანიპულირებდა.


    - როგორი ურთიერთობა იყო მათ შორის?
    - როცა გაგვაცნო, კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. 6-7 თვე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მერე ხან შორდებოდნენ, ხანაც - რიგდებოდნენ. არა მარტო დედა, არამედ ჩვენც საფრთხის ქვეშ ვიყავით. მე ორჯერ მცემა: მაშინ დედა 9 თვის ფეხმძიმე იყო. ნაჩხუბრები იყვნენ და უნდოდა, დედა თავის სახლში წაეყვანა, ქუჩაში სცემა. აივნიდან ვუყურებდით, როგორ მოსდევდა ეზოში. მე და ჩემმა დამ ჩავირბინეთ, ეს ცხადია, არ ესიამოვნა და ზურგში ხელი ისე ძლიერად ჩამარტყა, ვეღარ ამოვისუნთქე, ძლივს მომასულიერეს...  ერთი პერიოდი აქვე ახლოს, ცალკე ჰქონდათ ბინა ნაქირავები და დედას დაბადების დღეზე საშინელი ამბავი ატეხა იქ. იეჭვიანა და მაშინაც სასტიკად სცემა. პატრულს ყველა კონფლიქტის დროს ვიძახებდით, მაგრამ ცოტა ხანში იგივე მეორდებოდა. დედა ცდილობდა, როგორმე მოეცილებინა გიორგი თავიდან, მაგრამ ვერ მოახერხა. ზაფხულში სოფელში ვიყავით. თბილისში დედა და ჩემი პატარა და იყვნენ, მაშინ დავა ბავშვის ნათლობასთან დაკავშირებით ჰქონდათ. თურმე, გიორგი მოუვარდა. კარი რომ არ გაუღო, კარს ბენზინი მიასხა, ცეცხლი წაუკიდა და წავიდა. დედამ პატრული გამოიძახა, ამასობაში დედას დაქალიც მოვიდა და მან ჩააქრო ცეცხლი. სამართალდამცავებს ის არც ამის გამო დაუსჯიათ საკადრისად - საქმე აღძრეს ნივთის დაზიანების გამო. იცი, კარს უკან შენი ცოლ-შვილია და 

     

     

    ცეცხლს უკიდებ, ეს არის მკვლელობის მცდელობა. მაშინ ჯანაშვილის მამინაცვალმა, ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ გვითხრა, ჩვენ ზარალს ავანაზღაურებთო, მაგრამ არაფერი აუნაზღაურებია. სოსო ჯოგლიძე და გიორგის დედა, თამარი ხშირად რეკავდნენ, დედას ეხვეწებოდნენ, რომ მათთან, გლდანში მისულიყო: გიორგი ძალიან ცუდად არის, უშველეო.
    - და ისიც მიდიოდა, არა? რომ არ წასულიყო, რა მოხდებოდა?
    - მაშინ აქ მოვიდოდა და ერთ ამბავს ატეხდა. დედას მეზობლების ერიდებოდა და ცდილობდა, აქამდე არ მოეშვა... ერთხელ დედის საცემრად რომ გამოიწია, ნინომ მოიგერია, ისეთი მთვრალი იყო, რომ წაიქცა, თავი რაღაცას დაარტყა, ცოტა ხანი კომაში ჩავარდა. მერე დაემუქრა: იცოდე, ახლა ვიტყვი, დედაშენმა რომ წამაქცია და მის თავს დავაჭერინებო, მაგრამ მერე მაინც, ნინოს უჩივლა - ეს შარშან, სექტემბერში მოხდა... განაგრძეთ კითხვა



  • loading...