გადადგება თუ არა პრეზიდენტი ვადაზე ადრე
2017-05-02 13:45:02

  • „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, „კონსტიტუციურ კრიზისში" იმყოფება და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადადგომაში ხედავს.     როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ნათელაშვილმა განაცხადა, „ეს ერთადერთი გამოსავალია" იმ ვითარებიდან, როდესაც „ერთ წელიწადში ეწურება პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა, კონსტიტუციის პროექტში კი ჩაწერილია, რომ 2018 წელს ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე, შედის ძალაში ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევა".     ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ თუ პრეზიდენტი ვადაზე ადრე გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს, ამით „ივანიშვილის ვერაგული გეგმა სამუდამოდ იქნება ჩაშლილი".     „ეს ქვეყანა ჩავარდნილია უმძიმეს სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში. ოლიგარქმა, რომელმაც მანამდე არჩევნების საყოველთაო გაყალბებით მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია, ამჯერად გადაწვიტა ჩვენს ხალხს სამუდამოდ წაართვას პრეზიდენტის არჩევის უფლება და იგი ამ გეგმას შეასრულებს, თუ არ გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯები. პირველ რიგში, მოვუწოდებ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს, გამოაცხადოს გადადგომა, რაც გამოიწვევს ორ თვეში ახალ საპრეზიდენტო სახალხო არჩევნებს, ხოლო ივანიშვილის ვერაგული გეგმა სამუდამოდ იქნება ჩაშლილი. ეს იქნება პლებისციტიც და რეფერენდუმიც. იმავდროულად, მე მინდა ვირწმუნო, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს უყვარს საქართველო თავის თავში და არა პრეზიდენტობა საკუთარ პერსონაში.  ვიმეორებ,  ერთადერთი გამოსავალია ეს, რადგანაც ერთ წელიწადში ეწურება პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა. კონსტიტუციის პროექტში ჩაწერილი გახლავთ, რომ 2018 წელს ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე, შედის ძალაში ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევა", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, რომლის თქმითაც, გიორგი მარგველაშვილმა „გადამწყვეტი ნაბიჯის" შემდეგ, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა ისევე, როგორც „სხვა კანდიდატებმა", უნდა მიიღოს.

    guardian.ge

     



  • loading...